თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩვენი სამყარო "თავდაყირა დააყენა". ციფრულმა და ელექტრონულმა სისტემებმა ყოველდღიური ყოფის გამარტივებასთან ერთად, უნებლიედ, დანაშაულის ჩადენის ახალი მეთოდები შექმნეს. მე-19 საუკუნის მიწურულს, დიდი თანხების ხელში ჩაგდების მიზნით, მძარცველები საფოსტო დილიჟანსებსა და ბანკებს აყაჩაღებდნენ. მოგვიანებით, სატრანსპორტო საშუალებების განვითარებასთან ერთად, თავდასხმის მთავარი სამიზნე საფოსტო მატარებლები გახდა.
დღეს სულ უფრო და უფრო ხშირად, დიდი ოდენობით თანხების მოპარვა-მითვისება ელექტრონული გზით ხდება. შეიცვალა "თავმდამსხმელთა" სახელწოდებაც - ქურდებისა და ყაჩაღების ნაცვლად მათ - ჰაკერებს უწოდებენ. პისტოლეტებისა და დინამიტის ნაცვლად კი, ისინი კომმპიუტერებითა და სხვადასხვა ელექტრონული პროგრამებით არიან შეიარაღებულნი.
2015 წლის თებერვალში მსოფლიო ისტორიის მანძილზე ყველაზე მსხვილი ჰაკერული თავდასხმის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც საბანკო სისტემაში განხორციელბულა. პლანეტის მასშტაბით 100-ზე მეტი კომპანიიდან "ელექტრონულმა თავდამსხმელებმა" დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარი "მოიპარეს". "ინტერპოლის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმაში, რომელიც 2 წელიწადს გრძელდებოდა, რუსეთის, უკრაინის, ჩინეთის და რიგი ევროპული სახელმწიფოების საუკეთესო ჰაკერები მონაწილეობდნენ.
მასშტაბების გარდა, ინტერესს თავად თავდასხმის მეთოდიც იწვევს. ბანკის კლიენტების (ფიზიკური პირების) ნაცვლად, ფულის მითვისებისთვის, კიბერთავდასხმები უშუალოდ კომპანიებზე ხორციელდებოდა. საბანკო სისტემაში შეღწევის შემდეგ ჰაკერები ირჩევდნენ სასურველ კომპანიას და თავდასხმისთვის ემზადებოდნენ. სისტემაში შეწღევიდან საკუთარ ანგარიშებზე თანხის გადმორიცხვამდე, ჰაკერებს 2-დან 4 თვემდე სჭირდებოდათ.
კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა სტანდარტული მეთოდით ხდებოდა - კიბერთავმდამსხელები ბანკის წინასწარ შერჩეულ თანამშრომელს ელექტრონულ შეტყობინებას უგზავნიდნენ. მაგალითად, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო სპეციალური ვირუსული პროგრამით "დაავადებული" სარეკლამო გზავნილი ან სულაც ოფისის თანამშრომლის სახელით მიღებული ელეტრონული წერილი. შეტყობინების გახსნისთანავე ვირუსი მომხმარებლის კომპიუტერთან ერთად, შიდა ქსელის მეშვეობით წინასწარ განსაზღვრულ კომპიუტერებსაც აზიანებდა. შემდგომ მარტივი მანიპულაციებით ჰაკერები სრულად ეუფლებოდნენ იმ კომპიუტერებს, რომლებსაც ბანკომატების მართვისთვის, ან ფულადი გადარიცხვებისთვის იყენებდნენ.
ელექტრონულის გარდა, ჰაკერები ნაღდ ფულსაც იპარავდნენ. ბანკომატებზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ჰაკერი წინასწარ განსაზღვრულ დროს, შესაბამისს ბანკომატს ფულის გაცემის ბრძანებას აწვდიდა, რომელსაც იქვე მყოფი თანამზრახველი ღებულობდა.
ჰაკერთა ჯგური სწორედაც რომ ბანკომატმა დაღუპა. მათი მოქმედება კიდევ დიდხანს დარჩებოდა შეუმჩნეველი, რომ არა კიევის ერთ-ერთ გარე უბანში მდგარი ბანკომატი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდგარ ანალოგიურ მოწყობილობებთან შედარებით, თითქმის ყოველკვირეულად საკმაოდ სოლიდური ოდენობის თანხას უნაღდებდა.
ბანკის თანამშრომელთა ყურადღება სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებულმა უჩვეულო სურათმა მიიქცია. დიდი მოცულობის თანხას ბანკომატი ყოველ ჯერზე ერთი და იგივე პიროვნებისთვის ანაღდებდა, თანაც ისე რომ ეს ადამიანი აპარატზე არანაირ ფიზიკურ ზემოქმედებას არ ახდენდა - ბანკომატში არც ბარათს ათავსებდა და არც ღილაკებს აწვებოდა.
გასული წლის ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ჰაკერებმა ფული ბრიტანული Tesco Bank-ის 20 ათასზე მეტ მომხმარებელს მოპარეს. ვირტუალური მძარცველების მოქმედების შედეგად, ბანკის თითოეულმა კლიენტმა 20-დან 600-მდე გირვანქა სტერლინგი დაკარგა.
2015-2016 საფინანსო წლის განმავლობაში რუსეთში ჰაკერებმა საერთო ჯამში 5,5 მილიარდი რუბლი მოიპარეს.
"ოცდამეერთე საუკუნის რობინ ჰუდი" - ასე შეარქვა მსოფლიომ ჰამზა ბენდალაჯს. ალჟირელმა ჰაკერმა 217 ბანკის სერვერის გატეხვა და საერთო ჯამში 4 მილიარდი აშშ დოლარის მოპარვა შეძლო. ამ თანხიდან ლომის წილი მან აფრიკაში მოქმედ არასამთავრობო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, 280 მილიონი დოლარი კი პალესტინის დახმარების ჰუმანიტარულ ფონდს გადაურიცხა. ბენდალაჯი 2015 წელს ტაილანდში დააკავეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ეს მხოლოდ გახმაურებული შემთხვევებია. ყოველდღიურად კი ელექტრონული თანხების მითვისების მიზნით, მსოფლიო მასშტაბით ჰაკერები ასობით ოპერაციას აწყობენ. ხშირ შემთხვევაში მიტაცებული თანხების მოცულობა რამდენიმე ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. მსხვილი თავდასხმების განხორციელებას გაცილებით ხანგრძლივი მომზადება და სათანადო ცოდნა სჭრდება.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