ენგურჰესზე ტურისტული ცენტრი და მსოფლიო დონის ატრაქცია მოეწყობა. პროექტის კონცეფციის თანახმად, ტურისტული ინფრასტრუქტურა 157 ჰექტარზე იქნება გაშლილი, მოეწყობა შემეცნებითი და აღმოჩენათა ცენტრი, სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე, საბაგირო გზა, ღია საკონცერტო სივრცე, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი - 280-მეტრიანი ლიფტი, მდინარე ენგურზე გადასახედები, ასევე, კომპონენტები ექსტრიმის მოყვარულებისთვის. პროექტი ევროპის ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან - "კოკო არქიტექსსა" და გამოცდილ ესტონელ სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა. ასევე, გამოცხადებულია ტენდერი პროექტირებაზე, რისთვისაც სახელმწიფომ 2 მილიონი ლარი გამოყო.
სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონი ლარი იქნება, მოლაპარაკება პოტენციურ კერძო ინვესტორებთან მიმდინარეობს. პროექტის მომზადებას დაახლოებით წელიწადი დასჭირდება. წინასწარი გათვლებით, ტურისტული კომპლექსის პროექტირება და მშენებლობა დაახლოებით ხუთ წელიწადში უნდა დასრულდეს. ხელისუფლების აზრით, ენგურჰესის ტურისტული ზონა წელიწადში 400 ათასამდე ტურისტს მიიღებს, აქ მუდმივად დასაქმდება 200-მდე კაცი.
მიხეილ დუნდუა, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: - ენგურჰესი ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლია, ამიტომ დროული და მოსაწონია, რომ ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით მთავრობამ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის შემოგარენის განვითარებისთვის დაიწყო მუშაობა - მის ტურისტულ-საგანმანათლებლო ზონად, მსოფლიო დონის ატრაქციად გადასაქცევად. სამინისტრომ კარგად გათვალა, რადგან ენგურჰესი სვანეთის გზაზეა, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი ტურისტული მიმართულებაა. აქ კეთილმოწყობილი სამუზეუმო-რეკრეაციული სივრცე უფრო მიმზიდველს გახდის ზემო სვანეთის ტურისტულ მარშრუტსაც. აქ ვიზიტორთათვის მოეწყობა ენგურზე გადასახედი პლატფორმებიც. ენგურის თაღოვანი კაშხალი სიდიდით მეორეა მსოფლიოში ბეტონის თაღოვან კაშხლებს შორის და 2015 წელს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსიც მიენიჭა.