ავტორი:

23 წლის ქართველი პიანისტის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

23 წლის ქართველი პიანისტის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

ივლისის ბოლოს, სანკტ-პეტერბურგში პრესტიჟული საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი "თეთრი ღამეები" ჩატარდა (White nights international piano festival), რომელშიც ჩვენი თანამემამულე, კონსერვატორიის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი, 23 წლის სანდრო ჯულაყიძე მონაწილეობდა.

სანდრო თბილისში მესამე პრემიითა და ლაურეატის წოდებით დაბრუნდა. ახალგაზრდა პიანისტი საკუთარ წარმატებასა და სამომავლო გეგმებზე AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

"მასტერ-კლასები, კონკურსი და ფესტივალი - ეს სამი რამ თან მდევდა 14-დღიანი საფესტივალო პროგრამის განმავლობაში. ფესტივალი მოიცავდა კონცერტებს, რომელიც ხშირად ტარდებოდა, მე თვითონ დაახლოებით 8 გამოსვლა მქონდა. ბოლოს კი კონკურსი ჩატარდა, იყო მასტერ-კლასებიც. ფესტივალის ორგანიზატორია ვადიმ მონასტირსკი. სულ 32 მონაწილე ვიყავით ჩასული ფესტივალზე, აქედან კონკურსში მონაწილეობა 28 პიანისტმა მიიღო. იმ ორი კვირის განმავლობაში, რაც კონკურსი მიმდინარეობდა, ძალიან დავმეგობრდით კონკურსანტები. თითოეული მათგანი მართლა საუკეთესო იყო. სადაც ვარ ნამყოფი, ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მაღალი დონის ღონისძიება იყო ჩემი ცხოვრებაში" - გგვიყვება სანდრო.

მისივე თქმით, მონაწილეები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან: ჩინეთიდან, იაპონიიდან, კორეიდან, ისრაელიდან, ამერიკიდან...

"მე ერთადერთი ქართველი მონაწილე ვიყავი ფესტივალზე. კონკურსის შედეგებით გადაწყდა, რომ მომანიჭეს მესამე პრემია და ლაურეატის წოდება, რაც ძალიან სასიხარულო და საპატიო ფაქტია ჩემთვის", - აღნიშნავს პიანისტი.

- რა იცოდნენ კონკურსანტებმა საქართველოს შესახებ?

- უმრავლესობა იცნობდა ჩვენს ქვეყანას. ზოგს ამერიკის შტატ ჯორჯიადან ვეგონე. უკვე გადაწყდა და მიხარია, რომ ამ ფესტივალს გაგრძელება მომავალი წლის თებერვალში თბილისში ექნება. ამასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იმედი მაქვს, ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.

- როგორც ვიცი, ეს თქვენი პირველი წარმატება არაა.

- ბევრ ფესტივალზე ვარ ნამყოფი, მათ შორის 2016 წელს ოქტომბრის მიწურულს ვიყავი ნიცაში, საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსზე, სადაც პირველი პრემია ავიღე.

- ბავშვობიდან აქტიურად ხართ მუსიკალურ ცხოვრებაში ჩართული.

- ჩვენს ოჯახში ბებიის გარდა ყველა მუსიკოსია და მეც ბავშვობიდან აქტიურად ვარ ჩართული ამ საქმიანობაში. ბავშვებს, როგორც წესი არ ეხალისებათ, არ უყვართ მუსიკის მეცადინეობა. ამისათვის საჭიროა ისეთი დედა, როგორიც მე მყავდა, რომელიც მუდმივად მადგა თავზე და მამეცადინებდა - მინდოდა, თუ არ მინდოდა. ბევრი შრომა, მეცადინეობა წარმატების გარანტიაა ამ სფეროში, რაც ძალიან უსიამოვნოა იმ გაგებით, რომ პრაქტიკულად გართმევენ ბავშვობას და იმ დროს, როდესაც ყველა თამაშობს, შენ ზიხარ და მეცადინეობ.

- დღესდღეობით რამდენ ხანს მეცადინეობთ ყოველდღიურად, რათა ფორმა შეინარჩუნოთ?

- ოთხი-ხუთი საათი თუ ვიმეცადინე, ბედნიერი ვარ. ვსწავლობ კონსერვატორიაში მაგისტრატურის მეორე კურსზე.

