"ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გათავისუფლდეს სასამართლო დარბაზიდან" - ასეთი ვერდიქტი გამოიტანა 18 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ. ამ სიტყვების მოსმენას დაკავებული თამაზ გოგია 8 წელიწადი ელოდა...
მას უახლოესი მეგობრის, გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას ანგარებით განზრახ მკვლელობაში ედებოდა ბრალი. დაკავების პირველი წუთებიდან იძახდა, რომ უდანაშაულო იყო, ამდენი წელი გავიდა, მაგრამ არ მავიწყდება სასამართლო პროცესზე ნათქვამი მისი სიტყვები:
"მეგობრის მკვლელობას მაბრალებთ! რატომ აკეთებთ ამ ბოროტებას, ნუთუ შეიძლება სკამისთვის ეშმაკს ემსახუროთ, ეს ცოდვა თქვენს ოჯახზე რომ გადავა, იცით?... მთვრალი ავედი მე-7 სართულზე, ამხელა, დევივით კაცი მოვკალი, მერე ქალბატონი ეთერიც მოვკალი, სახლიდან ოქროულობა მოვიპარე, ირგვლივ წიწაკა მოვაყარე, ელექტროღუმელი ჩავრთე და იქიდან წამოვედი? ნუთუ არ გრცხვენიათ? ამაზე მეტი რა უნდა დამაბრალოთ? ჩემთვის მთავარი სახელია. აღარ აქვს მნიშვნელობა, რას მომისჯით, 65 წელს თუ 10-ს. მე თამაზ ნინუას მკვლელობის ბრალდება მანადგურებს. არ შეიძლება ეს საქმე არ გაიხსნას, ანალოგიური გზით კიდევ ერთი კაცი - მაღალთაძეა მოკლული..." - ეს სიტყვები თქვა სასამართლოზე, მაგრამ მაშინ თემიდა დაყრუვდა...
თამაზ ნინუა
უამრავი ადამიანი მოჰყავდა პროცესზე პროკურატურას, თუმცა აშკარად არც ერთი ჩვენება არ ამყარებდა წაყენებულ ბრალს. ისიც კარგად მახსოვს, როგორ აიჩეჩა მოსამართლემ მხარი ამ მოწმეების დაკითხვისას და პროკურორ პროკოფი ჭანკოტაძეს ჰკითხა, მითხარით, რას გაძლევთ ახლა ამ მოწმეების დაკითხვაო. ამ ყველაფრის მიუხედავად ის დამნაშავედ სცნეს, მკვლელობებთან ერთად მას სხვა ეპიზოდებშიც ჰქონდა ბრალი წარდგენილი და სასჯელთა შეკრებითობით 69 წელი გამოუვიდა, მოსამართლემ საბოლოოდ 30 წელი მიუსაჯა.
რამდენიმე წლის შემდეგ ირკვევა, რომ ის უდანაშაულოა და თავად პროკურატურამ მიიღო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება.
ეს საზარელი დანაშაული საზოგადოების ყურადღების ცენტრში პროკურორ ვახტანგ ქირიას სადისტური მკვლელობის შემდეგაც მოექცა. შს მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ სკანდალური განცხადება გააკეთა - ქირიას მკვლელობის შემდეგ გამოძიება კიდევ ოთხი საქმით დაინტერესდაო. ესენია: ბიძინა კუჭავას დის გაუჩინარება, კუჭავას გერის მკვლელობა, ცოლ-ქმარ ნინუების მკვლელობა, გოჩა მაღალთაძის მკვლელობა. გამოითქვა ეჭვი, რომ ეს დანაშაულები ბიძინა კუჭავას ჩადენილი იყო, თუმცა დღემდე ეს საქმეები ბურუსითაა მოცული და გაირკვა თუ არა რამე გამოძიებით, უცნობია. თამაზ გოგია უდანაშაულოდ სცნეს და გაათავისუფლეს, მაგრამ თაროზე დევს ცნობილი გენერლის და მისი მეუღლის განზრახ მკვლელობის საქმე.
