ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ მოსულიზე კონტროლი დაკარგა. "სამწლიანი ბრძოლის შემდეგ, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" დამარცხებულია - ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ მოსულში განაცხადა და შეიარაღებულ ძალებსა და მოქალაქეებს გამარჯვება მიულოცა. მისივე თქმით, ქალაქი თითქმის მიწასთან გასწორებული, თუმცა, ISIS-ისგან თავისუფალია.
ანალიტიკოსების აზრით, მოსულის დაკარგვა დაეშისთვის სერიოზული დარტყმაა, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო განადგურდა... მეტიც, ეს ნიშნავს, რომ დანარჩენმა მსოფლიომ სიმშვიდე დაკარგა.
როგორც ცნობილია, მოსულსა და ალეპოს ბოლო წლების განმავლობაში "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები აკონტროლებდნენ. სწორედ მაშინ, დაღესტნელი ქაზიმ ნურმაგომედოვი სირიაში შვილის საძებნელად ჩავიდა, რომელიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა. რუსული მედია მის ჩანაწერებს ავრცელებს...
"ვიცოდი, სირიაში თურქეთიდან უნდა გადავსულიყავი... მანამდე ჩემს შვილს ვესაუბრე და ვუთხარი, შენთან ვაპირებ ჩამოსვლას-მეთქი. ვიცოდი, ქალაქ ხატაიში იყო. არაფერი უთქვამს. სახლში ახალმოყვანილი, ფეხმძიმე მეუღლე დატოვა... მისი წასვლის ამბავი რამდენიმე დღის შემდეგ გავიგე. ერთმანეთს "ვოტსაპით" და "ვაიბერით" ვუკავშირდებოდით... ერთი სიტყვით, თურქეთში წავედი და მისი კარნახით, რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ, ერთ-ერთ ქალაქში, ვიღაცის სახლში აღმოვჩნდი...
მეორე დილით, ნამაზისთვის ავდექით... სირიაში ჩემთან ერთად ვიღაც ჰიჯაბიანი ქალიც მოდიოდა... მეგონა, რამდენიმე საათი უნდა გვევლო, მაგრამ დაახლოებით 500 მეტრი გავიარეთ და საზღვართან აღმოვჩნდით. რამდენიმე წყება მავთულხლართები იყო გავლებული. აქეთ მხარეს თურქული ჯავანშამანქანა იდგა... იქ მდგომმა თურქმა ჯარისკაცებმა მითხრეს, - ოფიციალური საზღვარიაო.
ჩემმა მძღოლმა მათ რაღაც უთხრა. მერე მე მომიბრუნდა, - 100 დოლარი უნდა მომცეთო... - შემდეგ, მესაზღვრემ მავთული აწია და გაიარეთო, - მანიშნა... დაღმართის ბოლოს ჩემი შვილი დამხვდა, რამდენიმე მეგობართან ერთად. მანქანაში ჩავსხედით და რაღაც სახლისმაგვარს მივუახლოვდით. ოთახში ახალგაზრდა ბიჭები იატაკზე ისხდნენ... ხელში ყველას "სმარტფონი" ეჭირა. თვალებანთებული, ემოციებით სავსე იყვნენ და დემაგოგობდნენ, - ყველა ღირსეული ადამიანი უნდა ჩამოვიდეს. აქ ალაჰისთვის ვიბრძვითო...
ყველა რუსულად ლაპარაკობდა. მათ შორის კავკასიელები და შუა აზიელებიც იყვნენ. ერთმა მითხრა, ტაჯიკი ვარ, ეგვიპტეში ვსწავლობდიო... დაღესტნელებიც ბევრნი იყვნენ. თავიდან ბნელოდა, მერე თვალი შემეჩვია. 10-მდე იქნებოდნენ. ერთი ყველაზე ახალგაზრდა იყო, - 18 წლამდე, სათვალიანი. უაქცენტო რუსულით საუბრობდა, - ჩეჩენი ვარ, საფრანგეთში ვცხოვრობდიო, მითხრა.
ყველა ამბობდა, რომ სიმართლისთვის იბრძოდნენ, რომ ეს ისლამის მიწა იყო და ა.შ... კარგა ხანს ჩუმად ვუსმენდი მათ. შემდეგ კი იმ დაბრიყვებული ბავშვების ყურება ვერ შევძელი, - წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, ვის ებრძვით და ვინ დგას მეორე მხარეს... როგორ ბედავთ და მასწავლით ისლამი სად არის-მეთქი?! უფროსი კაცის მიმართ პატივისცემის ნიშნად, ყველა გაჩუმდა... შემდეგ ჩემს შვილთან და იმ ტაჯიკთან ერთად სადღაც წავედით მანქანით. ეს იყო ქალაქ ალეპოს გარეუბანი. იმ ადგილს კაფრ-ჰამრა უწოდეს. ლამის ყველა ქუჩა საზღვრებად იყოფოდა, სადაც წვერიანები და უწვეროები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ...
