"ნებისმიერ ჩვენგანს, იმისგან დამოუკიდებლად, გვჯერა თუ არა ასტროლოგიის, გვაქვს ჩვენი პირადი რუკა, ანუ ჰოროსკოპი. ამ სიტყვის მნიშვნელობას ზოგი ზოდიაქოში ურევს და ჰოროსკოპი მზის ნიშანი (მერწყული, მორიელი...) ჰგონია. ეს ასე არ არის. მზეს, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანი როლი უკავია ჩვენი პიროვნული ხასიათის თვისებების ჩამოყალიბებაში, მაგრამ მის გარდა, ჩვენი დაბადების მომენტში ცაზე სხვა ციური სხეულებიც იყო, რომლებიც ასევე მუშაობენ ჩვენზე და არანაკლებ ზეგავლენას ახდენენ. სწორედ ამ პლანეტათა და მნათობთა ურთიერთგანლაგებას ასახავს პირადი რუკა, რომელიც ჩვენი დაბადების ზუსტი დროისა და ადგილის გათვალისწინებით იგება," - გვეუბნება ასტროლოგი ხათუნა ნოელი. მისი თქმით, ამ ყველაფრის შესწავლით, ფაქტობრივად, უფრო ღრმად საკუთარ მინუსებს და პლუსებს ვეცნობით, ვიგებთ, რა პოტენციალი გვაქვს, რა მიმართულებით სჯობს განვვითარდეთ ან როგორ დავძლიოთ უარყოფითი თვისებები...
- ასტროლოგიური რუკა ქვეყანებსაც აქვს?
- ჰოროსკოპი შეიძლება ჰქონდეს ქვეყანასაც. ამა თუ იმ ქვეყნის ასტროლოგიური რუკა დგება მის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღების გათვალისწინებით. ასე მაგალითად, აშშ-ის რუკა მისი დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების ანუ 1776 წლის 4 ივლისის თარიღის მიხედვით არის აგებული; რუსეთის რუკა 1991 წლის 25 დეკემბრის, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყანამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკას შეეცვალა სახელი და რუსეთის ფედერაცია ეწოდა.
საქართველოს ამჟამინდელი რუკა აგებულია 1991 წლის 9 აპრილის მიხედვით. როდესაც ზვიად გამსახურდიას მთავრობამ 12 საათსა და 50 წუთზე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ ჩვენი ქვეყნის პირველი ასტროლოგიური რუკა. მანამდე არსებული საქართველოს ჰოროსკოპი ეყრდნობოდა ქვეყნის გასაბჭოების თარიღს, უფრო ძველი - ნოე ჟორდანიას მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისას და ა.შ.
ქვეყნების ასტროლოგიური რუკები, ისევე როგორც ადამიანების პირადი ჰოროსკოპები, სერიოზულ ზეგავლენას ახდენენ ქვეყნის პოტენციალზე.
საქართველოს ბოლო რუკის შესახებ არაერთხელ თქმულა, რომ ის უაღრესად სუსტია სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით და ქვეყანაში უამრავი კრიზისული სიტუაციის პროვოცირებას იწვევს, რომლის მოწმენიც მას შემდეგ ვხდებით, რაც ეს რუკა არსებობს და საქართველო მისი რიტმების ქვეშ ცხოვრობს.
- ე.ი. მას სასიკეთო გავლენა არ აქვს ჩვენს ქვეყანაზე...
- სამწუხაროდ, ამ რუკაზე თითქმის არ არსებობს არც ერთი ფაქტორი, რომელიც სასიკეთოდ აისახებოდა ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე, სოციალურ თუ ეკონომიურ ძვრებს, ერის კონსოლიდაციას შეუწყობდა ხელს.
სახელმწიფოების რუკებში მზე განსაზღვრავს მთავრობას, ხელისუფლებას, მთვარე - ხალხს, მარსი ჯარს წარმოადგენს და ა.შ. ჩვენს რუკაში ყველა მნიშვნელოვანი პლანეტა ან დაზიანებულია ნეგატიური ასპექტებით, ან თვითგამოვლინებისთვის ძალზე შეუფერებელ ადგილზეა მოხვედრილი. რუსეთის ფაქტორიც კი, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, რბილად რომ ვთქვათ, მეტად რთულ დამოკიდებულებაში იმყოფება საქართველოსთან, ამ რუკაში მერწყულის ზოდიაქოს ძალზე არასახარბიელო განლაგებით შეიძლება აიხსნას.
