უზნაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. 19 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში მისივე ბიძაშვილი - 22 წლის ბიჭია ბრალდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ივლისს თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, თავის მამიდაშვილს - 1998 წელს დაბადებულ ანა ხელაძეს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა რ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ახალგაზრდა მამაკაცი დანაშაულს აღიარებს.
მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მას მეგობრები დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ არ არის კონფლიქტური ადამიანი, კარგად სწავლობდა და უამრავი ინტერესი ჰქონდა, მათ შორის სიმღერა. როგორც AMBEBI.GE-ს ბრალდებულის მეგობრებმა განუცხადეს, ახალგაზრდამ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა.
ლ.თ, უნივერსიტეტის თანამშრომელი: "ყველანაირად გამორჩეული ადამიანია. კარგი სტუდენტი იყო, სწავლითაც კარგად სწავლობდა. სტუდენტურ აქტივობებშიც მონაწილეობდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩაკეტილი, თავისებური ადამიანია, უნივერსიტეტი წელს დაამთავრა. კონფლიქტი არასოდეს არავისთან მოსვლია".
ბრალდებულის მეგობარი: "კარგად სწავლობდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ასეთ რამეს ვერავინ იფიქრებდა. რა გითხრათ არ ვიცი, შოკშია ყველა".
მ.თ, "სდასუ"-ს სტუდენტი: უნივერსიტეტის ანსამბლში ერთად ვმღეროდით. ძალიან ჩაკეტილი ტიპი იყო. მარა მკვლელი თუ იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს.
თ.ზ, "სდასუ"-ს სტუდენტი: "ვიცნობდი როგორც უკონფლიქტო, მორიდებულ ადამიანს. სწავლობდა კარგად და აქტიურად ღებულობდა მონაწილეობას სტუდენტურ აქტივობებში. ამ ამბის გამო შოკში ვარ".
19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცი ფოთში გუშინვე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული მოკლულის ბიძაშვილია. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თიკო გურაშვილი