დაღესტნელი მამაკაცები ემოციურობით არ გამოვირჩევით, მაგრამ ჩემი შვილი პირველივე დღეს თურქეთის საზღვარზე უცხოსავით შემხვდა... ვიფიქრე, მეგობრების მოერიდა-მეთქი, თუმცა, შემდეგ დღეებშიც არ მელაპარაკებოდა. გაუცხოებული იყო. ჩემი თანდასწრებით მეგობრებს არაბულად ელაპარაკებოდა, ალბათ ეგვიპტეში ისწავლა...
იქ, კაფრ-ჰამრაში "მუჰაჯები" გვიწოდეს, არ ვიცი, რატომ... არ არსებობდა არავითარი სახელმწიფო ინსტიტუტი, რაიმე სისტემა, ადმინისტრაციული დაყოფა... საერთოდ არაფერი... ვინც სად მოასწრო, იქ შევარდა და "დასახლდა". ერთადერთი რაც მუშაობდა, წამლების ქარხანა იყო, რომელიც ასადის რეჟიმს, სავარაუდოდ, დაუზიანებლად წაართვეს. უბრალოდ, დაჯგუფებები იყვნენ, შეიარაღებული ან იარაღის გარეშე, რომელთა ლიდერები წყვეტდნენ რაღაც საკითხებს... ეს ლიდერები ორსართულიან სახლებში ცხოვრობდნენ, დაცვასთან და დაჯგუფების სხვა წევრებთან ერთად. სხვები 20-25 ადამიანი ერთ კოტეჯში იყვნენ, ერთად ჭამდნენ, ეძინათ და ლოცულობდნენ.
საკვებს, ძირითადად, თავად იმზადებდნენ, - რაღაც ფაფა, მოხარშული ქათმის ან ცხვრის ხორცი და ჩაი გვქონდა. დღისით სადღაც გადიოდნენ - საქმეზე მივდივართო, ამბობდნენ და ღამე ბრუნდებოდნენ. ისლამის, ალაჰისა და სხვა სულიერი საკითხების გარდა, ერთმანეთში არასდროს არაფერზე საუბრობდნენ. ხელში ან მობილურები ეჭირათ ან ყურანს კითხულობდნენ... ყველას ერთნაირი სახე ჰქონდა, სექტის წევრებს ჰგავდნენ. მაინტერესებდა ქუჩაში, გარშემო რა ხდებოდა, მუდმივად მესმოდა დაბომბვები და სროლების ხმა, მაგრამ არ მიშვებდნენ. დამატებითი პრობლემები შექმნაც არ მინდოდა.
ჩემს შვილს შველა სჭირდებოდა... ერთ დღესაც მარტო მოვიხელთე - შენი ცოლი დღე-დღე იმშობიარებს, ვის იმედად ტოვებ ოჯახს, დედაშენი ავადმყოფობს და ხვალ და ზეგ რამე რომ მოხდეს, შვილს ვინ გაგიზრდის, უნდა წამოხვიდე-მეთქი... არ შემიძლიაო - მითხრა! - აქ 100 დოლარად ჩამოვედი, ე.ი ესეც ბიზნესია, გადავიხადოთ და წავიდეთ-მეთქი... უარი მითხრა.
ერთ დღესაც ალეპოში შევედი. ქალაქის ქუჩები განათებული იყო, მაგრამ ცენტრალური უბნების უკან ნაგავი მეორე-მესამე სართულამდე აღწევდა... ყველაფერზე ვერ მოვყვები, რადგან მსოფლიომ იცის რაც ხდებოდა იქ... ღამე ვერ ვიძინებდი... სხვებიც ვერ იძინებდნენ... რამდენიმე ადგილას ქუჩები ქვიშის ტომრებით იყო გადატიხრული, - ეს რა არის-მეთქი, - ამის იქით ასადის რეჟიმი აკონტროლებსო, - მითხრეს...
ქალაქში რამდენიმე დღე ისე გადიოდა, შუქი არ იყო. როცა მოდიოდა, ვცდილობდით, ტელეფონები დაგვეტენა... ღამე დაბომბილი, გაჩახჩახებული და ცხედრებით მოფენილი ქალაქის ქუჩები განსაკუთრებით მძიმე სანახავი იყო... გარშემო ყველაფერი იბომბებოდა, ყველანაირი იარაღის ხმა ისმოდა, მაგრამ ელექტროსადენებს არავინ აზიანებდა. დენი ყველას სჭირდებაო, - მითხრეს. როგორც გავიგე, ისინი და ასადის რეჟიმი ერთი წყაროდან იღებდნენ დენს. იმ პატარა, ლამის უწვერულვაშო ბიჭებს არაადამიანური ვითარების გამო, ფსიქიკა მოშლილი ჰქონდათ...
მხოლოდ რამდენიმე მაღაზია მუშაობდა. ISIS-ის ბიჭებს ფული საიდანღაც მოჰქონდათ და პროდუქტს ყიდულობდნენ... იქ კიდევ ერთხელ მომეცა შვილთან პირისპირ დარჩენის საშუალება და ისევ წასვლაზე ჩამოვუგდე სიტყვა. - მან კატეგორიულად მითხრა, - გუშინ მოვედი და დღეს წავიდე, ასე ადვილი არ არისო..." - იხსენებს ქაზიმ ნურმაგემედოვი.
თუმცა, შემდეგ მას მაინც მოუწია იქაურობის დატოვება, რადგან შვილი მუდმივად თავს არიდებდა. სხვები ეჭვის თვალითაც უყურებდნენ. ეჭვობდნენ, მისი წაყვანა უნდაო... რამდენიმე ხნის შემდეგ, თურქეთში დაბრუნდა, რათა ისეთი ვინმე ეპოვა, ვინც შვილის გამოსყიდვაში დაეხმარებოდა. ქურთები იპოვა, რომლებიც 10 ათას დოლარად შეპირდნენ გამოყვანას... ცოტა ხანში შვილმა მოსწერა - "მამა, მეტი აღარ შემიძლია, როგორმე აქედან წამიყვანე!..."
"გავიგე, რომ 10-15-კაციანი დაჯგუფება ჰყოლია და ყველას წამოსვლა უნდოდა. სხვა დაჯგუფებებმა გაიგეს და მათ ყველა ნაბიჯს აკონტროლებდნენ. ჯამაათიდანაც წამოვედითო, - მითხრა. ჯამაათი რაღაც კლანურ დაჯგუფებასავით იყო, რომელიც უსაფრთხოებას ნიშნავს. ჯამაათიდან გასულ კაცს არავინ დაიცავდა... მასთან კავშირი გაწყდა...
დაღესტნელი მოხუცის თქმით, 4 თვეზე მეტხანს შვილის შესახებ არაფერი იცოდა. შემდეგ კი, ერთ ღამესაც დედის ტელეფონზე დარეკა, - "4 ჩვენგანზე ეჭვი მიიტანეს და რაქის ციხეში დაგვამწყვდიესო... (ციხეში არსებულ პირობებზე არც შემდეგ ჰყვებოდა) ამ ხნის განმავლობაში, იდეოლოგიურად ამუშავებდნენ, - ამ ქვეყნად ყველაფერი, ცოლ-შვილი, დედ-მამა, და-ძმა - ამაოა, მხოლოდ ალაჰისკენ მიმავალი გზა არის მთავარი... თუ შეცდომებს მოინანიებთ, სიკვდილს გადაურჩებითო... რაქასთან ახლოს, დეირ-ეზ-ზორში გადაიყვანეს, სადაც სხვა ჯამაათში გააწევრიანეს და გააფრთხილეს, თუ წასვლას შეეცდებოდნენ, სასტიკი სიკვდილი ელოდათ..." - იხსენებს ნურმაგემოდოვი, რომლის თქმით, იქ იმიტომ გადაიყვანეს, რომ ISIS მასშტაბური სამხედრო ოპერაციისთვის ემზადებოდა და ცოცხლად გამოსვლის შანსი არც იყო.
ერთ დღესაც შვილისგან შეტყობინება მიიღო, - "ჩემდა საბედნიეროდ, მანქანა, რომელშიც ვისხედით, ამოტრიალდა, რა დროსაც, ხელი მოვიტეხე და თაბაშირში მაქვს. ამიტომ, ელვისებური ბრძოლებისთვის ვერ გამოვდგები და რამდენიმე დღე თავისუფალი ვარო..." - ეს ნიშანი იყო, რომ თანამებრძოლებს მისთვის არ ეცალათ. "მანქანა გავუგზავნე, მაგრამ ორივეჯერ უარი მითხრა, - ჩემს ჩეჩენ მეგობარს ცოლ-შვილის გამოყვანა უნდა და მათ ვუშვებთო. მართლაც, ახალგაზრდა გოგონა სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა თურქეთში... მომდევნო მცდელობისას ის გავათავისუფლეთ, თუმცა, არც მახსოვს, რამდენი ათასი დოლარი დაჯდა...", - წერს ქაზიმ ნურმაგომედოვი.
AMBEBI.GE-სთვის მოამზადა ლალი პაპასკირმა