2 აგვისტოს, გამთენიისას, ქართული კინოს ვარსკვლავების, ოთარ კობერიძისა და ლია ელიავას ერთადერთი შვილი, ნანა კობერიძე გარდაიცვალა. ის 59 წლის გახლდათ. ნანა კობერიძე პროფესიით მხატვარი იყო, ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული. ერთი შვილი დარჩა, ანკა მანჯგალაძე. მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა უკურნებელი სენით. ახლა კი თავადაც ამ სენს ემსხვერპლა...
ოთარ კობერიძემ ლია ელიავა "ბაში-აჩუკის" გადასაღებ მოედანზე გაიცნო. მაშინ მას ცოლი და ერთი ვაჟი ჰყავდა, ლია ელიავა კი ქმართან იყო გაშორებული. მითქმა-მოთქმის მიუხედავად, ისინი მაინც შეუღლდნენ და 1958 წელს საერთო შვილიც შეეძინათ - ნანა.
"მძიმე გარდატეხის პერიოდი მქონდა. არ მომწონდა ჩემი თავი საშინლად. არადა მართლა მინდოდა, ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ლია იყო... მაგრამ დედა ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა, უსიტყვოდ ესმოდა ჩემი, მიადვილებდა ყველაფერს. არ მჭირდებოდა თქმა, როდის ვიყავი შეყვარებული. ყოველთვის ყველაფერს მატყობდა, მაგრამ ძალიან კორექტული ადამიანი იყო და უხეშად არ ერეოდა ჩემს ცხოვრებაში.
სანამ გავთხოვდებოდი, რამდენიმე წელი ვხვდებოდი ჩემს მეუღლეს. ლია წინააღმდეგი იყო ამ ურთიერთობის იმიტომ, რომ მიტოს ჰყავდა ოჯახი, შვილი... მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, დედა მაინც ინარჩუნებდა საოცარ კორექტულობას.
არაჩვეულებრივი, ძალიან მასშტაბური ადამიანი იყო. სახლში იყო ძალიან ემოციური, ექსცენტრული, ესეც მომწონდა... არ იყო მონოტონური, სულ "ექშენ" ჰქონდა გაუთავებელი... მე ვამაყობ, რომ ვარ ლია ელიავას და ოთარ კობერიძის შვილი, თავიანთი ქვეყნის საოცარი პატრიოტების...", - ასე იგონებდა მშობლებს ნანა კობერიძე სხვადასხვა ინტერვიუში.
რეჟისორი ლევან თუთბერიძე მეგობარს "სარკესთან" ინტერვიუში იხსენებს:
"ნანა მართლაც ოქროს გოგო იყო - წესიერი, ულამაზესი... უზომოდ სუფთა ადამიანი და არასოდეს გაგრძნობინებდა თავის ტკივილს, იმის მიუხედავად, რომ ბევრი პრობლემა ჰქონდა ცხოვრებაში. ნანასგან არასოდეს მახსოვს, ვინმეზე ცუდ რომ ეთქვას, ძალიან კეთილი ადამიანი გახლდათ და მასთან ყოფნა ბედნიერება იყო. ჩვენი პრობლემებისგან გასაქცევად მივდიოდით ხოლმე მასთან... რამდენიმე წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა, მასაც სიმსივნე ჰქონდა. ასე რომ, ბევრი დარდი და პრობლემა ახლდა მის ცხოვრებას და ისე გადაჰქონდა ეს ყველაფერი, ჩვენ ვერ ვგრძნობდით, როგორ უჭირდა და სტკიოდა.
- დიდხანს იავადმყოფა?
- ბოლო 6 თვე. უცებ აღმოაჩნდა ცუდი ავადმყოფობა და... ბოლო წუთამდე ქალური და ლამაზი იყო. სულ ცდილობდა, არ შეგვემჩნია, რომ ავად იყო. ვაჟკაცურად წავიდა, ერთი არ დაწუწუნია. რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს, მკურნალობდა. ბოლო რამდენიმე კვირა ფეხზე არ დამდგარა.
რუსუდან ადვაძე
ნახეთ ვრცლად ჟურნალში "სარკე"