ვაშინგტონში უკრაინისთვის იარაღის გაგზავნის შესახებ აქტიურად მსჯელობენ. აღნიშნული განცხადება ბრიტანული გამოცემა BBC-ის ცნობით, უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ უოლკერმა გააკეთა.
აშშ-ის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხებში კურტ უოლკერმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ფიქრობს უკრაინაში იარაღის გაგზავნას, რათა დაეხმაროს კიევს სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მისივე თქმით, - უკრაინის არმიის შეიარაღების შემდეგ, შესაძლოა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ მოსკოვის დამოკიდებულება შეიცვალოს. იარაღი, რომელიც უკრაინას თავდაცვის შესაძლებლობას მისცემს, მაგალითად, ტანკების მოგერიება, ქვეყანას რუსეთის მუქარის შეჩერებაში დაეხმარება. უოლკერის თქმით, ამით რეგიონში იარაღის ბალანსიც არ დაირღვევა.
"მე არ შემიძლია გავაკეთო პროგნოზი, თუ რა გადაწყდება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა რუსეთის პროვოკაციის ან უკრაინის მიტაცების შეჩერება", - აღნიშნა მან.
ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დამყარება მოსკოვთან ახალ სტრატეგიულ დიალოგს მოითხოვს... მან განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 23 ივლისს, უკრაინას და ფრონტის ხაზს ეწვია. ადრე უოლკერი ნატოში აშშ-ის წარგზავნილი იყო.
როგორც ცნობილია, უოლკერი ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი იყო ნატოში, ხოლო უკრაინაში აშშ-ს წარმომადგენლად ამ თვის დასაწყისში დაინიშნა.
უოლკერის განცხადებას მყისიერი რეაქცია მოჰყვა რუსეთიდან, - სახელმწიფო დუმაში აღნიშნეს, რომ თუ ამერიკა უკრაინას იარაღს მიაწვდის, თავის მხრივ, ისიც იზრუნებს დონეცკის და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკების" შეიარაღებაზე.
"თუ, ამერიკა უკრაინაში თავის სამხედრო ტექნიკას შეიყვანს, რუსეთი გადახედავს თავის პოლიტიკას დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შეიარაღებაზე... ამ თემაზე ჯერ კიდევ დეკემბრიდან მიმდინარეობდა მუშაობა და "ავღანეთის ვეტერანების" მიერ შემოტანილი ინიციატივა განიხილებოდა... ამერიკის პრეზიდენტი ამაზე ცუდს ვერაფერს მოიფიქრებდა. ეს არის ძალზე სახიფათო ნაბიჯი, რომელსაც შესაძლოა, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების უფრო მეტი ესკალაცია მოჰყვეს," - წერს დუმის დეპუტატი ფრანც კლინცევიჩი.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინის პოზიცია ასეთია, - "არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც კონფლიქტის გამწვავებისკენ იქნება მიმართული, ჩვენ შესაბამის პასუხს გავცემთ და ვითარების დარეგულირებას შევეცდებით", - ნათქვამია პუტინის განცხადებაში.
რუსული მედიის თქმით, - ამერიკა კარგა ხანია უკრიანელ მეომრებს წვრთნის, ახლა კი, მათ იარაღით მხარდაჭერაზე ხმამაღლა ალაპარაკდა. მაისში სენატმა თანხმობა მისცა ბიუჯეტიდან კიევისთვის 150-მილიონი დოლარის გამოყოფას, რაც სამხედრო გადამზადებასა და ლოგიკისტიკაში უნდა დახარჯულიყო...
კრემლი აცხადებს, რომ ამერიკის ბოლო ინიციატივა უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად არ გამოდგება. თუმცა, რუსულ მედია დუმს იმაზე, თუ როგორ ამარაგებდა და ამარაგებს წლების განმავლობაში რუსეთი სეპარატისტებს სამხედრო ტექნიკითა და ცოცხალი ძალით...
ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, 24 ივლისს გერმანიის მთავრობამ გაავრცელა ცნობა, რომ ე.წ. "ნორმანდის ჯგუფი" შეთანხმდა, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც უკრაინის სამთავრობო ჯარი რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ებრძვის.
უფრო კონკრეტულად, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და უკრაინა "დაუყოვნებლივი ზომების" გატარებაზე შეთანხმდნენ, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში 2015 წელს მიღწეული ზავის პირობები განხორციელდეს.
ორსაათიანი სატელეფონო საუბრის შედეგად, ოთხი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ უკრაინის არმიისა და სეპარატისტთა ჯარის დაშორიშორება და რეგიონიდან მძიმე შეიარაღების გატანა, პრიორიტეტულია. თუმცა, ეტაპობრივად გასატარებელი ზომების კონკრეტული სია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა...
გაეროს ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1.6 მილიონზე მეტი კი იძულებით გადაადგილებული პირია.
უკრაინაში კონფლიქტი 2014 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც რუსეთმა ყირიმის კუნძულის ანექსია მოახდინა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 2015 წელს მინსკში შედგა, მაგრამ პირობები არ სრულდება.
გასულ კვირას, უკრაინის სამხედრო სამსახურის განცხადებით, დონეცკის ჩრდილოეთით დაბომბვის შედეგად, 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. 3 უკრაინელი ჯარისკაცი კი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
ლალი პაპასკირი
ამბები. გე