ადვოკატ გიორგი მახარაძის ინფორმაციით, მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა (ბახალა) პოლიციას თანამშრომლობაზე უარი უთხრა და სწორედ ამიტომ დაკავებით დასაჯეს. როგორც ადვოკატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგანაშვილის დაკავების საქმე იდენტურია, როგორც ყველა "ჩადების" შემთხვევაში ხდება და საქმეზე მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება დევს.
"გიორგის საქმეში არსებობს მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება. მეტი რაიმე ობიექტური დეტალი საქმეში არ არის. ეს ორი პოლიციელი ამბობს, თითქოს მათ ამოიღეს ბუპრენორფინი. გიორგი დაკავების მომენტიდან არ აღიარებს დანაშაულს, რადგან ადამიანმა არ შეიძლება აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია. არაერთხელ შესთავაზეს საპროცესო გარიგება, რაზეც უარს აცხადებს, რადგან როგორც თავად ამბობს, არ ჰქონია ის ნივთიერება, რომელიც მისგან "ამოიღეს", - განაცხადა ადვოკატმა.
მახარაძის განცხადებით, დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ გიორგანაშვილს პატიმრობა შეიცვალოს ნაკლებად მკაცრი აღმკვეთის მიმართულებით. რაც შეეხება მისთვის კომუნიკაციის შეზღუდვას, გიორგი მახარაძის თქმით, გიორგი გიორგანაშვილზე მოქმედებდა პროკურორის შეზღუდვა გარესამყაროსთან კომუნიკაციის თაობაზე, თუმცა ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვის ვადა უკვე გავიდა.
"ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ ასრულებს სასჯელაღსრულების დაწესებულება კანონს და რატომ არ უზრუნველყოფს გიორგის კომუნიკაციას გარესამყაროსთან", - აღნიშნა მახარაძემ.
გიორგანაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.