თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე შეიარაღებული ძალების კაპრალის, 2008 წლის ომის მონაწილის, ავღანეთის მისიის მონაწილის, 27 წლის გოგიტა მუსხელიშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მედიასა და საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სამხედრო თბილისის ფსიქოლოგიურ დისპანსერში წევს. სამხედრო ბლოგერის თქმით, მუსხელიშვილი სამხედრო ნაწილის მეთაურთან გასაუბრების შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაში 3 დღის დაკარგული იყო. ის სამხედრო ნაწილიდან, სამოქალაქო ფორმით გავიდა და ოჯახის წევრებმა, სამხედრო ფორმით და ე.წ. ფლოსტებით იპოვნეს. სამხედრომ ცოლ-შვილი ვერ იცნო...
"საინტერესოა, რა მოხდა სინამდვილეში... აღნიშნულ საქმეში მისი ოჯახის წევრის თხოვნით ჩავერთე, რომელმაც განცხადების ფორმით მომმართა. ეჭგვარეშეა, რომ მომხდარზე პასუხი, ნაწილის მეთაურმა და ექიმმა აგონ, რადგან სამხედრო, რომელიც საყარაულო განწესში დგებოდა, არავის შეუმოწმებია... საქმე ის არის, რომ მას სუიციდური თვითდაზიანებები აღენიშნებოდა, - მარჯვენა ხელი დასერილი და სიგარეტით ამომწვარი აქვს... ჩემთან საუბარში, მისმა მკურნალმა ექიმმაც დაადასტურა და ისიც აღნიშნა, რომ მუსხელიშვილის სხეულზე არსებული თვითდაზიანებები დაახლოებით 6 თვის წინ აქვს მიღებული და ის რომ შეემოწმებინათ, აუცილებლად შენიშნავდნენ..." - ამბობს დავით ნემსაძე.
გოგიტა მუსხელიშვილი 2008 წლის ომის ვეტერანი და ავღანეთის 2013 წლის სამშვიდობო მისიის მონაწილეა. ნემსაძის თქმით, მან ორი ომი გამოიარა და ძალზე საინტერესოა, რამ მიიყვანა ის ამ მდგომარეობამდე...
"თავდაცვის სამინისტროს სისტემური პრობლემა აქვს და ეს დღეს ან გუშინ არ დაწყებულა. დიდი ხანია ეს ყველაფერი პირად შემადგენლობაზეც აისახება, რაც არასწორი მიდგომებით არის განპირობებული...…შეიარაღებული ძალები უნდა მართონ სამხედროებმა და არა ძალოვნებმა", - ამბობს ნემსაძე ჩვენთან საუბარში, რომლის თქმითაც, ის ამ საკითხზე სასაუბროდ თავდაცვის უწყებაში მივიდა, თუმცა, გენერალური შტაბის უფროს გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრა ვერ შეძლო.
"იქ სწორედ გოგიტა მუსხელიშვილის საკითხზე ვიყავი მისული და მხოლოდ ის გავარკვიე, რომ გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ნაწილმა, რომელიც ახდენს მოკვლევას მუსხელიშვილის გაუჩინარების შესახებ, არც კი იცოდა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა... ცოტა არ იყოს უცნაურია, ჯარისკაცი ერთი კვირაა ბაზაზე არ ცხადდება, იქნებ მოიკითხო, რა დაემართა, ორხევის ბაზის მეთაური საერთოდ ცოცხალია?", - კითხულობს ნემსაძე.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, - გოგიტა მუსხელიშვილი მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეა. ის თვითდათხოვნაში იმყოფებოდა. 27 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო სამხედრო ნაწილში, თუმცა, არ გამოცხადდა. რის შემდეგაც, სამხედრო პოლიცია დაინტერესდა, თუ რა გახდა მისი სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზი და გამოძიება, თვითდათხოვნის მუხლით სსსკ 388 მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო...
სამხედრო პოლიციაში გამოიკითხა გოგიტა მუსხელიშვილის მეუღლე, რომელმაც განაცხადა, რომ 29 ივნისს, სოფელ ნატახტარში მათი საცხოვრებელი სახლის ეზოსთან გოგიტა მუსხელიშვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც ის, მცხეთაში, ჯეო-ჰოსპიტალის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას ისტერიული აშლილობა დაუდგინდა. შემდეგ ის თბილისში, თემქაზე, მე-5 ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ფსიქოლოგები გოგიტა მუსხელიშვილის მდგომარეობის შესასწავლად უახლოეს დღეებში, მას შემდეგ, რაც ამის ნებართვა ექნებათ, მე-5 ფსიქიატრიული საავადმყოფოს მედიკოსებისგან პირადად შეისწავლიან პაციენტის მდგომარეობას და ამის შემდეგ, მისი მკურნალობის გზებს დაგეგმავენ.
აღნიშნული დეპარტამენტის ინფორმაციით, გოგიტა მუსხელიშვილის მდგომარეობის შეფასების შემდეგ, შესაძლოა, მისი მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაგრძელდეს. სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი სრულად უზრუნველყოფს გოგიტა მუსხელიშვილის მკურნალობასა და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.
რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიურ შემოწმებას, მოგახსენებთ, რომ საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია მათ შორის ფსიქოლოგებით და ფსიქიატრებით, თითოეულ სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს და სწორედ ამის შემდეგ ხდება საკონტრაქტო სამსახურში მათი მიღება და შემდგომში უკვე საერთაშორისო მისიებში მათი მონაწილეობა.
ლალი პაპასკირი
ამბები. გე