რამდენჯერ და რას დაადო ვეტო გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტობის 4 წლის მანძილზე

რამდენჯერ და რას დაადო ვეტო გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტობის 4 წლის მანძილზე

მიმდინარე წლის 20 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლებამოსილება გამოიყენა პარლამენტის მიერ მიღებულ ერთდროულად სამ კანონპროექტთან დაკავშირებით. აქედან ერთი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი - "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებული სხვადასხვა კანონპროექტი.

პირველი პროექტი - 7 თვითმმართველი ქალაქისთვის 2014 წელს მინიჭებული სტატუსის დაკარგვა, მეორე პროექტი კი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებია. ეს უკანასკნელი თავის მხრივ კიდევ ორ საკითხს მოიცავს: ერთი მხრივ, ცესკოში მეტი შემადგენლობა და შესაძლებლობა მმართველ პარტიას მიეცემა, მეორე მხრივ კი - თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ცესკოს შემადგენლობაში აღარ აისახება. ვინაიდან საარჩევნო კოდექსში ორი საკითხის ცვლილება იგეგმება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ "უკანასკნელად პრეზიდენტმა 2 კანონპროექტს, თუმცა 3 საკითხს დაადო ვეტო და პარლამენტსაც 3 კანონპროექტზე მომზადებული მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა".

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "ორივე კანონის სულისკვეთება ასუსტებს დემოკრატიულ პროცესს, ასუსტებს პლურალიზმისა და (საზოგადოების) ჩართულობის ხარისხს ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში".

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები უკვე გადაუგზავნა. მმართველი გუნდი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ იზიარებს. კანონპროექტზე სავარაუდოდ, 26 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. გაიზიარებს თუ დაძლევს საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფოს მეთაურის შენიშვნებს, სწორედ ამ სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

ამ ვეტოებამდე, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტობის ვადაში (2013 წლის იანვრიდან) ვეტოს უფლება უკვე 5-ჯერ გამოიყენა; პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ზოგიერთ საკითხზე პარლამენტმა გაითვალისწინა, ნაწილი კი არ გაიზიარა და ვეტო დაძლია. გთავაზობთ თითოეულ ვეტოს:

პირველი ვეტო

ვეტოს უფლება პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პირველად 2014 წლის 31 ოქტომბერს გამოიყენა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს (ე.წ. ფარული მოსმენების კანონი) დაადო ვეტო. აღნიშნული კანონპროექტი, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების მიღებისთვის, რომელიც შსს-ის პერსონალურ მონაცემებზე პირდაპირ წვდომასაც მოიცავდა, ვადა 2014 წლის 1 ნოემბრის ნაცვლად, 2015 წლის 28 თებერვლამდე გახანგრძლივებას გულისხმობდა.

პრეზიდენტმა პარლამენტს მოუწოდა, ცვლილებები მაქსიმალურად მოკლე დროში განეხორციელებინათ და ახალი რეგულაციებიც 2014 წლის 1 დეკემბრამდე მიეღოთ. პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაიზიარა და 96 ხმით 1-ის წინააღმდეგ ცვლილებების განხორციელების ბოლო ვადად 2014 წლის პირველი დეკემბერი დადგინდა, რის მიხედვითაც, პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის "გასაღები" შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 28 თებერვლის ნაცვლად 2014 წლის 1 დეკემბრამდე დარჩა.

მეორე ვეტო

მარგველაშვილმა მეორე ვეტო 2014 წლის 29 ნოემბერს, კვლავაც ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან მიმართებით გამოიყენა. პრეზიდენტის თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელმაც "მოსმენების გასაღებს" შსს-ის დაუტოვა, მას პერსონალური მონაცემებისა და ფარული მიყურადების პროცესის მონაწილეს ხდის. მარგველაშვილის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ვარიანტი კი, ფუნქციათა გადანაწილებას გულისხმობდა. კერძოდ, ამ მოდელით, მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილი ორგანოები, პროცესზე ზედამხედველობას კი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ხოლო მიყურადების გახსნის ნებართვას გასცემს სასამართლო. მარგველაშვილი განმარტავდა, რომ "თუკი ფუნქციები ამგვარად იქნება გადანაწილებული, ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო ინტერესებს შორის ბალანსი მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი". პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტმა ამჯერად აღარ გაიზიარა და 2014 წლის 30 ნოემბერს, 78 ხმით 9-ის წინააღმდეგ, ვეტო დაძლია.

მესამე ვეტო

მარგველაშვილმა კონსტიტუციური უფლება მესამედ უკვე 2015 წლის 31 ივლისს გამოიყენა და "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელივ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფას ითვალისწინებდა, ვეტო დაადო. პრეზიდენტი განმარტავდა, რომ "ვეტოს საფუძველი კანონის მიღების დაჩქარებული პოცესი და მისი შინაარსი გახდა" და პარლამენტს შესთავაზა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენას გულისხმობდა". თუმცა, საპარლამენტო უმრაველესობამ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არც ამჯერად გაითვალისწინა და 2015 წლის 3 სექტემბერს, 81 ხმით 12-ის წინააღმდეგ, ვეტო დაძლია.

მეოთხე ვეტო

2016 წლის 31 მაისს მარგველაშვილმა კვლავ გამოიყენა კონსტიტუციური უფლება და ამეჯრად ვეტო "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონსა და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს დაადო. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევის წესს, მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადებს, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის, მისი გამოქვეყნების წესებსა და სხვა საკითხებს შეეხებოდა. მარგველაშვილის თქმით, მის მიერ გაგზავნილი მოტივირებული შენიშვნები "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირების გარანტი" იქნებოდა, რაც პარლამენტმაც გაიზიარა და 2016 წლის 3 ივნისს გამართულ კენჭისყრაზე, 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ, პარლამენტმა ვეტოს დაძლევაზე უარი განაცხადა.

მეხუთე ვეტო

2017 წლის 24 იანვარს პრეზიდენტმა ვეტო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ, ე.წ. მესამე ტალღის, საკანონმდებლო პაკეტს დაადო. საკანონმდებლო პაკეტით, სასამართლოებში საქმეების ელექტრონული გადანაწილების წესის შემოღება, მოქმედ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ვალდებულებისგან განთავისუფლება, მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების მახასიათებლები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკრეტული რაოდენობა (16 წევრი), დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა და სხვა საკითხები იყო მოცემული. პრეზიდენტი განმარტავდა, რომ "აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს" და იმედს გამოთქვამდა, რომ პარლამენტი მის მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებდა, თუმცა, 2017 წლის 8 თებერვალს, 74 ხმით 26-ის წინააღმდეგ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის 20 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ერთდროულად 2 კანონპროექტს (თუმცა 3 საკითხს), მთლიანობაში კი, მთელი პრეზიდენტობის ვადაში უკვე 8 საკითხს დაადო ვეტო. აქამდე პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო და მოტივირებული შენიშვნები მხოლოდ ორჯერ გაიზიარა, დანარჩენი კი დაძლია. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ამჯერად პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოებზე, ჯერჯერობით უცნობია. თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებზე დადებული ვეტოების დასაძლევად პარლამენტს 76 დეპუტატის მობილიზაცია დასჭირდება და საბოლოო პასუხი სავარაუდოდ, 26 ივლისს დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე გახდება ცნობილი.

ელზა ელბაქიძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."