23 ივლისს სნოში სასტუმრო გაიხსნა. სასტუმრო "სნო" 34-ნომრიანია და ის მრევლის შემოწირულობებით აშენდა. როგორც სასტუმროს მენეჯერები აცხადებენ, მიღებული შემოსავალი სოფელ სნოში შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ პრობლემებს მოხმარდება.
სასტუმროს გახსნის ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე დაესწრო და სასტუმრო აკურთხა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ მთავრობის წევრები.
34-ნომრიანი სასტუმრო რეგიონისთვის ფეშენებელური და დიდია.
როგორც სასტუმროს მესვეურები აცხადებენ, ფასები საკმაოდ მისაღები იქნება. ადგილზე პირველ რიგში ადგილობრივები დასაქმდებიან და სასტუმროს მოგება მთლიანად ადგილობრივების სოციალურ დახმარებას მოხმარდება - საკვებით, ტექნიკით, ნებისმიერ საშუალებით, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დასჭირდება.
ცოტა ხნის წინ "სნოს" ფეისბუქის გვერდზე სასტუმროს ინტერიერის ფოტოები გავრცელდა.
ნომრები საკმაოდ ფეშენებელურია, მასიური ხის ავეჯი, ჩუქურთმებიანი საწოლები და სკამები, ბეწვის ხალიჩები - პატარა სოფელში ფუფუნების მოყვარული სტუმრები, სასტუმროს მდიდრულ გარემოში კომფორტულად იგრძნობენ თავს.