ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და საპატრიარქოს სიწმინდეების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე მეუფე ვახტანგი ზუგდიდის მრევლს შეხვდნენ. მეუფე ვახტანგის განცხადებით, ის ზუგდიდში სწორედ მრევლისა და სასულიერო პირების მოსასმენად და საკითხის შესასწავლად ჩავიდა. კვართის ხობის მონასტერში ერთი დღით გადატანასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს.
"სინოდის სხდომაზე შემოსული იყო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, გრიგოლის წერილი, რომ ერთი დღით ხობის მონასტერში გადაბრძანებულიყო კვართი, აქედან გამომდინარე, სინოდმა დამავალა, შემესწავლა ეს საკითხი. გადაწყვეტილების მიღებისთვის არ ჩამოვსულვარ, მე უბრალოდ გავიგე მეუფის, მრევლის აზრი, ვაგროვებ ამ მასალებს, გავუკთებ რეზიუმეს და მოვახსენებ მის უწმინდესობას. გადაწყვეტილება იქნება მარიამობამდე მიღებული", - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.
მეუფე გერასიმეს თქმით კი, როდესაც ორი წლის წინ აღნიშნული საკითხი წამოიჭრა, პატრიარქმა მრევლის ინტერესები გაითვალისწინა და მეუფე დარწმუნებულია, რომ ამჯერადაც ასე მოხდება.
ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ კი შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ზუგდიდის მოსახლეობის პოზიცია ცალსახაა - კვართი ზუგდიდიდან არც ერთი დღით არ უნდა გავიდეს და ამის თაობაზე მერია წმინდა სინოდს წერილითაც მიმართავს.
ამჟამად ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლის საცავშია დასვენებული.