გამთენიისას ფოთის ბაზრობის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა.
ხანძარი თითქმის 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. დაიწვა 70-მდე მაღაზია. ხანძრის ლოკალიზება დაახლოებით ერთ საათში მოხერხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თამაზ უბილავამ განაცხადა, ხანძრის ჩასაქრობად ჯამში 9 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან
"სულ 9 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, საიდანაც 5 იყო ფოთის, დანარჩენი კი მეზობელი რაიონებიდან", - განაცხადა უბილავამ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები ეჭვობენ, რომ ხანძარი სპეციალურად გააჩინეს. ადგილზე რამდენიმე მოვაჭრე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.
"დაიწვა ჩემი ორი მაღაზია, "ნისიების" რვეულიც იქ არის. ვიღაცამ სპეციალურად წაუკიდა ცეცხლი. აქ ღამე ითიშება ყველაფერი", - აცხადებენ მოვაჭრეები. "ხალხი ისედაც განადგურებული ვართ და ახლა ეს დაგვემატა. დაიწვა ყველაფერი", - აღნიშნა კიდევ ერთმა მოვაჭრემ.
ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას განცხადებით, იქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება.
"ძალიან რთული ვითარებაა, 2000 კვადრატულ მეტრი ფართი იწვის. აქ იყო ყველაზე ძვირადღირებული საქონელი. მიკვირს, რატომ ჩნდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხანძარი", - განაცხადა ირაკლი კაკულიამ.