- რომ არა მუსიკა, რა სფეროში მოსინჯავდით ძალებს?

- ავტოსპორტში, სადაც მოყვარულის დონეზე არც თუ ცოტა ხნის განმავლობაში ვიყავი ჩართული. შეჯიბრში რამდენიმე დონეზე გავედი და მოვიგე კიდეც არაერთხელ, მაგრამ იმდენად უპერსპექტივოა ავტოსპორტი საქართველოში, რომ რამდენადაც არ უნდა მიყვარდეს და რა სენსიტიურადაც არ უნდა აღვიქვამდე, კარიერის მოწყობაზე ამ სფეროში არც ვიფიქრებდი.

- მუსიკის სფეროში რა პერსპექტივებს ხედავთ?

- მუსიკის სფეროში მსყიდველობითი უნარი პროდუქტზე, რომელსაც ჩვენ ვიქმნით, ნულია. იმიტომ, რომ ხალხი არ მიდის კონცერტებზე, ბილეთებს არ ყიდულობს, მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს ძალიან კარგი სკოლა, რომელსაც შეუძლია მოგცეს ის ბაზა, რომელიც გაქმნევინების იმ გაყიდვად პროდუქტს, რომელიც ევროპაში, ან სხვა ქვეყნებში წარმატებით იყიდება.

პრინციპულად მნიშვნელოვანია ტენდენცია, რომელიც არის სწორი კულტურული პოლიტიკისა, რასაც ატარებს კულტულისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ისინი საკმაოდ ბევრ სტუდენტსა, თუ მოსწავლეს აძლევენ საშუალებას საზღვარგარეთ მიიღონ მონაწილეობა კონკურსებში, მასტერკლასებსა და ფესტივალებში.

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო მათ მხარდაჭერისათვის და აღვნიშნო, თამუნა გოჩაშვილი, რომელმაც მოიგო მოსკოვის დიდი თეატრის 3 ტურიანი ვოკალური კონკურსი, ასევე ანნა ჟორდანია რომელიც ვენეციაში ჯაზის მასტერკურსზე იმყოფებოდა და დასკვნით კონცერტზე ვენეციის ბიგ ბენდთან მიიწვიეს და ამღერეს.

- როგორც ამ სფეროში მოღვაწე, საკუთარ თავს როგორ და სად ხედავთ 10 წლის შემდეგ?

- ვარ პატრიოტი ადამიანი და ვფიქრობ, ყველანაირ რესურსს გამოვიყენებ იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას ისეთი გარემო, რომ კლასიკური მუსიკა, ელექტრომუსიკაც, რომელიც საკმაოდ განვითარებულია, ჯაზი, რომელშიც ბევრი მარგალიტები გვყავს, იმდენად დაფასებული და იმ დონეზე ტრენდული გახდეს, რომ დაიწყოს მასიურად ხალხის დაინტერესება ამ მიმდინარეობების მუსიკით და ხალხის ჩართულობა მაქსიმალურად გაიზარდოს. საჭიროა, აღიზარდოს მსმენელი, ინფორმაცია და კარგი ხარისხის მუსიკა არ მოაკლდეთ.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

- მიყვარს მუსიკაში ყოფნა, მუსიკის ირგვლივ ტრიალი და ამას ვაკეთებ თავისუფალ დროსაც. როდესაც მუსიკას ეხება საკითხი, თავისუფალი დრო არ არსებობს. აქ ყველა დრო თავისუფალია და ამავდროულად დაკავებულიცაა.

- რა პროფესიის ადამიანს აირჩევდით ცხოვრების მეგზურად?

- მუსიკოსს აუცილებლად. არამუსიკოსი ადამიანი ალბათ ვერც გამიგებს. ემოციურ დონეზე არამუსიკოს ხალხს გაცილებით ნაკლები სამოქმედო არეალი აქვთ, მე ასე მგონია, და პირადი ურთიერთობა კი პირდაპირ ემოციებთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, აუცილებლად მუსიკასთან მკვეთრი შეხება უნდა ჰქონდეს იმ მანდილოსანს, ვინც ჩემს გვერდით იქნება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება