რამდენიმეთვიანი უარყოფისა და თავის მართლების შემდეგ, რამზან კადიროვმა აღიარა, რომ მისი აზრით, "გეები ჩეჩნეთიდან უნდა მოაშორონ". ამერიკულ ტელეარხ "ნვოსთან" ინტერვიუში კადიროვმა ამ თემაზე საუბარს გვერდი ვერ აუარა და აღნიშნა, რომ თუ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალები არსებობენ, მაშინ ისინი კანადაში უნდა წაიყვანონ. ამერიკული ტელეარხის ჟურნალისტთან დევიდ სკოტთან ინტერვიუში ჩეჩნეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ძალოვანებს შესთავაზა, ნარკომანები გამოძიებისა და გასამართლების გარეშე დაეხვრიტათ...
მან გეების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა, მათ "შაითანები" და არაადამიანები უწოდა და თქვა, რომ თუკი ისინი იქ მართლა არსებობენ, მაშინ რესპუბლიკის ტერიტორიიდან უნდა გააძევონ, რათა ერის "სისხლი გაიწმინდოს".
დამოუკიდებელმა რუსულმა გაზეთმა "ნოვაია გაზეტამ" ჩეჩნეთში დახოცილი გეების სია წარმოადგინა. აღნიშნული ინფორმაცია მან ჰომოსექსული ჩეჩნების მასობრივ დაპატიმრებაზე, წამებასა და მკვლელობებზე აპრილში მომზადებული ვრცელი მასალის კვალდაკვალ მოიპოვა, სადაც დაზარალებულები მომხდარზე საუბრობენ და ძალოვნების მხრიდან არაადამიანურ დამოკიდებულებაზე ჰყვებოდნენ.
თუმცა, რესპუბლიკის ხელისუფლებამ ჟურნალისტი ცილისწამებაში დაადანაშაულა, ცოტა ხანში კი რედაქციას დაემუქრნენ...
9 ივლისს "ნოვაია გაზეტამ" ჩეჩნეთში, 26 იანვრის ღამეს გეების მასობრივი დასჯის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ამ ადამიანებს პირდაპირ, ყოველგვარი ბრალის წარდგენის გარეშე ესროლეს. მათივე ინფორმაციით, შესაძლოა, კიდევ 56 ადამიანის საქმე გაიხსნას, რადგან უკვე ცნობილია, რომ გროზნოში, რუსეთის გმირის აჰმად-ჰაჯი კადიროვის სახელობის საპატრულო პოლკის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ჯგუფიც დააკავეს. საქმე ის არის, რომ გროზნოში ადამიანების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მუდმივად ვრცელდება.
გამოცემის ინფორმაციით, იმ დროისთვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ შსს მინისტრის მოადგილე აპტი ალაუდინოვი, ჩეჩნეთის ლიდერის პირადი დაცვის უფროსი აბუზეიდ ვისმურადოვი და სხვა ძალოვანი მაღალჩინოსნები.
ჩეჩენ ჟურნალისტთა საბჭომ გამოცემას ღია წერილით მიმართა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ არ წარმოადგინეს ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტები. რუსული მედია ჩეჩენი ჟურნალისტების მიმართვას გამოეხმაურა და მას არაკორექტული უწოდა.
თუმცა, თავის მხრივ, "ნოვაია გაზეტა" აქვეყნებს 27 დაღუპულის სიას და იქვე დასძენს, რომ მათგან 10 - საიდუმლო ციხეში დახვრიტეს... მათი მონაცემების კვალდაკვალ უკვე მუშაობს რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ტატიანა მოსკალკოვი...
უფლებადამცველი ცენტრი "მემორიალი" ადასტურებს ჩეჩნეთში ადამიანების უკვალოდ გაქრობას. ცენტრის ხელმღვანელის ოლეგ ორლოვის თქმით, ერთ ღამეში დაკარგული 6 ადამიანიდან, 4 სახლში არ დაბრუნებულა და მათზე სისხლის საქმე აღიძრა.
როგორც გაირკვა, ერთ-ერთი მათგანი გულის შეტევით დაიღუპა, თუმცა ორლოვის თქმით, მისი ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არაოფიციალური წყაროებიდან შეიტყვეს. 3 ადამიანის ბედი დღემდე უცნობია...
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის ინფორმაციით, კრემლში "ნოვაია გაზეტას" მიერ მოძიებული მასალების საქმის კურსში არიან, თუმცა, ამავდროულად, მათ მუდმივი ურთიერთობა აქვთ ჩეჩნეთის ხელმძღვანელობასთან... უფრო ადრე, ჩეჩნეთის ნაციონალური პოლიტიკის მინისტრმა ჯამბულატ უმაროვმა გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ გამოცემის მიერ მომზადებული გამოძიება ჩეჩნეთის რესპუბლიკისთვის ტალახის სროლაა.
არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე მიტანილი მასობრივ იერიშის შესახებ ისაუბრა რამზან კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას. ის მომხდარს კატეგორიულად არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ჩეჩენი ხალხის ავტორიტეტის შელახვას ემსახურება.
"ჩეჩნეთში არ არიან ასეთი ადამიანები, თუმცა, არც დავუშვებთ იყვნენ. ამას როგორც ჩეჩნეთის ლიდერი კი არა, როგორც რიგითი მოქალაქე ისე ვამბობ და ზუსტად ვიცი, რომ მათ არსებობას ხალხი არ დაუშვებს და ოჯახის წევრები მათ თავად გაუსწორდებიან... ასე რომ, მე არ მაქვს ინფორმაცია მათი რესპუბლიკაში არსებობის შესახებ, თუმცა, თუ ისინი მართლა არიან, ჯობია, დროულად წავიდნენ აქედან შორს... მივმართავ იმ ორგანიზაციებს, ვისაც მათი ბედი ძალიან აღელვებთ და მათ უფლებებზე ზრუნავენ, წაიყვანონ ისინი აქედან კანადაში... ისინი აქ არ არავის სჭირდება... ერის სისხლი უნდა გაიწმინდოს,"- აცხადებს კადიროვი.
დასავლურ მედიაში კადიროვის ინტერვიუს ცინიკური შეფასებები მოჰყვა. მათი თქმით, ბოლოდროინდელი განცხადებებით, პუტინის ფავორიტი ჰიტლერს წააგავს და კარგად არ დაასრულებს.
ლალი პაპასკირი
ამბები. გე