ბუნებრივია სასამართლოს გადაწყვეტილებას მოუთმენლად ელოდა თამაზ გოგია. "კვირის პალიტრამ" ჩაწერა ექსკლუზიური ინტერვიუ ციხიდან ახლახან გათავისუფლებულ გოგიასთან:
"წარმოიდგინეთ 8 წელიწადი ვიჯექი, ეს ხომ არ არის 8 თვე ან 8 დღე, რა დღეში ვიყავი ეს წლები, იყო უსამართლო განაჩენი, რომელმაც გამანადგურა. გამიგია წამალს უდებენ ადამიანს და ასამართლებენ, მაგრამ ორი მიცვალებული, უახლოესი მეგობარი მოკლაო, დააბრალო, ეს საშინელებაა. როგორ უნდა მეცხოვრა მე ან ჩემს შვილებს ამ ბრალით, ამაზე მეტი ფიქრი არ მქონდა ეს წლები. ამის დაბრალება შეიძლებოდა? სასამართლომაც მოკვლევა ჩაატარა და მივიდა ამ გადაწვეტილებამდე.
თუმცა, სულ ვნერვიულობდი ვაი თუ, არ გამოიტანონ გამამართლებელი განაჩენი და ვაი თუ ამათაც ვერ დაინახონ ჩემი სიმართლე - მეთქი. მაგრამ აღსდგა სამართალი, ამას რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეს რა მდგომარეობაა, ამხელა ბინძური ლაქა რომ მომეხსნა, ეს არის ყველაზე მთავარი ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის. ამ ლაქით როგორ უნდა ევლოთ? ჩემს მეგობრებს კიდევ კარგი, არ სჯეროდათ ამ ვერსიის, მაგრამ იცით, იმასაც ლაპარაკობდნენ, ბრალი აღიარაო, სულ რომ მოვეკალი ვინმეს, როგორ ვაღიარებდი ამ საშინელ მკვლელობას, იმას, რაც არ ჩამიდენია.
- რა ურთიერთობა იყო თქვენსა და თამაზ ნინუას შორის?
- 40 წელი ერთად მოვდიოდით, ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს, აგარაკზეც კი ერთად დავდიოდით. ჭირში თუ ლხინში ერთმანეთის გვერდით ვიყავით. უშიშროების გენერალი იყო, ის თავის საქმეზე არასოდეს არ საუბრობდა ჩემთან და არც მე არასოდეს მიკითხავს მისთვის რამე. ამ საქმეში, ფაქტობრივად, ყრუ-მუნჯი იყო...
მშენებლობა რომ წამოვიწყე, პენსიაზე იყო გასული, გაუხარდა ჩემთან რომ წავიყვანე. რატომ მომივიდოდა აზრად მისი მოკვლა? ან რა მიზეზით უნდა მომეკლა? ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ამხელა ბრალდება. თავიდანვე იყო ცნობილი, რომ იგივე ხელწერა იყო გოჩა მაღალთაძის მკვლელობაში, ისიც ერთი ტყვიით იყო მოკლული, ოთახში ელექტროქურა იყო ჩართული და წიწაკა მოყრილი... ეს მხოლოდ პროფესიონალს შეეძლო გაეკეთებინა, მაგრამ ამის გაგონება არავის სურდა. პირველივე წუთებიდან ვიძახდი, ვინც მაღალთაძე მოკლა, იმან მოკლა თამაზი და ეთერი და მე ნუ ამკიდებთ ამხელა ცოდვას-მეთქი. მაგრამ არ გამიგონეს, მე დამაბრალეს, ამხელა ცოდვა ჩაიდინეს. ოჯახი დამიღუპეს, მეგობრები, ვინც გვერდზე მედგა და მეხმარებოდა, ყველა დამიღუპეს განაგრძეთ კითხვა