რამდენიმე დღის წინ Ambebi.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "იმედში" გადადიან "რუსთავი 2"-ის ყველაზე რეიტინგული მეგა-შოუების პროდუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პროდუსერები პირველ ეტაპზე, "იმედზე" გადაცემებს "ექიმები" და "ნიჭიერი" გადაიტანენ. ასევე ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ხაბურზანია და ჯაფარიძე ახალ პროექტს, "Rising Star"-ს დაიწყებენ, რომელიც ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა ნატა მახვილაძემ, რომელიც რამდენიმე კვირაა რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-დან "იმედში" გადავიდა, "ფეისბუქზე" გიორგი ხაბურზანიასთან და დემნა ჯაფარიძესთან ერთად გადაღებულ ფოტო გამოაქვეყნა. ფოტო ტელეკომპანია "იმედშია" გადაღებული.
"თქვენ რა ნაწილ-ნაწილ იპარებით რუსთავი 2-დან" - წერს ფოტოს კომენტირებისას მახვილაძის ერთ-ერთი "ფეისბუქ"-მეგობარი.
პროდიუსერების "იმედში" გადასვლის საკითხზე ამ დრომდე ოფიციალურად კომენტარს არავინ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ახალი სატელევიზიო სეზონიდან ტელეკომპანია "იმედზე" გამოჩნდება ტელეწამყვანი მაია ასათიანიც, რომელიც კვლავ გადაცემა "პროფილს" წაიყვანს, რომელიც "ეკა ხოფერიას შოუს" ჩაანაცვლებს. რაც შეეხება თავად ხოფერიას, ამბობენ, რომ ის პოლიტიკური თოქ-შოუს გაკეთებას გეგმავს, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გავა.
ნიკა საჯაია
ambebi.ge
ასევე წაიკითხეთ: რატომ დაიხურა "იღბლიანი ბორბალი" და რა ელის სხვა გადაცემებს "რუსთავი 2"-ზე