რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში ბანაობს (იხილეთ ვიდეო).
ვიდეოს ავტორის კითხვაზე, თუ რატომ ბანაობდა რუსთაველზე, ბიჭი პასუხობს, რომ გრილდება, თუმცა სრულიად სხვა შინაარსით მიაწოდა ეს კადრები მაყურებელს რუსული ტელეკომანიის, "Мир 24"-ის საინფორმაციო სამსახურმა. წამყვანმა მაყურებელს უთხრა, რომ თბილისის მცხოვრებმა, პროტესტის ნიშნად განათავსა ქალაქის ცენტრალურ გამზირზე აბაზანა.
"გაუსაძლისი სიცხე საქართველოში იძულებულს ხდის მოსახლეობას, უკიდურეს მეთოდებს მიმართონ. ახალგაზრდა მამაკაცმა, პირდაპირ რუსთაველის გამზირზე განათავსა აბაზანა და უახლოესი შადრევნიდან გაავსო", - იუწყება ტელეარხი "Мир 24".
"მამაკაცმა მორიდების გარეშე გამვლელების თვალწინ დაიწყო აბაზანის მიღება. თავისი საქციელი ახსნა იმით, რომ კომუნალურმა კომპანიებმა სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს. უკვე მესამე დღეა, რაც მის სახლში არც წყალი და არ შუქი მიეწოდება. საქმე ის არის, რომ ქალაქის მმართველებმა გადაწყვიტეს, სიცხეში შეეცვალათ კომუნიკაციები და ცენტრალური უბნების მოსახლეობა სასმელი წყლისა და ელოქტროენერგიის გარეშე დატოვეს. აღშფოთებული მოსახლეობა პრეტენზიებით მიმართავს ადგილობრივ ხელისუფლებას, ამ ახალგაზრდა კაცის საქციელი აუცილებლად მიიქცევს მთავრობის ყურადღებას", - ამბობს "Мир 24"-ის წამყვანი.