პროფესიით ფსიქოლოგი და სამართალმცოდნე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის სრული პროფესორი; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - გუგული მაღრაძე თავისი საქმიანობის, განათლებასთან დაკავშირებული საკითხების, ინტერესებისა და ოჯახური ცხოვრების შესახებ გვესაუბრება:
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, აღიარების თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ამ სფეროში ბევრი ადამიანია დასაქმებული - 65 ათასი მასწავლებელი, პროფესორები, კულტურის მუშაკები და სხვა, მათ ყოველთვის აქვთ პრობლემები, რომელთა გადაჭრა ზოგჯერ შეგვიძლია, ზოგჯერ - არა. ესეც ერთი სიძნელეა ამ კომიტეტში მუშაობისა. მნიშვნელოვანია განათლების რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები. ვიცით, რომ წინა წლებში გარკვეული ძვრები და წინსვლა იყო, მაგრამ მიდგომები იცვლება ხოლმე და რეალობასთან მათი თანხვედრა აუცილებელია. ვფიქრობ, კარგი კანონები მივიღეთ უმაღლესი განათლების მიღებასთან, სკოლებში მასწავლებელთა სერტიფიცირებასთან დაკავშირებით, რაც მათ ამ პროცესს უფრო უადვილებს და ბევრი სხვა საკითხი წამოვწიეთ.
- როგორია მინისტრ ჯეჯელავასთან თანამშრომლობა? რამდენად ითვალისწინებს თქვენს მოსაზრებებს?
- ვფიქრობ, იგი ძალიან ღიაა თანამშრომლობისთვის, პროგრესული, პირდაპირი ადამიანია, იმ აზრებს გამოთქვამს, რომელიც გულში ყველას აქვს, მაგრამ კონიუნქტურული გარემოებების გამო, ვერ ამბობს და მე მას ბევრ რამეში ვეთანხმები. შვილიშვილები მყავს სკოლის მოსწავლეები და ვფიქრობ, მართებულია, რომ V-VIII კლასებში დატვირთვა შედარებით ნაკლები უნდა იყოს, ძირითადი საკითხები უნდა ასწავლონ, ის, რაც ცხოვრებაში დასჭირდებათ. ვთვლი, რომ პირველიდან მეოთხე კლასამდე კითხვის ჩვევებზე, გაგებაზე, აზრის გამოთქმაზე, ძირითად ცნებებზე უნდა იყოს აქცენტი და ამასთანავე, რეჟიმზე - ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა ჩამოუყალიბდეთ. ბავშვს სკოლა უნდა შეუყვარდეს, კი არ უნდა შესძულდეს. საუბარია იმაზეც, რომ მეტი სპეციალიზებული სკოლა გაიხსნას, ქვეყანაში პროფესიული განათლების პრესტიჟმა უნდა აიწიოს, რადგან საქართველოში რაც ხდება, წარმოუდგენელია - ყველა ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომი აქვს, რომლითაც შრომით ბაზარზე შესაბამის სამსახურებს ვერ შოულობს, იმედგაცრუება ეუფლება, პესიმისტური შეხედულებები უყალიბდება და ა.შ. ცხრა კლას დამთავრებულ ახალგაზრდას უკვე გამოკვეთილი უნდა ჰქონდეს, რა შეუძლია და ისეთი რამ ისწავლოს, რაც მას უნდა. თუ 18-20 წლის ასაკში უმაღლესი განათლების მიღება მოუნდება, ამის შესაძლებლობაც ექნება. ეს გზა გაიარა ევროპის ყველა განვითარებულმა ქვეყანამ. მართალია, დასაქმების პრობლემაა, მაგრამ რამდენჯერ გამოცხადებულა ვაკანსია, სადაც შესაბამისი პროფესიონალი კადრი ფიზიკურად აღარ გვყავს და საზღვარგარეთიდან იწვევენ. სიტუაციას რეალისტურად შევხედოთ. განაგრძეთ კითხვა