საერთაშორისო მკვლევარების ჯგუფი ირწმუნება, რომ კვლევების თანახმად, ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში მამაკაცები წინა თაობასთან შედარებით ნახევარი ოდენობის სპერმას გამოყოფენ. მართალია ეს კაცობრიობის გადაშენებას არ გამოიწვევს, მაგრამ სანერვიულო მაინც რჩება.
1992 წლიდან ჩნდება კვლევები იმის თაობაზე, რომ მამაკაცების ნაყოფიერება კლებულობს, სპერმის ხარისხი ეცემა. ახალი კვლევისთვის მოხდა 185 არსებული კვლევის ანალიზი, რომელშიც 42 935 კაცმა მიიღო მონაწილეობა. 1973 წლიდან 2011 წლამდე სპერმის რაოდენობამ 59 %-ით დაიკლო, დასავლურ ქვეყნებში კი 52 %-ით შემცირდა სპერმის კონცენტრაცია მამაკაცებში. ამასთან, ბევრი მამაკაცი იმდენად მცირე სპერმას გამოყოფს, რომ განაყოფიერება არ შეუძლია.
იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ჰაგაი ლევინი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კვლევები საგანგაშო სურათს ხატავს. მისი თქმით, საჭიროა გაირკვეს, თუ რა იწვევს სპერმის რაოდენობის შემცირებას და მოიძებნოს მისი აღმოფხვრის გზები.
"თუ არ შევცვლით ჩვენი ცხოვრების წესს, გარემოს და იმ ქიმიური ნივთიერებების წილს, რომლებიც გარემოზე ზემოქმედებს, ვშიშობ მომავალში სავალალო შედეგს მივიღებთ", - ამბობს პროფესორი ლევინი.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერები სპერმის რაოდენობის შემცირებაში დამნაშავედ რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, მათ შორის სიმსუქნეს, ჰორმონალურ დარღვევებს, რომელსაც გარემოს დაბინძურება იწვევს, მწეველ მშობლებს და ა.შ.
მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით