უზნაძის ქუჩაზე მოკლულ 19 წლის გოგონას ბიძაშვილთან, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული, კარგი ურთიერთობა ჰქონდა - ამის შესახებ ოჯახის მეზობლებმა განაცხადეს.
როგორც AMBEBI.GE-სთან რამდენიმე მეზობელმა აღნიშნა, ახალგაზრდებს შორის რაიმე უთანხმოების შესახებ არ სმენიათ.
მეზობლების ცნობით, სტუდენტები, რომლებიც ერთმანეთისთვის ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ, უზნაძის ქუჩაზე ახლო ნათესავთან - აზა ახალაიასთან ცხოვრობდნენ, რომელიც 4 დღის წინ ფოთში დასასვენებლად წავიდა.
"აზა ახალაია გოგონას დეიდაა, ხოლო ბიჭის მამიდა. აზას ორი შვილი ჰყავს, ისინი ოთხი დღის წინ ფოთში წავიდნენ დასასვენებლად. ანას და რ-ს, როგორც ვიცი გამოცდები ჰქონდათ და თბილისში დარჩნენ. ამ 4 დღის განმავლობაში ხმაურის, ჩხუბის, ან რაიმე დაპირისპირების ხმა არ გაგვიგია. ორივე ახალგაზრდა ყოველთვის ძალიან მოწესრიგებული იყო და არასდროს მიუქცევიათ რაიმე განსაკუთრებული ყურადღება", - აცხადებენ მეზობლები.
მეზობლებისვე ინფორმაციით, გუშინ ერთ-ერთ სტუდენტს გამოცდა ჰქონდა და იმის გამო, რომ ვერც ერთს და ვერც მეორეს ოჯახის წევრები ტელეფონით ვერ დაუკავშირდნენ, მეზობლებს სთხოვეს კარზე დაკაკუნება, თუმცა კარი არავინ გააღო.
"კარს არავინ აღებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდნენ ნათესავებიც. აქვე მშენებლობა მიმდინარეობს და მშენებლებს კიბე სთხოვეს. კიბის მეშვეობით ახალგაზრდა ბიჭი მეორე სართულის აივნიდან შევიდა ბინაში, მაგრამ მალევე უკან ყვირილით გამოვარდა - ანა სისხლში სცურავს, ყელი აქვს გამოჭრილიო. შოკში ვიყავით, დავრეკეთ სასწრაფოში, პოლიციაში", - განაცხადეს მეზობლებმა.
19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცი ფოთში გუშინვე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული მოკლულის ბიძაშვილია. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.