ერთ თვეში საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა სიახლეები ელით მოსწავლეებს სექტებრიდან სკოლებში - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ, განათლების მინისტრის მოადგილეს, ლია გიგაურს მივმართეთ.
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სკოლებს ბევრი სიახლე შესთავაზა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სკოლების გაძლიერებას რამდენიმე მიმართულებით: საინტერესო სასკოლო ცხოვრება, ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჯანსაღი კვების მხარდაჭერა, სკოლის მენეჯმენტის და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ახალი მოდელი და სხვა.
საინტერესო სასკოლო ცხოვრების მიმართულებით ერთ-ერთი მასშტაბური ინიციატივა სკოლებში "თავისუფალი გაკვეთილების" დანერგვაა. ეს გაკვეთილები VII-VIII კლასის მოსწავლეებისთვის მათი ინტერესების შესაბამისად იგეგმება და წარმოადგენს კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან. თავისუფალი გაკვეთილები სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნულ გაკვეთილებში ჩართულია 900 სკოლის 45 000-ზე მეტი მოსწავლე. მოთხოვნა 2000-ზე მეტმა სკოლამ წარმოადგინა. პროექტების დაფინანსება გაგრძელდება და თავისუფალი გაკვეთილებში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა სექტემბრიდან გაორმაგდება.
გასულ სასწავლო წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო. პირველ რიგში სახალისო სპორტულ აქტივობებზე დავიწყეთ განსაკუთრებული აქცენტირება, რაც კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ახალი სასწავლო წლიდან. სპორტის მასწავლებლებთან პარალელურად პროგრამის განხორციელებაში სპეციალურად გადამზადებული მანდატურები ჩაერთნენ და ფაქტობრივად, ყოველკვირეულად 430 საჯარო სკოლის 5000-მდე ბავშვი სხვადასხვა აქტივობებში იყო ჩართული. ეს პროგრამა უფრო აქტიურად დაიწყო გაზაფხულზე, და შეიძლება ითქვას, რომ პილოტირება წარმატებული გამოდგა. სექტემბრიდან ეს აქტივობები საქართველოს სკოლებში ყველა ასაკის მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
რადგან ცხოვრების ჯანსაღ წესზე დავიწყეთ საუბარი, მეორე მიმართულებასაც უნდა შევეხოთ, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. კერძოდ, ჯანსაღი სასკოლო კვება. სკოლის ბუფეტების მიმართ გამკაცრდა მოთხოვნები, სასკოლო ბუფეტებმა და სასადილოებმა მოსწავლეებს მხოლოდ ჯანსაღი მენიუ უნდა შესთავაზონ. ამ მიმართულებით მონიტორინგი გამკაცრდება.
ასევე მნიშვნელოვანია უკვე ძალიან პოპულარული ბანაკების პროგრამა. 2017 წლის ზამთრის და ზაფხულის პროგრამები 10 000-ზე მეტი ბავშვისთვის დაიგეგმა. სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზებულ ზამთრის თუ საზაფხულო ბანაკების სერვისებით მათმა დიდმა ნაწილმა უკვე ისარგებლა. ამ ეტაპზე ასაკი შემოსაზღვრულია მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებით სხვადასხვა სოციალური კატეგორიიდან. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განთავსებული ბანაკების პროგრამები ორიეტირებულია მოსწავლეთა სოციალურ ინტეგრაციაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე. ძალიან დიდია მოთხოვნა მანავის სამხედრო ბაზაზე და ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში განთავსებულ ბანაკებზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ხორციელდება. მომავალში ვგეგმავთ, რომ ამ პროექტის ბენეფიციარების რაოდენობა რამდენჯერმე გავზარდოთ.
- რაც შეეხება სიახლეებს, რომელიც 2017 წლის სასწავლო წლის დაწყებიდან იგეგმება საქართველოს სკოლებში...
- 2017 წლის ოქტომბრიდან სკოლებში დაიწყება ახალი პროექტი - შრომითი უნარების განვითარების პროგრამა, რომელსაც პროფესიული კოლეჯები სკოლებთან თანამშრომლობით სკოლის ბაზაზე განახორციელებენ. ეს გახლავთ სხვადასხვა სახელობო მიმართულებების მიხედვით თემატური მოდულების სწავლება, კონკრეტულ სკოლის მოთხოვნის საფუძველზე, ანუ თანამედროვე შრომის გაკვეთილები. სკოლებში მოეწყობა მინიმალური ბაზა, სადაც საბაზო საფეხურის მოსწავლეებს მათთვის საინტერესო პროფესიის საბაზისო უნარების შესაძენად პრაქტიკული გაკვეთილები ჩაუტარდებათ. აქამდე სკოლებს და პროფესიულ სასწავლებლებს ასეთი ერთობლივი პროექტი არ ქონიათ.
