თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, მერიის თანამშრომლის ოთარ აბესაძის დაკავების ფაქტი მოულოდნელი და სამწუხაროა.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაელოდონ გამოძიების შედეგებს.
"ფაქტი არის ძალიან სამწუხარო და მოულოდნელიც. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუ რეალურად რასთან გვქონდა საქმე. ზოგადად თბილისის მერიის მიდგომა არის ძალიან მარტივი, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, როდესაც ხდება კანონთან მიმართებაში გარკვეული გადაცდომა, ბუნებრივია, შესაბამისი სამსახურები ამაზე რეაგირებენ და როგორც სხვა შემთხვევებშიც, თბილისის მერია მათთან ითანამშრომლებს",- განაცხადა ლექვინაძემ.
მისივე თქმით, ოთარ აბესაძე იყო მერიის შტატგარეშე თანამშრომელი.
11 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.