ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი კამპუსის მშენებლობას იწყებენ. საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხსართულიანი, 4 750 კვადრატული მეტრის ნაგებობა ვაკის პარკთან, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, SDSU საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში აშენდება.
კამპუსი, რომლის მშენებლობაც 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება, აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით. მასში განთავსდება SDSU საქართველოს დამატებითი საკლასო ოთახები, სამუშაო სივრცეები და საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები.
მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიალი გახსნეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში, კენ ვოლშმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ. ცერემონიალს ასევე დაესწრნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები და სხვა სტუმრები.
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ შენობაში საინჟინრო მეცნიერებების ცენტრი განლაგდება, რომელიც ალბათ, წამყვანი იქნება მთელ საქართველოსა და რეგიონში. აქ იქნება როგორც ელექტრონული, ისე კომპიუტერული, სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამები და სრულიად ახალი ლაბორატორიები, ახალი ტექნიკა შემოვა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტუდენტებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან გამოადგება საქართველოს ეკონომიკის განვითარებას", - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.
როგორც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში, კენ ვოლშმა განაცხადა, ახალ კამპუსში ამერიკული საბაკალავრო პროგრამების ფარგლებში მომზადდებიან პროფესიონალი ინჟინრები, სამშენებლო და საინჟინრო დარგის სპეციალისტები.
"დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ვიწყებთ კამპუსის შენებას, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით და ლაბორატორიებით. აქ მოვამზადებთ სპეციალისტების ახალ თაობას, რომლებიც დიდ წვლილს შეიტანენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში", - განაცხადა კენ ვოლშმა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოში სთავაზობს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს სამშენებლო ინჟინერიაში, სამოქალაქო ინჟინერიაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟინერიასა და ქიმია/ბიოქიმიაში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი სემეტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-ს კალიფორნიის კამპუსში. პროგრამის პარტნიორები საქართველოში არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.