მე მაქვს მოსაზრება, რომ ეს არის პატრიარქის ლიკვიდაციის შესაძლო პროცესი და ყველა სხვა დანარჩენი დეტალია ამ პროცესის, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმემ, ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გამზარდიამ განმარტა, მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები ეხებოდა არა შორენა თეთრუაშვილის შესაძლო ლიკვიდაციას, არამედ პატრიარქის საქმეს. გამზარდიას თქმით, მისი საჯარო განცხადებები გამოთქმული იყო ანალიტიკურ ჭრილში, რისი უფლებაც მას გააჩნდა.
"მე გარკვეული მოსაზრებები მოვლენების განვითარებამდე გამოვთქვი. ალბათ, სასამართლოს აინტერესებს პატრიარქთან დაკავშირებულ თემებზე მე საიდან გამიჩნდა ეს პოზიცია. თუმცა, მე ვარ სასამართლოზე დაბარებული მამალაძის საქმეზე, მაგრამ ჩემი მოსაზრებები მამალაძის თემას არ ეხება. ჩემი პოზიცია იყო პატრიარქთან მიმართებაში და საინტერესოა, მიმდინარე სასამართლო თუ აისახება იმ კონტექსტში, რა კონტექსტზეც მე ვსაუბრობდი. იმიტომ, რომ ეს არის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ნაწილი. ვნახოთ, თუ გამოადგებათ ჩემი ჩვენება. რაც მე აქამდე გამოვხატე ჩემი პოზიციები არ შეცვლილა, რომ საქმე შესაძლოა გვქონოდა პატიარქის ლიკვიდაციის საკითხთან. მე ვიტოვებ უფლებას, როგორც მოქალაქე ჩემი მოსაზრება მქონდეს. მე მაქვს მოსაზრება, რომ ეს არის პატრიარქის ლიკვიდაციის შესაძლო პროცესი და ყველა სხვა დანარჩენი დეტალია ამ პროცესის“, - განაცხადა ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ.