დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე, თბილისში გაჩნდა დიდი სავაჭრო ცენტრები და არეალები - ე.წ. "ბაზრობები", "მოლები" და "მეგამარკეტები".
"ამ ობიექტებიდან განსაკუთრებულად მსხვილი და პოპულარული ერთეულები ქმნიან საცალო ვაჭრობის სპეციალიზებულ ცენტრებს. ასეთი ცენტრების შემოთავაზებულ მომსახურებას გააჩნია ფართო სპექტრი და ის ფარავს მოსახლეობის საშუალო და გრძელვადიან, სპეციფიკურ მოთხოვნილებებს, როგორებიცაა მაგალითად, ავეჯი ან სამშენებლო მასალები. არსებული სიტუაციის ანალიზის მიხედვით, თბილისის ეკონომიკის ამ სექტორში სერიოზული დისბალანსია მოთხოვნა-მიწოდების მხრივ. კერძოდ, მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას. ასევე, პრობლემატურია ზოგი სავაჭრო ცენტრის განთავსების საკითხი, რაც განპირობებულია სავაჭრო არეალების ზომის შეუთავსებლობით ადგილის ტერიტორიულ და ინფრასტრუქტურულ (ძირითადად, სატრანსპორტო) შესაძლებლობებთან. წინამდებარე კონცეფციით, ახალი სპეციალიზებული სავაჭრო ცენტრების განვითარება უნდა შეიზღუდოს. სექტორის ეკონომიკური მგრძნობიარობის გამო, საჭიროა ყველა დიდი მასშტაბის სავაჭრო ობიექტის (5,000 კვ.მ ზემოთ) თბილისის დამგეგმარებელი ორგანოების მიერ დეტალური შესწავლა, მათი თბილისისათვის ეკონომიკური სარგებლიანობის კვლევის ჩათვლით", - ნათქვამია კონცეფციაში.
გარდა ამისა, თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის მოსაზრებით, უახლოეს წლებში აუცილებელი იქნება შემდეგი ღონისძიებების გატარება: საცალო ვაჭრობის პოლიტიკის შემუშავება, სადაც განსაზღვრული იქნება სექტორის სასურველი განვითარებები და შეზღუდვები; არსებული სავაჭრო სპეციალიზებული ცენტრების რელოკაცია, რომელთა ქალაქის ცენტრთან სიახლოვე იწვევს სატრანსპორტო პრობლემებსა და გარემოს დაბინძურებას. ამ უკანასკნელის მაგალითად, ელიავას ბაზრობა არის მოყვანილი.