საგარეო საქმეთა სამინისტრო, თურქეთში, მალტეპეს ციხეში მოშიმშილე საქართველოს მოქალაქეების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნაა, ქართველ სასულიერო პირთან შეხვედრა.
"სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მშობლებისგან შევიდა შეტყობინება მალტეპეს ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ შიმშილობის გამოცხადების შესახებ. საკონსულო დაუკავშირდა სტამბოლის პროკურატურას და სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც დაადასტურეს ქართველი პატიმრების შიმშილობის თაობაზე. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, შიმშილობის დაწყების ერთადერთი მიზეზი არის მათი მოთხოვნა ქართველ სასულიერო პირთან შეხვედრის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსულოს სისტემატური კავშირი აქვს სტამბოლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმრებთან, რა დროსაც მათი მხრიდან არასდროს გამოთქმულა სურვილი სასულიერო პირთან შეხვედრის შესახებ. გენერალური საკონსულო სისტემატურად აწვდის პატიმრებს საეკლესიო ნივთებს (სანთლები, ხატები, ლოცვანი და ა.შ.) პატიმრებს საპატიმროში ასევე აქვთ სალოცავი კუთხე, ციხის ადმინისტრაციას მათთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია.
შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე პატიმრების მონახულების მოთხოვნით გაიგზავნა წერილი სტამბოლის პროკურატურაში. ნებართვას პატიმრების მონახულებაზე საკონსულო მიიღებს ორშაბათს, რის შემდეგაც მოხდება შეხვედრა. დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საკონსულოს მიერ გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.