სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე გასულ წელს ტარიელ ხეჩიკაშვილის შემოსავალმა 75 000 ლარი შეადგინა. მინისტრის ქონება გაზეთ "ბანკები და ფინანსების" ცნობით, ჯამში 11 მილიონ ლარად არის შეფასებული.
მიმდინარე წლის 31 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ხეჩიკაშვილი ფლობს 18 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოფარეხს თბილისში; დანარჩენი უძრავი ქონება კი მისი მეუღლისა და შვილის საკუთრებაშია.
რაც შეეხება მინისტრის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ხეჩიკაშვილს "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე - 889,29 ლარი და 0,05 დოლარი ჰქონდა; მის საკუთრებაშია ასევე ს/ს "ვივის" 28 340 აქცია. აქედან 5 000 აქცია 76 750 ლარად 2016 წელს შეიძინა.
ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში ტარიელ ხეჩიკაშვილი იყო სს "ვივის"აქციონერი; შპს სპორტული კლუბი "ოლიმპის" 82%-იანი წილის მფლობელი; შპს "ავტო სერვის კავკასიის" 32%-იანი წილის მესაკუთრე; შპს "ავტოსტილის" 25%-იანი წილის მფლობელი; შპს "კავკასუს მოტორსის" 33,40% -იანი წილის მესაკუთრე და შპს "იბერია ავტოს" 70%-იანი წილის მფლობელი.