ინდიანას შტატის ყოფილი გუბერნატორი და აშშ-ს რიგით 48-ე ვიცე-პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების მეორე პირი ტურნეს ფარგლებში ვიზიტით საქართველოს ეწვია. მაიკ პენსი საქართველოში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა.
ნახეთ სტატიის 1-წუთიანი ვიდეოვერსია
რა ვიცით მაიკ პენსის შესახებ?
ინდიანაში დაბადებულმა პენსიმ სამართლის სფეროში ხარისხი ინდიანას უნივერისტეტში მოიპოვა და კერძო პრაქტიკას შეუდგა. მას შემდეგ, რაც კონგრესში ადგილისთვის ბრძოლა ორჯერ წააგო 1988 და 1990 წლებში, რადიოს და სატელევიზიო შოუს წამყვანი გახლდათ 1994-დან 1999 წლამდე და გადაცემას "The Mike Pence Show"-ს უძღვებოდა.
პენსი კონგრესში 2000 წელს აირჩიეს და წარმომადგენლობით ორგანოში ინდიანას 2001-დან 2013 წლამდე წარმოადგენდა. პენსი საკუთარ თავს პრინციპულ კონსერვატორად და რესპუბლიკელთა მხარდამჭერად მოიხსენიებს და დასძენს, რომ ის არის: "ქრისტიანი, კონსერვატორი და რესპუბლიკელი, ამ თანმიმდევრობით".
მას შემდეგ, რაც პენსი 2013 წლის იანვარს ინდიანას შტატის გუბერნატორი გახდა, მან შტატის ისტორიაში გადასახადების ყველაზე დიდი შემცირების ინიცირება მოახდინა, მხარი დაუჭირა საგანმანათლებლო ინიციატივების დაფინანსებას და განაგრძო შტატის ბიუჯეტის პროფიციტის ზრდა. პენსმა ხელი მოაწერა აბორტის შემზღუდველ კანონპროექტს, ასევე რელიგიური თავისუფლების აღდგენის აქტს, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია, მათ შორის ლგბტ თემის დამცველებისგან. თუმცა, შემდეგ ხელი მოაწერა დამატებით კანონპროექტს, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების დაცვას ითვალისწინებს.
2016 წლის 8 ნოემბერს პენსი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად.
58 წლის მაიკ პენსი 30 წელზე მეტია დაქორწინებულია კარენ პენსზე. წყვილი ერთმანეთს ინდიანას უნივერსიტეტში შეხვდა. მათ სამი შვილი ყავთ: მაიკლი, შარლოტა და ოდრი.
რას ნიშნავს პენსის ვიზიტი საქართველოსთვის?
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება. ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში ყოფნის სულ რაღაც 7 თვის განმავლობაში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ვაშინგტონში, სადაც ის თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა და მაიკ პენსმა მიიღეს, დღეს კი პენსი საქართველოს ეწვევა. ამას ემატება, რიგი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები, რომელშიც შავით თეთრზეა გაწერილი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და მოთხოვნა, დაუყოვნებლივ გაიყვანონ ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.
ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მცოცავი ოკუპაციის განახლების ფონზე, უდავოა, რომ აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების მეორე პირის ვიზიტს საქართველოში დამატებითი დატვირთვა აქვს.
როგორც ვიცე-პრეზიდენტმა Fox news-ს განუცხადა, "როდესაც საქართველოსა და მონტენეგროს ვესტუმრები, გზავნილი იგივე იქნება, რაც ესტონეთში - მოკავშირეებო აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ".
ვიღაცას შეიძლება გაუკვირდეს ამჟამინდელი ადმინისტრაციის ამგვარი გააქტიურება, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა, ვინც ყურადღებით აკვირდება აშშ-ს პოლიტიკურ ცხოვრებას, იცის, რომ საგარეო პოლიტიკაში პარტნიორებისა და მოკავშირეების უკომპრომისო და აქტიური მხარდაჭერა, "რესპუბლიკელების" დამახასიათებელი ნიშანია. როდესაც საუბარი მიდის აშშ-ს მოკაშირეებზე და მათ უსაფრთხოებაზე, "რესპუბლიკური პარტია" არასოდეს წავა კომპრომისებზე ან წითელი ღილაკის დაჭერით ურთიერთობების გადატვირთვაზე... მაგალითად, რუსეთთან, როგორც ეს ობამას ადმინისტრაციის დროს მოხდა.
აშშ კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველო არის და იქნება აშშ-ს მთავარი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი და ის ყოველთვის დაიცავს იმ საერთო ღირებულებებს, რომლებსაც თავისუფალი მსოფლიოს წევრები იზიარებენ, მათ შორის საქართველო.
ბარაქ ობამას ადმინისტრაციის დროს საქართველო აშშ-ს დღის წესრიგის პირველ გვერდზე არ იყო. "რესპუბლიკელების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სურათი შეიცვალა - საქართველო კვლავ ხდება აშშ-ს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის მთავარ საკითხად. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახლახან მიღებულ კანონში მკაფიოდ გაწერილია, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოსთან დაკავშირებით 2008 წელს გაფორმებული შეთანხმებული პირობების დარღვევას, რომელიც მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას.
შესაბამისად, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტი რუსეთისადმი ამ ხისტი პოლიტიკის გაგრძელებად უნდა განვიხილოთ. მაიკ პენსის მიერ საქართველოში გაჟღერებული მესიჯებიც ასევე ხისტი და უკომპრომისო იქნება: აშშ არ მისცემს რუსეთს უფლებას მისი მოკავცშირეების თავისუფლება და სუვერენიტეტი გათელოს. ის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დროს რუსეთს ამის გაკეთების საშუალებას და თავისუფლებას აშშ არ მისცემს, ამ ადმინისტრაციამ უკვე დაამტკიცა.
მოამზადა კახა დგებუაძემ, AMBEBI.GE