"ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილის სახით მხარში კარგი ვაჟკაცი მიდგას. ბედნიერი ვარ, რომ ეს პროფესია ავირჩიე, სცენაზე დგომა, რეპეტიცია, გადაღება დიდ სიამოვნებას მანიჭებს", - ამბობს მსახიობი მარინა კახიანი. რა აღიზიანებს ყველაზე მეტად, რის გამო საყვედურობენ, რას ნანობს და რას შეცვლიდა საკუთარ გარეგნობაში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ბალერინა და ამავე დროს, მქონდა სურვილი, არქეოლოგიაც შემესწავლა. არასდროს მიოცნებია ექიმობაზე. საბავშვო მანქანის მძღოლობა მომწონდა. ერთი პერიოდი ამოვიჩემე, - მაღაზიის გამყიდველი ხომ არ გამოვიდე-მეთქი? ამ ყველაფრის პარალელურად, ყოველთვის ვფიქრობი მსახიობობაზე. 13 წლის ასაკში, სპექტაკლი დავდგი, რეჟისორი ვიყავი და თან, ვთამაშობდი. ზაფხულობით ოქროყანაში აგარაკზე ავდიოდით. იქ ძირითადად, ერთი და იგივე ბავშვები ვიკრიბებოდით. ოქროყანა იყო ჩვენი სამოთხე. მაისში ავდიოდით და ხანდახან, ოქტომბრამდეც კი ვრჩებოდით. ამ დღეებს მთელი წლის განმავლობაში ველოდებოდით. დავდგი სპექტაკლი "კონკია", სადაც ფერიას როლი შევასრულე. შარშან ეს სპექტაკლი პროფესიულ სცენაზე რომ დაიდგა, სულ ვამბობდი, - ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა-მეთქი. ამჯერად, დედინაცვლის როლი ვითამაშე.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ცუდი არაფერი მსმენია. ხშირად უთქვამთ, სანამ გაგიცნობდით, ცივი და უკარება გვეგონეო, ეს იყო მათი პირველი შთაბეჭდილება. ვინც ახლოს მიცნობს (გამოდის, რომ ჩემს თავს ვიქებ), ყველა ამ აღმოჩენას აკეთებს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...ჩემი შვილის სახით მხარში კარგი ვაჟკაცი მიდგას. ბედნიერი ვარ, რომ ეს პროფესია ავირჩიე, სცენაზე დგომა, რეპეტიცია, გადაღება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ცოტათი ზარმაცი ვარ - ეს ასაკში აღმოვაჩინე. ყველაფერი მეზარება, გარდა ჩემი პროფესიისა. რეპეტიციაზე დილის 5 საათამდე დავრჩენილვარ, მიმუშავია ისე, რომ ერთხელ არ დამიწუწუნია. არასდროს გამოვთქვამ უკმაყოფილებას, მით უმეტეს მაშინ, როცა კარგ რეჟისორთან კარგ როლს ვთამაშობ.
თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ადამიანებს გვგონია, რომ საკუთარ თავს ყველაზე კარგად ვიცნობთ, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. შეიძლება, სხვა უფრო კარგად გიცნობდეს. ჩვენ ხანდახან რაღაცები გვგონია. ყველაზე მეტად ჩემში რა მომწონს? გარშემო მყოფთ წვრილ-წვრილ ცოდვებს ადვილად ვპატიობ.