რუკა 12 პირობით ველად, ე.წ. სახლად იყოფა. თითოულ მათგანს აქვს თავისი ფუნქცია. აშკარა დაპირისპირებაში მყოფი მტრის სახეს ჰოროსკოპში მე-7 სახლი განსაზღვრავს. საქართველოს ასტროლოგიური რუკის მე-7 სახლი მერწყულის ზოდიაქოთი იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც მერწყულის ნიშნით იმართებიან, ჩვენი ქვეყნის მტრებად იქნებიან აღქმული.
სამწუხაროდ, ჩვენი "მეზობელი" რუსეთი სწორედ მერწყულის ნიშნით არის მართული. თუ გავიხსენებთ, ამ ქვეყანასთან ჩვენი პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც 1990 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ. ცხადია, არ ვგულისხმობ იმას, რომ ეს არ უნდა გაგვეკეთებინა. უბრალოდ, თარიღი იყო საამისოდ შერჩეული ძალიან ცუდი.
საინტერესოა, რომ მე-7 სახლი ასევე პარტნიორობის სახლსაც წარმოადგენს. თუმცა ჩვენს შემთხვევაში ამ კუთხით რუკამ არ იმუშავა. რადგან ამ სახლის მმართველი ურანი საკმაოდ დაზიანებულია. აქ არის ურანის შეერთება ნეპტუნთან, რაც ილუზიების და აგრეთვე შეცდომაში შესვლის არასასურველ ფონს იძლევა რუსეთთან დაკავშირებით. ვინაიდან ეს შეერთება საქართველოს რუკის მე-6 სახლში ხდება, რომელიც მუნდანურ ასტროლოგიაში პასუხს აგებს ჯარზე, შეიარაღებულ თავდასხმებზე, გასაგები ხდება, რომ უპრობლემოდ ეს არ ჩაივლიდა. აქ აგრეთვე არის კვადრატი მზის მხრიდან, მზე - ხელისუფლებას წარმოადგენს.
- ეს რას ნიშნავს?
- ეს შეიძლება გაიშიფროს, როგორც ხელისუფლების არასწორი პოზიცია რუსეთის მიმართ.
სწორედ ამ და კიდევ არაერთი სხვა პრობლემური და სუსტი წერტილის გამო არის, რომ ასტროლოგები კარგა ხანია ვაცხადებთ, რომ ქვეყნის ასტროლოგიური რუკა შესაცვლელია. სწორი თარიღის შერჩევით მოგვარდებოდა საქართველო-რუსეთის საკითხიც და ბევრი სხვაც.
ეს რაც შეეხება იმას, თუ რატომ გამწვავდა ხელახლა ეს ურთიერთობა ახლა. ვგულისხმობ მცოცავ ოკუპაციას.
საამისოდ არაერთმა ასტროლოგიურმა ფაქტორმა იმუშავა. თავი რომ დავანებოთ მშვილდოსანში მოძრავ ლილიტს, რომელიც უცხოეთის თემებს ხდის პრობლემურს, ჩვენი რუკის ურანს, რომელიც როგორც უკვე ავხსენით, მტრის სახლის მმართველს წარმოადგენს, აკვადრატებს იუპიტერი. იუპიტერი წარმატებების პლანეტად მიიჩნევა, თუმცა ასევე არის გაფართოების, ზრდის პლანეტაც. დაზიანებული იუპიტერი აგრეთვე იმპერიალიზმის ნიშნადაც მოიაზრება. ამიტომაც, ნეგატიური თვალსაზრისით, მისი გაფართოება გამოიხატა რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევით.
ასე თუ ისე, გასაგები ხდება, რომ ეს მოვლენები საქართველოს რუკის მიმართ დაძაბული ტრანზიტებით შეიძლება იქნას ახსნილი.
- აქედან გამოსავალი რა არის?
- გამოსავალი ისევ და ისევ რუკის შეცვლაში მესახება. თუ სწორი თარიღი იქნება საამისოდ შერჩეული, შეიძლება ისე გაკეთდეს, რომ მერწყულის ზონა აღარ მოხვდეს მე-7 სახლში, ან თუ მოხვდება, მისი მმართველი მაინც აღარ იყოს დაზიანებული. საუკეთესო იქნებოდა, იგივე მერწყულის მე-11 სახლში ხილვა, რომელიც მეგობრებს და თანამოაზრეებს განსაზღვრავს, ან თუნდაც მესამეში, სადაც რუსეთი უბრალოდ, მეზობელის სახით იქნებოდა წარმოდგენილი....
