რისთვის ჩადის პუტინი აფხაზეთში?!

რისთვის ჩადის პუტინი აფხაზეთში?!

8 აგვისტოს, ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავის აღსანიშნავად ჩადის. უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, საქართველოს მიმართ, ბოლო დროს ამერიკის განსაკუთრებულ ინტერესს, კონკრეტულად კი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტსა და ამ ვიზიტთან დაკავშირებულ მოვლენებს უკავშირდება. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია და რუსეთს აფხაზეთში, სხვა კონკრეტული ინტერესებიც აქვს...

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პუტინის ამ ჟესტით, მოსკოვმა კიდევ ერთხელ უთხრა ვაშინგტონს, რომ ის არ აპირებს უკან დახევას საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით; აფხაზეთში ძალიან მიღებულმა პერსონამ, რუსეთის დუმის წევრმა, კონსტანტინ ზატულინმა, რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აფხაზეთში პუტინის ვიზიტი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან პირდაპირ კავშირშია.

რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ზატულინის თქმით, აფხაზეთში პუტინის ვიზიტის კიდევ ერთი მიზეზი, აფხაზეთში არსებული რთული პოლიტიკური ვითარებაც არის. ბოლო დროს, აფხაზეთში შიდა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. საქმე ის არის, რომ ადგილობრივ (და არა მხოლოდ) კრიმინალურ კლანს აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებზე უდიდესი გავლენა აქვს.

რუსი დეპუტატის თქმით, აფხაზეთში რუსებსა და აფხაზებს შორის გამწვავებული ურთიერთობა აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებას და რუსეთის ინვესტიციებს აფერხებს, რაც მკვეთრად უარყოფითად აისახება აფხაზეთის განვითარებაზე...

ზატულინის თქმითვე, მაიკ პენსის მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ასეთი მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირება, ერთგვარი მინიშნებაა იმისა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს იურისდიქციის ძალისმიერი მეთოდებით აღდგენის საფრთხე ჯერ კიდევ რეალურია და ამის კვალდაკვალ, ვლადიმირ პუტინი, თავს ვალდებულად მიიჩნევს, "რუსეთის პარტნიორების მიმართ მხარდაჭერა აშკარად გამოხატოს."

რუსი ანალიტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პუტინის ვიზიტი უფრო ეკონომიკური მნიშვნელობის არის და შესაძლოა, დახურულ კარს მიღმა სასაუბრო თემებს შორის "უძრავი ქონების ჩაკეტილი ბაზრის გახსნის საკითხი" წამოსწიონ...

მოსალოდნელია, რომ "ამ თემის მოგვარების საპირწონედ, პუტინის ვიზიტის ფარგლებში, რუსეთი ეკონომიკური ხასიათის მხარდაჭერას გამოუცხადებს აფხაზეთს."

რუსული მედიის თქმით, - რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ვლადიმირ პუტინის ჩასვლის შემდეგ, რუსეთისა და აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობას შორის, შესაძლოა, გარდამტეხი ეტაპი დაიწყოს, - ერთი მხრივ, რუსული ინვესტიციები რეგიონში მეტი რუსული ინტერესების გატარების სანაცვლოდ...

გარდა პროგანდისტული იდეისა, პუტინის აფხაზეთში ვიზიტის აზრს ვერ ხედავს პოლიტოლოგი ლეონიდ რაძიხოვსკი. მისი თქმით, ძნელია იმის გაგება, თუ რა დანიშნულება აქვს პუტინის იქ ჩასვლას... "ეს ხომ არ არის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა, სადაც შეშლილი ზახარჩენკო ამბობს, ჩვენ ახალ სახელმწიფოს დავაფუძნებთ და შემდეგ უკრიანას შევუტევთო... მათგან განსხვავებით, აფხაზეთის ერთადერთი სურვილია, საქართველოსგან ცალკე იარსებოს. სულელური აზრია ეს თუ გონივრული, ასეა, - მათ სხვა არაფერი უნდათ... პუტინს სურს აფხაზეთის მხარდაჭერა?.. რისი მხარდაჭერა, არც ისეთ უიმედო მდგომარეობაშია, რომ პუტინის მხარდჭერა სჭირდებოდეს... იქ იყო კონფლიქტები, მოკლეს რუსი ტურისტები, თუმცა ასეთი წვრილმანისთვის პუტინი იქ არ ჩავიდოდა. ის ხომ გამომძიებელი არ არის... ასე რომ, სრულებით გაუგებარია, რა მიზნით ჩადის პუტინი რუსეთში...

