პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობაში მსჯავრდებული თამაზ გოგია გამართლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
"საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2017 წლის 18 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გენერალ თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ თამაზ გოგიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ამავე კოდექსის 310-ე მუხლის "ზ1" ქვეპუნქტის საფუძველზე, 2017 წლის 17 ოქტომბერს, ახალმა დეპარტამენტმა მსჯავრდებულ თამაზ გოგიას მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა თამაზ გოგიას მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
თამაზ გოგია მსჯავრდებულ იქნა, მასზედ რომ 2009 წლის 11 ნოემბერს, თბილისში მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე გენერალ თამაზ ნინუას საცხოვრებელ ბინაში, კომპანიის წილებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის გამო, მან მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით, ანგარებით, მოკლა ჯერ თამაზ ნინუა, ხოლო შემდგომ კვალის დაფარვის მიზნით მისი მეუღლე ეთერ ნინუა.
2010 წლის 13 აგვისტოს, თამაზ გოგიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა თამაზ გოგიას მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდზე, რაც გახდა მთავარი მტკიცებულება თამაზ გოგიას მიმართ მკვლელობაში მსჯავრდებისთვის, რისთვისაც მას 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ახალი გამოძიების პირობებში, 2016 წლის 06 ივლისს, ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემულ იქნა კომისიური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც გამორიცხა თამაზ გოგიას ხელის ანაწმენდებზე დენთის კვალის არსებობის ფაქტი და ეჭვქვეშ დააყენა ხსენებული მტკიცებულების რელევანტურობა.
გარდა ამისა, ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ის გარემოება, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს გააჩნდათ არალეგიტიმური დაინტერესება თამაზ გოგიას მიმართ, რათა მას ხელოვნურად შერაცხოდა თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის ფაქტი. ამ მიზნით სისხლის სამართლის საქმეში ხელოვნურად შეიქმნა მისი მამხილებელი მტკიცებულებები, რომლებიც გაბათილდა და ეჭვქვეშ დადგა ახალი გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით.
ამრიგად, ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თამაზ გოგიას მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მსჯავრდებული სრულად გაამართლა.
პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვისა და მათი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით დაიწყო შეუქცევადი ხასიათი აქვს. დღეის მდგომარეობით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 27 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 11 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.