საბედნიეროდ, ადამიანის პირადი რუკისაგან განსხვავებით, სახელწიფოს ასტროლოგიური რუკის შეცვლა სრულიად შესაძლებელია. ასტროლოგიურ წრეებში არაერთხელ თქმულა, რომ საჭიროა, ქვეყნისათვის ახალი რუკის შედგენა, თუმცა ეს ერთი ხელის მოსმით არ ხდება, რომ ვთქვათ, ადგე და გამოაცხადო, - ხვალიდან ან ზეგიდან ქვეყანას ახალი რუკა ექნება. ამისათვის, როგორც ხვდებით, საჭიროა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რაიმე ძალზე მნიშვნელოვანი ხდებოდეს...
უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გეგმავს. სავარაუდოდ, სწორედ ეს იქნება ის შესაძლებლობა, რომელიც შემობრუნების წერტილად შეიძლება ჩაითვალოს. კონსტიტუციის შეცვლა აუცილებლად იმოქმედებს ქვეყნის ასტროლოგიურ რუკაზეც. უფრო სწორედ კი, ცვლილებების შეტანის და მათი ოფიციალურად ძალაში შესვლის თარიღი, მთლიანად შეცვლის საქართველოს ასტროლოგიურ რუკას... მაგრამ თუ ამ ცვლილებების გამოცხადების თარიღი ასტროლოგიური მონაცემების გათვალისწინებით არ იქნა შერჩეული, ვრისკავთ, რომ გაუმჯობესების ნაცვლად, კიდევ უარესი რუკაც კი შეიძლება მივიღოთ!
ამიტომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამშრომლობდეს ასტროლოგებთან. მაგალითად, ცნობილი ფაქტია, რომ არაერთი ქვეყნის, მათ შორის, რუსეთისაც და ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურებში ოფიციალურ შტატში ჰყავთ აყვანილი ასტროლოგები და მათ მიერ გამოთვლილ ტენდენციებს ითვალისწინებენ როგორც სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის საკითხებში, ისე სხვა სახელწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების განსახორციელებლადაც.
- მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნები მისი მოწყობის მიმართულებით ასტროლოგიის რჩევებს ითვალისწინებენ?
- ბოლო ათწლეულების მანძილზე, აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ პრეზიდენტად მიჩნეული რონალდ რეიგანი აქტიურად იყენებდა პირადი ასტროლოგის რჩევებს და ცნობილი ფაქტია, რომ მთელი ამერიკა, დილის 4 საათზე ფეხზე დააყენა, რათა მისი პრეზიდენტად ინაუგურაცია ასტროლოგის მიერ შერჩეულ დროს ჩაეტარებინა. ასტროლოგის მიერვე დაგეგმილი იყო იგივე რეიგანისა და საბჭოთა კავშირის მაშინდელი ხელმძღვანელის, გორბაჩოვის შეხვედრის თარიღი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.... კიდევ უამრავი ასეთი ფაქტის მოყვანა შეიძლება...
სამწუხაროდ, ჩვენს მთავრობასა და ასტროლოგებს შორის არანაირი კომუნიკაცია არ არსებობს. არადა, საჭიროა, ერთობლივად გვემუშავა ამ თარიღის გამოთვლაზე. აქამდე ასტროლოგების მხრიდან ასეთი შეთავაზებები მხოლოდ ზეპირ სახეს ატარებდა, ამჯერად გვსურს, ვცადოთ და ოფიციალური წერილით მივმართოთ მთავრობას თარიღის შერჩევასთან დაკავშირებით. ავუხსნათ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას ყველაფერს, რა არასახარბიელო გამოწვევების წინაშე შეიძლება დაგვაყენოს არასწორად შერჩეულმა დრომ და პირიქით, რა დახმარების გაწევა შეუძლია ქვეყნისათვის სწორად შერჩეულ თარიღს.
იმედია, ჩვენს ინიციატივებს ამჯერად მაინც დადებითი გამოხმაურება მოჰყვება.
ლალი ფაცია