საქართველში ამ დროისთვის გაზზე მომუშავე 1 000 მანქანამდეა შემოწმებული მაშინ, როცა არაოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 400-500 ათასი ავტომობილია ბუნებრივ აირზე გადაყვანილი.
ამის შესახებ, "ბიზნესპრესნიუსს" იმ კომპანიებში განუცხადეს, რომელთაც აირბალონიანი ავტომობილების ინსპექტირების უფლება აქვს. ასეთი კი ორია - შპს "აირბალონი" და შპს "ფაბერი".
აირბალონიანი ავტომობილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე დადგენილება მთავრობამ 2014 წელს მიიღო. თუმცა, მისი ამოქმედების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო რედაქციით, ინსპექტირების ვადა ავტომობილების წლოვანების მიხედვით არის განსაზღვრული. კერძოდ, 20 და მეტი წლის ავტოტრანსპორტს ტექდათვალიერება მიმდინარე წლის 1 ივლისამდე უნდა გაევლო; 17 - 19 წლის ავტომობილებმა 2018 წლის 1 იანვრამდე უნდა გაირონ; 14 - 16 წლის მანქანების ინსპექტირების ბოლო ვადაა - 2018 წლის 1 ივლისი; 11 - 13 წლის ავტომანქანებზე - 2019 წლის 1 იანვარი; ხოლო 1 - 10 წლის ავტომობილებმა ინსპექტირება 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა გაიარონ.
როგორც "აირბალონის" დირექტორმა ნონა ქართველიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მანქანების ასაკის მიხედვით დაყოფა არასწორია, რადგან შეიძლება მანქანა ახალი იყოს, თუმცა მეორადი ბალონი ჰქონდეს დამონტაჟებული.
"როდესაც ავტომობილი მოდის, მე ვამოწმებ არა მის ასაკს, არამედ ბალონის ვადიანობას, რომელიც 15-20 წელს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, ისეთი ავტომობილებიც მოსულა შემოწმებისთვის, რომელთა ბალონების ვადიანობა 40 წელი და მეტი ყოფილა. ამ კუთხით კორექტირებაა საჭირო, თუმცა, დღემდე ვერ მივაგენი, ვინ დაწერა და ვინ არის ამ ბრძანების შესრულებაზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტროში," - აღნიშნა ქართველიშვილმა.
როგორც აირბალონიანი ავტომობილების ინსპექტირების კომპანიებში აცხადებენ, იმისათვის, რომ ავტომობილმა ტექდათვალიერება გაიაროს, რამდენიმე სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. მათ შორის, ბალონის დამტენი უნდა იყოს საბარგულის გარეთ, ამასთან, ბალონის მილები (შლანგი) უნდა იყოს სპეციალურ მილში ჩასმული, რათა გაჟონვის შემთხვევაში გაზი ავტომანქანაში არ დაგროვდეს, სალტეები, რითიც ბალონია დამაგრებული, ასევე გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს - მისი სიგანე არანაკლებ მილიმეტრ ნახევარი, ხოლო სიგანე - 4 სმ უნდა იყოს.
განაგრძეთ კითხვა