პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის ნინო წილოსანის ინიციატივით, საბჭოს ორანიზებითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საჯარო შეხვედრები დაიწყო, რომლებიც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, პრევენციას და ძალადობის მსხვერპლთა დაცვას შეეხება.
შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენს "ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) და აღნიშნული კონვენციიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.
რეგიონალურ შეხვედრებს გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები: დეპუტატი -ნინო წილოსანი და საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი - თინათინ ავალიანი ესწრებოდნენ, რომლებმაც მიმოიხილეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა, სამომავლო გეგმები და საზოგადოებას გააცნეს სტამბულის კონვენციიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები.
საჯარო შეხვედრები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და საქართველოს 4 ქალაქი - გურჯაანი, თელავი, მარნეული და ბოლნისი მოიცვა. შეხვედრებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
"გუშინ და დღეს შეხვედრები ჩავატარეთ ოთხ ქალაქში- გურჯაანში, თელავში, მარნეულსა და ბოლნისში. მოქალაქეების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება იგრძნობოდა. განვიხილეთ და მოსახლეობას წარვუდგინეთ ის ცვლილებები, რაც სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შედეგად საქართველოს კანონმდებლობაში შევიდა. დამსწრე საზოგადოების ერთი ნაწილი აღნიშნული ცვლილებების თაობაზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა, ხოლო ნაწილისთვის ეს სიახლე აღმოჩნდა. რაც შეეხება თვითონ ცვლილებების პაკეტს: ცვლილებების თანახმად, ძალადობასთან დაკავშირებული ნორმების მოქმედების სფერო ფართოვდება და ის უკვე, არა მარტო ოჯახში ძალადობას, არამედ, საზოგადოდ, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც მოიცავს. დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილებები ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას გახდის უფრო ეფექტურს და ჩამოაყალიბებს დაცვის ეფექტურ მექანიზმებს. თავად კანონს შეეცვალა სახელწოდება და დაკონკრეტდა სიტყვებით - "ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა; ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა ისიც, რომ შეიცვალა შემაკავებელი ორდერის გაცემისა და ძალაში შესვლის წესი - თუ ადრე პოლიციის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი საჭიროებდა სასამართლოში წარდგენას და ეს პროცედურულად იყო საკმაოდ რთული, ამ ცვლილებებით, გამოწერილი ორდერი გამოწერისთანავე შედის ძალაში. გარდა ამისა, კრიმინალიზებული ხდება ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება და ისჯება როგორც იძულებითი აბორტი, ასევე სტერილიზაცია. კანონს დაემატა ახალი მუხლი, რომლის მიხედვით დასჯადი ხდება ადევნება, თვალთვალი და ძალით კომუნიკაციაზე გასვლა სატელეფონო კონტაქტით, ინტერნეტით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით. გარდა ამისა კანონში ამიერიდან გვაქვს მუხლი გენიტალიების დასახიჩრების შესახებ, რაც აქამდე არ იყო დაკონკრეტებული და მოიაზრებოდა ფიზიკურ ძალადობაში. ძალიან ბევრი პროცედურული საკითხია, რაც სტამბოლის კონვენციის მიხედვით უნდა იყოს გაწერილი. ესენია შემდეგი სერვისები: 24 საათიანი ცხელი ხაზი, თავშესაფარი, კრიტიკული ცენტრი და სხვა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება დროულად და დეტალურად იყოს ინფორმირებული აღნიშნულ საკითხებზე", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის გენდერული საბჭოს წევრმა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, საჯარო შეხვედრების ჩასატარებლად კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები სპეციალურა შეირჩა, რადგან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თვალსაზრისით ამ რეგიონებში განსაკუთრებით რთული მდგომარებაა.
"კახეთი და ქვემო ქართლი საჯარო შეხვედრებისთვის შემთხვევით არ შეგვირჩევია, რადგან ამ კუთხით საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე რთული მდგომარეობა ამ ორ რეგიონშია. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ნაადრევი ქორწინების შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ამ საკითხთან მიმართებაში ძალიან მკაცრია. ვფიქრობ, საჭიროა უფრო მეტი ინფორმირებულობა და ძალისხმევა ჩვენი მხრიდან, რათა მოსახლეობას და განსაკუთრებით ახალგაზრდებს კანონმდებლობის სიღრმისეულად გაგებაში დავეხმაროთ. ამ ეტაპზე გვაქვს გამოწვევა, რომ ამ ბრძოლაში ჩართული ყველა სტრუქტურა - შსს, პროკურატურა თუ სასამართლო იყოს განსაკუთრებით მგრძნობიარე და შეძლოს დაანახოს კონკრეტულ ადამიანებს, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ეს არ არის ერთი პიროვნების, ან ერთი ოჯახის პრობლემა, არამედ ეს არის საზოგადოების და, ზოგადად, ქვეყნის პრობლემა, რადგან სწორედ მსგავსი ფაქტები აყალიბებებს არადემოკრატიულ საზოგადოებასა და ქვეყანას", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლების გარდა, შეხვედრებზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებიც, რომლებმაც მოსახლეობას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფო უწყებების რეაგირების შესახებ. შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი, რომელმაც მოსახლეობას ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისები გააცნო.
მნიშვნელოვანია, რომ დამსწრე საზოგადოებას საშუალება ქონდა დაესვა კითხვები და მონაწილეობა მიეღო გამართულ დისკუსიაში.