რა ხდება ჩვენს ორგანიზმში კლიმაქსის პერიოდში, რა უნდა ვიცოდეთ აღნიშნულ პროცესზე და როგორ უნდა მოვამზადოთ ორგანიზმი ახალ ეტაპზე გადასასვლელად - კითხვებს ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ლალი ფხალაძე პასუხობს.
- კლიმაქსი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს კიბეს ანუ საფეხურს. რეალურად ეს ტერმინი იხმარება გარდამავალი პერიოდის აღსანიშნავად რეპროდუქციულ პერიოდსა და სიბერეს შორის.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქალის რეპროდუქციული ასაკი 15-დან 49 წლამდეა განსაზღვრული.
- რა ასაკშია მოსალოდნელი კლიმაქსი ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაში?
- კლიმაქსის დასაწყისზე მიუთითებს მესტრუალური ციკლის დარღვევა, მაგრამ თვითონ კლიმაქსის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მესტრუაციის შეწყვეტაა, რომელსაც ქალების შემთხვევაში მენოპაუზა ჰქვია. მენოპაუზას ასაკი ინდივიდუალურია, მაგრამ საშუალო ასაკად 51 წელი მიიჩნევა.
თუმცა, შეიძლება, რომ ქალს ციკლი შეუწყდეს გაცილებით ადრე, თუნდაც, 40 წლის ასაკში. ამას ნაადრევ მენოპაუზას ვეძახით ან შეიძლება 60 წლის ასაკამდე გაუგრძელდეს მესტრუაცია და ამას გვიან მენოპაუზას ვეძახით.
ნორმალურად ითვლება, როდესაც ქალს ციკლი უწყდება საშუალოდ 51 წლის ასაკში. რა თქმა უნდა, არსებობს მამაკაცის კლიმაქსი, მაგრამ იმის განსაზღვრა თუ როდის იწყება ეს პროცესი მამაკაცებში, სამწუხაროდ არ შეგვიძლია.
- რა იცვლება ადამიანის ორგანიზმში კლიმაქსის დროს?
- კლიმაქსით განპირობებული ცვლილებები დამოკიდებულია ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალურ ძვრებთან. ზოგადად, ქალის ორგანიზმში გამომუშავდება ორი ძირითადი სასქესო ჰორმონი - ესტროგენი და პროგისტერონი.
საკვერცხის ფუნქცია უკვე 30 წლის შემდეგ იწყებს დაქვეითებას და პირველ რიგში, პროგესტერონის დეფიციტი ვითარდება, შემდგომ უკვე ესტროგენები ქვეითდება. ესტროგენების რეცეპტორები, ანუ უჯრედები, რომლებიც აღიზიანებენ ამ ჰორმონს, მთელს ორგანიზმშია გაბნეული და როგორც კი იწყება ესტროგენების დაქვეითება, ყველა ეს რეცეპტორი აღიქვამს ამას.
- რა სიმპტომები ახასიათებს კლიმაქსს?
- კლიმაქსის დროს სამი სახის ნიშნები ვლინდება: ადრეული ეტაპის, შუა პერიოდისა და გვიანი პერიოდის.
ადრეული ეტაპის ნიშნებს განეკუთვნება ფსიქოემოციური დარღვევები, გაღიზიანებადობა, ხასიათის შეცვლა, უძილობა და ძალიან მნიშვნელოვანია ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევები, როგორიც არის ალები, სიწითლე, ცხელების შეგრძნება, ოფლიანობა.
შუა პერიოდის პათოლოგიურ ძვრებში იგულისხმება შარდსასქესო სისტემის ცვლილებები, დისკომფორტი საშოში, იმის გამო რომ საშოს სიმშრალეა, შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, გახშირებული და უნებლიე შარდვა.
ყველაზე მძიმე ბოლო პერიოდის კლიმაქტერული დარღვევებია. ცვლილებები უკვე ვითარდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მხრივ და ძვლოვან სისტემაში. ვითარდება ოსტეოპოროზი, ძვლის სიმყიფე მცირდება და შესაბამისად ადამიანს აქვს მიდრეკილება მოტეხილობებისკენ.
- როგორ შეიძლება სიმპტომების შემსუბუქება და გართულებებისთვის თავის არიდება?
- რა თქმა უნდა, ეს არის წინასწარ გენეტიკურად განსაზღვრული, ამ შემთხვევაში ძალიან აქტუალურია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, სტრესებისთვის თავის არიდება, ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესი რა ელემენტებსაც მოიცავს, ეს შეიძლება გამოვიყენოთ კლიმაქსის გართულებების პრევენციისთვის.
დადასტურებულია, რომ ადამიანს რაც უფრო ხშირად აქვს ალები, შემდგომში შეიძლება განუვითარდეს ალცჰაიმერის დაავადება
რადგან ამ დროს ტვინში ხდება ჰიპოქსია, ანუ ჟანგბადის ნაკლებობა და რაც უფრო ხშირად მეორდება ეს პროცესი, შემდგომში ის გონებაზე აისახება. ამიტომ ის, რომ კლიმაქსური ჩივილები და სიმპტომები უნდა მოითმინო და რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, არასწორი დამოკიდებულებაა.
ნებისმიერი დისკომფორტი მოითხოვს სათანადო რეაგირებას.აუცილებლად საჭიროა ექიმთან მისვლა და სათანადო მკურნალობის ჩატარება. მკურნალობის არსენალი ძალიან დიდია. არსებობს აღიარებული ოქროს სტანდარტი და ეს არის ჰორმონული მედიკამენტებით მკურნალობა, ანუ რაც დროთა განმავლობაში აკლდება ქალს, ის ჰორმონი გარედან უნდა შეიტანოს წაიკითხეთ ვრცლად