ასტროლოგი ხათუნა ნოელი აგვისტოს პირველი რიცხვების ასტრო-ზეგავლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"აგვისტომდე აღარაფერი რჩება, სადაცაა და თავზე დაგვადგება თავისი ორი დაბნელებითურთ. 7- ში მთვარის დაბნელებაა, 21-ში - მზის. მაგრამ მანამ ამ მოვლენებზე ვისაუბრებდეთ, თვის პირველივე რიცხვების ასტრო-ზეგავლენებიც არ უნდა გამოგვრჩეს. ამიტომ დავიწყოთ 1 აგვისტოდან.
თუმცა 1-ში, ფაქტობრივად, ბევრიც არაფერი ხდება, თუ არ ჩავთვლით, რომ მთელი დილა მთვარე უკურსოა და არაფერი მნიშვნელოვანისა და ახლის წამოწყება ნაშუადღევამდე არ ღირს.
2 აგვისტოდან მერკური და ვენერა უახლოვდებიან ერთმანეთს იმდენად, რომ მათ შორის ჰარმონიული ასპექტი (სექსტილი) დგება. ის, რაღა თქმა უნდა, ჯერ საკმაოდ სუსტია და ამ კვირაში სერიოზულ მოვლენებს მისგან არ უნდა ველოდოთ, თუმცა მსუბუქი ფლირტი მოსალოდნელია. ისევე როგორც რაღაც-რაღაც საუბრები ფინანსურ თემებზე, ცხადია პოზიტიური სახის. უფრო მნიშვნელოვან სიახლეებს ამ თემებთან დაკავშირებით იქით კვირაში უნდა ველოდოთ.
3 რიცხვში ურანი დაიწყებს სვლის შენელებას, რათა მომავალი კვირიდან უკუსვლითი გახდეს. ჯერ - ჯერობით კი 29-ე გრადუსზე იქნება "ჩამოკიდებული". ამის გამო სიახლეები დაპაუზდებიან. თუმცა კონცენტრირება და თვითჩაღრმავება ურანულ თემებთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო გაძლიერდება - მოიმატებს ცვლილებების გატარების სურვილი, გაჩნდება დაჟინებული მოთხოვნილება რაღაც წინააღმდეგობრივის, უჩვეულოს და ახლის კეთების.
ამ დღეს იუპიტერის, მზის და სატურნის მიერ ცაზე სამკუთხა ფიგურა - ე.წ "ბისექსტილი" გამოისახება.
ბისექტილი ჰარმონიული ზეგავლენის ფიგურაა და მისი დახმარებით კანონთან, ხელისუფლებასთან, სასამართლოსთან და რელიგიის მესვეურებთან დაკავშირებული საკითხები დაიწყებს მოგვარებას. (ზეგავლენა 22 აგვისტოს ჩათვლით).
4 აგვისტოდან იუპიტერისა და პლუტონის კვადრატი დაიწყებს დაშლას, თუმცა ამ თვეში სუსტად, მაგრამ ჯერ ისევ იმუშავებს, მისი ზეგავლენით უკვე რამდენი ხანია არ წყდება ბრძოლა ძალაუფლების გადანაწილებისათვის. მისი დამსახურებაა აგრეთვე კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალებიცა და ეკონომიკური ვარდნებიც. ამ ნეგატივისაგან სექტემბრის პირველ დეკადაში გავთავისუფლდებით. ჯერ მოთმინებით უნდა დაველოდოთ.
მომდევნო დღეებში 7 აგვისტომდე, ახალი ასპექტები არ წარმოიქმნებიან. 7-ში კი როგორც უკვე გითხარით, მთვარის დაბნელებაა. თუმცა ამაზე ცალკე გესაუბრებით...
ისე კი, არ დაგვავიწყდეს, რომ დაბნელების ზეგავლენა მთელი ერთი კვირით ადრე იწყება და მომდევნო 7 დღესაც მოიყოლებს".