"სააკაშვილთან ერთად ღვინოს არ დავწურავ-მეთქი... ჩემი დაკავება პოლიტიკური ამბავი იყო" - რაზე ალაპარაკდა პირველად თემურ თათარაშვილი

"სააკაშვილთან ერთად ღვინოს არ დავწურავ-მეთქი... ჩემი დაკავება პოლიტიკური ამბავი იყო" - რაზე ალაპარაკდა პირველად თემურ თათარაშვილი

"ციანიდის საქმის" გარშემო სასამართლო პროცესები გრძელდება. აღნიშნულ საქმეზე, გუშინ დაიკითხა პატიმრობაში მყოფი ყოფილი სამართალდამცველი ირაკლი ფირცხალავა, რომელმაც სკანდალური განცხადება გააკეთა და ირაკლი მამალაძეს აგენტ-პროვოკატორობაში დასდო ბრალი. დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, ირაკლი ფირცხალავამ გაიხსენა კონკრეტული საქმეები, კერძოდ, მომღერალ თემურ თათარაშვილისა და ჟურნალისტ გიო გაბუნიას საქმეები, რომელშიც ირაკლი მამალაძე მონაწილეობდა, როგორც აგენტი.

მომღერალი თემურ თათარაშვილი მის საქმესთან დაკავშირებით ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის კავშირს უარყოფს. როგორც თათარაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მამალაძის ვინაობის შესახებ მხოლოდ გუშინ შეიტყო. მისივე თქმით, აქამდე არასოდეს უთქვამს და პირველად ამბობს, რომ მისი დაკავება იყო პოლიტიკური საკითხი, რადგან უარი თქვა კონცერტზე გამოსვლაზე.

AMBEBI.GE დეტალების გასარკვევად მომღერალს დაუკავშირდა:

- ირაკლი ფირცხალავა იყო კრიმინალური პოლიციის უფროსი და ბუნებრივია, მან უფრო მეტი იცის ჩემს დაკავებაზე, ვიდრე მე. როცა დამირეკეს და ირაკლი მამალაძეზე მკითხეს, მეგონა მეხუმრებოდნენ. არც გამიგია აქამდე ამის შესახებ... ვათვალიერებდი თვითონ ამ მამალაძის სურათს და არც ვიცი ვინ არის. თვითონაც განაცხადა, რომ თურმე ჩემს კონცერტზე არ არის ნამყოფი, ეტყობა სხვა დონის მუსიკა მოსწონს... სისულელე იქნება ჩემგან რაიმე კომენტარი. მით უმეტეს, ჩემი საქმე არ იყო ნარკოტიკი. პირველად ვამბობ: ჩემი დაკავება იყო სუფთა პოლიტიკური ამბავი, უარი ვთქვი კონცერტზე გამოსვლაზე და ეს იყო მიზეზი. მამალაძემ რა გააკეთა, რა არ გააკეთა არ ვიცი. ჰაბიტუსზევე ეტყობა, რომ ჩემი მეგობარი არ იქნება

- დღეს თქვენ განაცხადეთ, რომ 2006 წელს პოლიტიკური ნიშნით დაგაკავეს. რა მოხდა, რომელ კონცერტზე თქვით უარი?

- 2006 წლის 25 სექტემბერს დამირეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მითხრეს, "პესკებზე" მიხეილ სააკაშვილმა ყურძენი უნდა დაწუროს და თქვენ მის გვერდით უნდა იდგეთ, დილით 11 საათზე მობრძანდითო. მე უარი ვუთხარი ადმინისტრაციას, სააკაშვილთან ერთად ღვინოს არ დავწურავ-მეთქი. ეს სატელეფონო საუბარი შედგა 3 საათზე და ოთხის წუთებზე უკვე დამაკავეს. მანამდე რომ ყოფილიყო დაგეგმილი ჩემი დაპატიმრება, პრეზიდენტის პროგრამაში მე არავინ ჩამსვამდა.

- რატომ თქვით უარი სააკაშვილის გვერდით დგომაზე?

- მე ვიცოდი, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობდი და მქონდა უფლება გამომეხატა ჩემი აზრი. არ მინდოდა სააკაშვილის გვერდით დგომა, მიუღებელი იყო ეს ჩემთვის და ამიტომაც დამაპატიმრეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის გოგო, სკვერში გარდაცვლილი იპოვეს

როგორ უნდა იმოძრაონ ავტომობილებმა ჭავჭავაძის გამზირზე - თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

"1 გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, 3 იმპორტირებულია...", - ამირან გამყრელიძე ახალი ინფიცირებულების წყაროების შესახებ