ეკონომიკური საკითხების რუსეთის მიერ მოგვარების წინააღმდეგი არიან აფხაზეთში. ადგილობრივი ჟურნალისტები ე.წ. რაულ ხაჯიმბას სიტყვებს ეჭიდებიან და ამბობენ, რომ ერთობლივი საკოორიდნაციო ცენტრის შექმნის შემდეგ, სადღაც უნდა შეჩერდეს აფხაზეთი და სოციალურ და ეკონომიკურ საკითხს აფხაზეთში თავად მიხედავენ..."

პუტინის აფხაზეთში ჩასვლას ეხმიანება აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია, რომლის თქმითაც, აფხაზეთში არსებული არასახარბიელო ვითარების ფონზე, ე.წ. პარლამენტმა არდადეგები მოიწყო. მისი თქმით, გუდაუთის სამხედრო ბაზაზე მომხდარმა აფეთქებამ, რომელსაც რუსეთის ორი მოქალაქე შეეწირა და 26 დაშავდა, რეგიონში მიმდინარე სხვა პროცესები გადაფარა. "ჩვენი საინფორმაციო საშუალებები ისე ისტერიულად აშუქებდნენ მომხდარს, თითქოს ეს აფეთქება ჰიროსიმასა და ნაგასაკის მასშტაბის ატომური ტრაგედია იყო.

ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ ომისშედგომი ქაოსის ფონზე, რომელიც ყოველდღიურად ღრმავდება, საკურორტო სფერო ვერ განვითარდება. ასე რომ, "რა ვქნათ?" და "საიდან დავიწყოთ?" – ის ორი მთავარი კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემასაც ბოლო დღეებია ცდილობს ხელმძღვანელობა და უბრალო მოსახლეობა... თუმცა, ამ პესიმისტური პროგნოზის ფონზე, რუსი ტურისტები მაინც ჩადიან აფხაზეთში და ამის დასტურია რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე არსებული რიგები...

ამ მძიმე ფონზე კი, აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. დაგეგმილია, მისი რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრა, რომელმაც რამდენიმე ადგილობრივ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლად განვითარების პოტენციალი. მან გაიხსენა აგრარულ სფეროში წარმატებით განხორციელებული პროექტები და დასძინა, რომ ეკონომიკური საკითხების მოგვარებით, სოციალური პრობლემებიც ამოიწურება, რაც პოლიტიკურ ვითარებასაც დაალაგებს..." - წერს ჭანია.

აფხაზებისთვის აშკარაა, რომ პუტინი რეგიონში ჩასასვლელად მხოლოდ სოლიდარობისა და ჰუმანური მიზნებისთვის არ მოცდება. ამიტომ, შიშობენ, რომ ფორმალური სიტყვების მიღმა, რომ "რუსეთი თავის მოკავშირე ქვეყანას არასდროს მიატოვებს", სხვა კონკრეტული, ეკონომიკური მიზნები აქვთ, - მართვის სადავეების რუსეთის ხელში ჩაგდება და განვითარება რუსულად... უნდა გვეყოს მოთმინება და არავის მივცეთ უფლება, რომ შიგნით არსებული ვითარება სათავისოდ გამოიყენოს... რუსები წერენ, რომ შესაძლოა, ინტეგრაციის ახალი ეტაპი დაიწყოს, თუმცა, ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად განვითარდეს...", – წერენ აფხაზები.

პ.ს. ვლადიმირ პუტინი აფხაზეთში ბოლოს 2013 წელს იმყოფებოდა: ბიჭვინთაში ის ყოფილ პრეზიდენტს, ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე