საქართველოში დიდი რაოდენობით ყურძენი, ატამი, ვაშლი და მანდარინი მოჰყავთ, რომელთა რეალიზაციაც ფერმერებს ხშირად უჭირთ, შესაბამისად, მათი ნაწილი ნელ-ნელა უფრო რენტაბელური პროდუქტების, მაგალითად, მოცვის წარმოებაზე გადადის.
მოცვი ამჟამად ძირითადად, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის ტერიტორიაზეა გაშენებული. ევროპის ქვეყნებში ერთი კილოგრამი მოცვის ღირებულება დაახლოებით, 3-5$-ის ფარგლებში მერყეობს. გურულმა ფერმერმა, ზვიად მირიანაშვილმა, სამ პარტნიორთან ერთად, გადაწყვიტა, მოცვის წარმოება ბიზნესად ექცია, შესაბამისად, 2015 წლიდან საქმიანობისთვის ნიადაგის მომზადება დაიწყო და ნერგები როგორც საქართველოში, ისე ამერიკასა და საფრანგეთში შეიძინა, რათა დაკვირვების საფუძველზე დაედგინა, რომელი მათგანია ეკონომიკურად უფრო გამართლებული.
"2016 წლის გაზაფხულიდან ბაღი ჯერ 10 ჰექტარზე გავაშენეთ, თუმცა წარმოების გაზრდას ვგეგმავთ და 2018 წლისთვის უკვე 20 ჰექტარი ბაღი გვექნება. საერთოდ, მოცვი კომერციულ მოსავალს მესამე წლიდან იძლევა, რადგან მანამდე შესაბამისი მოვლა უნდა, ამიტომ ჯერჯერობით სატესტო მოსავალი, დაახლოებით 5 ტონამდე ავიღეთ. მოსავალი ერთ-ერთ ექსპორტიორ კომპანიას 1 კილოგრამზე დაახლოებით, 6-7 ლარად მივყიდეთ,"- განმარტავს მირიანაშვილი და დასძენს, რომ მოცვის ნერგები საქართველოში, კერძოდ, აჭარის ლაბორატორიაშიც გამოყავთ, რომელთა შეძენაც აქვე შეგიძლიათ. წაიკითხეთ გაგრძელება