მომღერალი თემურ თათარაშვილი მის საქმესთან დაკავშირებით ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის კავშირს უარყოფს. როგორც თათარაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მამალაძის ვინაობის შესახებ მხოლოდ გუშინ შეიტყო.
"მე გუშინ გავიგე ეს ამბავი. გაოგნებული ვარ, ვათვალიერებდი თვითონ ამ მამალაძის სურათს და არც ვიცი ვინ არის. თვითონაც განაცხადა, რომ თურმე ჩემს კონცერტზე არ არის ნამყოფი, ეტყობა სხვა დონის მუსიკა მოსწონს... სისულელე იქნება ჩემგან რაიმე კომენტარი. მით უმეტეს, ჩემი საქმე არ იყო ნარკოტიკი. პირველად ვამბობ: ჩემი დაკავება იყო სუფთა პოლიტიკური ამბავი, უარი ვთქვი კონცერტზე გამოსვლაზე და ეს იყო მიზეზი. მამალაძემ რა გააკეთა, რა არ გააკეთა არ ვიცი. არც ვიცნობდი და არც რაიმე შეხება ჰქონია ჩემ საქმესთან. ჰაბიტუსზევე ეტყობა, რომ ჩემი მეგობარი არ იქნება", - განაცხადა თათარაშვილმა.
გუშინ ე.წ. ციანიდის საქმეზე პატიმრობაში მყოფი ყოფილი სამართალდამცველი ირაკლი ფირცხალავა დაიკითხა. ფირცხალავა ირაკლი მამალაძეს აგენტ-პროვოკატორობაში სდებს ბრალს. დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, ირაკლი ფირცხალავამ გაიხსენა კონკრეტული საქმეები, კერძოდ, მომღერალ თემურ თათარაშვილისა და ჟურნალისტ გიო გაბუნიას საქმეები, რომელშიც ირაკლი მამალაძე მონაწილეობდა, როგორც აგენტი.
ადვოკატის განმარტებით, ირაკლი ფირცხალავამ სასამართლო სხდომაზე დეტალურად გაიხსენა ის თანხაც, რომლის სანაცვლოდაც ირაკლი მამალაძე გამოძიებასთან თანამშრომლობდა.
"ირაკლი ფირცხალავამ გაიხსენა კონკრეტული შემთხვევები, თუ როდის იღებდა ირაკლი მამალაძე მონაწილეობას, როგორც აგენტ-პროვოკატორი. მან გაიხსენა მომღერალ თემურ თათარაშვილის და გადაცემის "მოგზაურობა გიორგი გაბუნიასთან ერთად" წამყვანის, გიო გაბუნიას საქმეები, რა დროსაც ირაკლი მამალაძე ჩართული იყო მათი დაკავების პროცედურებში. ირაკლი ფირცხალავამ გაიხსენა ასევე თანხები, რომლებიც ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა გადასცეს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ ირაკლი მამალაძეს", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.