მომღერალი თამუნა ამონაშვილი 12 წელია მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს, დროდადრო კი, შესვენების პერიოდებში, სამშობლოში ჩამოდის, წელიწადში დაახლოებით 5 თვეს აქ ატარებს. 15-20 წლის წინ ის ქართული შოუ-ბიზნესის გამორჩეული სახე იყო, ესტრადაზე თავისი ნიშა დაიმკვიდრა, მერე კი რუსეთის დედაქალაქში გაემგზავრა და იქ საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა.
როგორია მისი მოსკოვური და თბილისური ცხოვრება, რა ღირებულებები წამოვიდა წინა პლანზე მისთვის საქმესა და პირადში დაგროვილი გამოცდილების შედეგად, ამის შესახებ თბილისში ჩამოსული თამუნა ამონაშვილი "სარკესთან" საუბრობს.
- უკვე დიდი ხანია მოსკოვში ცხოვრობთ. როგორ ფიქრობთ, მიგიღოთ ამ ქალაქმა ან თქვენ გაითავისეთ ის?
- რა თქმა უნდა, შემოქმედებითად დავფრინავ, თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი ბენდი მყავს, ერთგული მსმენელი, არაჩვეულებრივი მეგობრები, საოცარი ადამიანები არიან, ყოველგვარ ქართულზე გიჟდებიან. რუსებთან ვმუშაობ. როცა მოდიან ჩემ მოსასმენად, მთხოვენ, რომ ქართულად ვუმღერო. გაოცებული ვარ მათი დამოკიდებულებით თუ რამდენად უყვართ ჩვენი ხალხი, სიმღერა, საკვები. მათი გადმოსახედიდან, ყველაფერში ნიჭიერი ერი ვართ. 12 წელი გახდება, რაც მოსკოვში გადავედი საცხოვრებლად. ამ პერიოდში ძალიან ბევრი რაღაც აღმოვაჩინე საკუთარ თავში, შემოქმედებაში, აქ რაც ვერ შევძელი, აქ მხოლოდ პაპსას ვმღეროდი, ვერ ვიხსნებოდი, სოლო კონცერტი მაქვს ფილარმონიაში ჩატარებული, შოუბიზნესში წარმატებული ვიყავი, მაგრამ მოსკოვში მიმართულება შევიცვალე, ჯაზი ჩემშია, საქართველოში ამ მიმართულებით დიდი სკოლა მაქვს გავლილი, მაგრამ აქ ვერ ვიყენებდი.
იქ ყოფნის პერიოდში შევძელი, საცხოვრებელი მეყიდა თბილისში, რის პრობლემაც მქონდა. ყველაფერი შევძელი საიმისოდ, რომ ადამიანად მეგრძნო თავი. დასაწყისში ძალიან რთული პერიოდები მაქვს გავლილი, ახლა კი შემოქმედებითად ძალიან კმაყოფილი და დაფასებული ვარ.
- საქართველოში სოლო კონცერტის ჩატარებაზე აღარ ფიქრობთ?
- ამაზე სულ ვფიქრობდი, მაგრამ ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში ბიზნესი შემოვიდა და შემოქმედებითმა მხარემ მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ოღონდ არა – შინაგანად. ჩემი საქმის გამო ძალიან გვიან გავთხოვდი, არადა ოჯახი გვერდზე არ უნდა გადადო. ჯერ არის ოჯახი და მერე - სხვა დანარჩენი.
- რადგან ბიზნესი ახსენეთ, გაგვიმხელთ თქვენი საქმის შესახებ?
- ბათუმში მაქვს აპარტამენტი, რომელსაც მუდმივად ჰყავს თავისი კლიენტი. ამ ბიზნესმა იმდენად გამიტაცა, კიდევ მინდა, მშენებლობა წამოვიწყო. ტანსაცმლის დიზაინერობა ჩემი მეორე პროფესიაა. ადრე კარგად ვუთავსებდი სიმღერას და დიზაინერობას, ყოველთვის მინდოდა, ჩემი სამოდელო სამკერვალო სტუდია მქონოდა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი. მიტაცებს სახლის დიზაინის შექმნა, ჩემი სახლი სულ ჩემი გაკეთებულია.
- ზემოთ აღნიშნეთ, გვიან გავთხოვდიო, თქვენი და რეზიკო არჩვაძის ქორწინებამ გაამართლა?
- მე და რეზიკო 10 წელზე მეტია ცოლ-ქმარი ვართ. ქორწინებიდან 3 წელი არის ადაპტაციის პერიოდი. ერთად ბევრი ეტაპი გავიარეთ, აბსოლუტურად ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ. ყველას გვაქვს მინუსი და პლუსი, მაგრამ, რაც წლები გადის, ცოლქმრობაში მინუსები აღარ არის მნიშვნელოვანი, აღარ აქცევ ყურადღებას. შესაბამისად ნერვებიც აღარ გეშლება არაფერზე, კომპრომისები ურთიერთობაში აუცილებელია.რეზიკომ ძალიან დიდი დახმარება გამიწია, ნამდვილად ვერ გავაკეთებდი იმ ბენდს, რომელიც ახლა მყავს. კაცის ძალა მაინც სხვაა, რეზიკო რეჟისორი, შემოქმედი ადამიანია, რაც კი საუკეთესო კლიპი მაქვს, მას ეკუთვნის.
- რეზიკო თქვენთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში?
- არა, მოსკოვში სილამაზის სალონების ქსელი გვაქვს, რომელსაც რეზიკო კურირებს. ვერაფრით ახერხებს აქ ჩამოსვლას.
- თავს როგორ უვლით, რომ მუდამ ფორმაში იყოთ?
- სახლის პირობებში ვვარჯიშობ. ვლოცულობ, დიდ მარხვას ვინახავ. ეს ყველაფერი მიქმნის ისეთ ვითარებას რომ თავი ნორმალურად ვიგრძნო.
ლანა კიკნაძე
ჟურნალი "სარკე"