ასევე, ახალი სასწავლო წლიდან უფრო მასშტაბური გახდება სასკოლო-საგანმანათლებლო ექსკურსიების პროგრამა, რომელიც კვლავ დაფინანსდება. ფართოვდება იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც შეიძლება ჩატარდეს სასკოლო-საგანმანათლებლო ექსკურსიები. მუზეუმებს დაემატება გეოგრაფიულად საინტერესო ადგილები, ისტორიული ადგილები, ეროვნულ პარკები და ნაკრძალები და სხვა.
- რამდენიმე თვის წინ, განათლების მინისტრი საუბრობდა წიგნების შემსუბუქებაზე, ამ მხრივ რა სიახლეებია?
- მოგეხსენებათ, რომ სამინისტრომ უკვე გამოაცხადა 1-6 კლასის სახელმძღვანელოების კონკურსი. ახალი სახელმძღვანელოები 2018 წლის სექტემბრიდან შევა სკოლებში. ამ მიმართულებითაც ორი მნიშვნელოვანი ცვლილება გვაქვს: პირველი - სახელმძღვანელოები არსებითად გაუმჯობესებული იქნება შინაარსობრივად, ვინაიდან პროგრამები არის განტვირთული, ამასთან შეფასება მოხდება უფრო ბევრი და მრავალფეროვანი კრიტერიუმების მიხედვით.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოების შეფასებაში პირველად ჩართული იქნება საზოგადოება - ავტორების მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოების პროექტები განთავსდება განათლების სამინისტროს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის, რომელთაც შეეძლებათ, რომ თავისი შენიშვნები, რეკომენდაციები და შეფასებები შემოგვთავაზონ. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს, რომ 1-6 კლასის მოსწავლეებს 2018 წლის სექტემბრიდან უფრო მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები შევთავაზოთ.
მეორე მხრივ, ახალი სახელმძღვანელოების ტექნიკური მახასიათებლები იქნება გაუმჯობესებული. კერძოდ, წონა შემსუბუქებული, ქაღალდი და შრიფტი უკეთესი, ფერები, ილუსტრაციის და ტექსტი განლაგება აღქმის თვალსაზრისით კი ეფექტური, რადგან ამ მიმართულებით ფსიქოლოგებთან და ჯანდაცვის ექსპერტებთან თანამშრომლობით საკმაოდ მკაცრი შეფასების კრიტერიუმები შემუშავდა.
- მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიაზე...
- ჩანთის სიმძიმის პრობლემა მომავალში მოსწავლეებს ნაკლებად შეაწუხებთ, რადგან კიდევ ერთი სიახლე არის სწორედ სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების შექმნა და განთავსება, როგორც მოსწავლების ბუკებში, ასევე სამინისტროს ვებ-გვერდზე, რათა ყველა მოსწავლისათვის ხელმისაწვდომი იყოს. თუმცა, სრულად ელექტრონულ სახელმძღვანელოებზე გადასვლა, მითუმეტეს დაწყებით კლასებში, რეკომენდებული არ არის. თითოეულმა მასწავლებელმა ისე უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ ჩანაცვლების საშუალება და არ მოუწიოთ ყოველდღე დატვირთული ჩანთით სიარული. ელექტრონული ვერსიები ნაბეჭდი სახელმძღვანელოების პარალელურად მომზადდება და 2018-2019 სასწავლო წლიდან აიტვირთება.
- საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა სკოლებში ახალი საგნის "მე და საზოგადოების" სწავლების დამატებამ, ამ ეტაპზე რა ხდება?
- ხმაური, რაც საზოგადოებაში ამ საგნის ირგვლის შეიქმნა, დაკავშირებული იყო არა საგნის შინაარსთან, არამედ იმ ეჭვებთან, რომ ამ საგნის იქით რაღაც არის... ვინც ამ საგნის სტანდარტი წაიკითხა, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ საგანში ძალიან მნიშვნელოვანი თემებია დაფარული, ისეთი საკითხები, როგორიცაა ჩემი ოჯახი, ჩემი სკოლა, ჩემი სახელმწიფო, როგორ დავიცვათ ჰიგიენა რომ ვიყოთ ჯანმრთელები, როგორ დავიცვათ ოჯახის რესურსები, როგორ დავიცვათ მოძრაობის წესები ქუჩაში და ა.შ. ეს საგანი ბავშვებს მათი ასაკის შესაბამისად მაიწვდის ინფორმაცის ჩამოთვლილ საკითხებზე.
ავტორებს სახელმძღვანელოები ჯერ არ წარმოუდგენიათ. ამ საგნის სახელმძღვანელოებიც კონკურსის წესით შეირჩევა. როგორც გითხარით, უკვე გამოცხადებულია კონკურსი. სახელმძღვანელოს პროექტი განთავსდება სამინისტროს ვებ-გვერდზე და იქნება საერთო შეფასების თემა. ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს წინასწარ, გრიფირებამდე გაეცნოს შინაარსს და თავისი შეფასებები მოგვაწოდოს.
ესაუბრა თეა ბეჟიტაშვილი