მე არავის დახმარებას არ ვეძებ, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მან ასე უპასუხა წამყვანის კითხვას, ეძებს თუ არა ის დახმარებას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან.
"მე აქ ჩემს ოჯახთან ჩამოვედი. ისინი აქ ცხოვრობენ, აშშ-ს მოქალაქეები არიან. ეს ბიძაჩემის ოჯახია. უკრაინის მოქალაქეობა მე იმიტომ ჩამომართვეს, რომ კორუმპირებულ ოლიგარქებს აღვუდექი. მე უკრაინის პატრიოტი ვარ. ეს უნიკალური სიტუაციაა, როდესაც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში მიდის. მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ უკრაინელმა ხალხმა მიმიწვია. პრეზიდენტმა პოროშენკომ მოქალაქეობა მომანიჭა და მე ამას დავეთანხმე, ვინაიდან ვთვლიდი, რომ მას სურდა რეფორმების ჩატარება. რეფორმები საჭირო იყო, რათა უკრაინა უფრო მდგრადი გამხდარიყო რუსეთის წნეხის წინაშე. თუმცა, უკრაინის ხელისუფლებამ სხვა გზა აირჩია: ოლიგარქია, კორუფცია, დემოკრატიის გათელვა. აქედან გამომდინარე, მე ოპონენტი გავხდი. ჩემთვის მოქალაქეობის აბსოლუტურად უკანონოდ ჩამორთმევით, პოროშენკომ თავისი ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი მოიშორა. უკრაინელი ხალხი მოიგებს ამ ომს. ისინი შეაკავებენ რუსეთს, ისინი აიღებენ დასავლურ კურსს, მაგრამ საამისოდ მათ უნდა ჩამოიშორონ საბჭოთა სტილის ოლიგარქები", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.