მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში, პროფესიული განვითარების პროგრამების შესარჩევ საგრანტო კონკურსს აცხადებს.
რა მიმართულებებით ცხადდება აღნიშნული კონკურსი, ვის შეუძლია მასში მონაწილეობა და ზოგადად, რას მოიაზრებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მომსახურების მიწოდების სისტემის დეცენტრალიზაცია?! ამ საკითხებზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი გვესაუბრება:
- რას ითვალისწინებს მასწავლებელთა პოროფესიული განვითარების მომსახურების მიწოდების სისტემის დეცენტრალიცაზია?
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მომსახურების მიწოდების სისტემის დეცენტრალიზაცია ითვალისწინებს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ
მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი პროგრამების შეთავაზებას, ცენტრთან ერთად.
- დეცენტრალიზაციის ძირითადი მიზანი რა არის?
- დეცენტრალიზაციის მიზანს წარმოადგენს მასწავლებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების გზით, სწავლა-სწავლების ეფექტიანობის ზრდა, რაც, თავის მხრივ, საჭიროებებსა და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული მომსახურების მეტად გამრავალფეროვნებას, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის განვითარებასა და მომსახურების მიწოდების გზებისა და მიმწოდებლების დივერსიფიცირებას გულისხმობს.
- ამ დრომდე რა ვითარება იყო აღნიშნული მიმართულებით?
- სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს ადრე რამდენჯერმე მიეცათ ბაზარზე შემოსვლის საშუალება, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ აღნიშნული პროცესი შეჩერდა და ფაქტობრივად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მომსახურება ამ დრომდე გახლდათ ცენტრალიზებული. ამ დროისთვის დეცენტრალიზაციის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და პროფესიული განვითარების პროგრამების შესარჩევი საგრანტო კონკურსიც სწორედ ამ პროცესის ფარგლებშია.
- რა მიმართულებებს მოიცავს აღნიშნული საგრანტო კონკურსი?
- პროფესიული განვითარების პროგრამების შესარჩევი საგრანტო კონკურსი გულისხმობს პროფესიული განვითარების მრავაფეროვანი და ინოვაციური მიდგომების წახალისებას და იგი სამი თემატური მიმართულებით ცხადდება , ესენია:
1. სკოლის საერთო კულტურის გაძლიერება, რაც გულისხმობს მასწავლებლებს შორის თანამშრომლობას, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჩართვა და სხვა;
2. სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები წლების მანძილზე აკეთებენ მსგავს პროექტებს, ჩვენი აზრით, დროა გადავიდეთ ახალ ეტაპზე და ხელი შევუწყოთ თვისობრივად ბევრად უფრო მაღალი დონის პროექტების მომზადებას;
3. სკოლის ბაზაზე საკლუბო და საწრეო საქმიანობის ხელშეწყობა, რაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უქმნის სწავლისა და საზოგადოებრივი აქტოვობების მოტივაციას.
- ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის ელექტრონულ ბაზაში.რეგისტრაციისთვის აუცილებელია, პრეტენდენტმა საგრანტო განაცხადი წარადგინოს როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმით.
- რა ძირითადი კრიტერიუმებით მოხდება კონკურსანტების შერჩევა?
- ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია - გამოცდილება. ეს იმიტომ, რომ ვადები საკმაოდ მოკლეა და თუ ორგანზიაციას თუ კონკრეტულ პირს არ გააჩნია გამოცდილება, ასეთ მოკლე დროში გაუჭირდება ხარისხიანი პროდუქციის მომზადება.
- რა ვადებზეა საუბარი?
- საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განაცხადები მიიღება 21 ივლისამდე, ხოლო შერჩეული საგრანტო პროექტები უნდა განხორციელდეს 2017 წლის 21 აგვისტოდან 11 დეკემბრამდე.
- რომელი სკოლები ჩაერთვებიან ამ პროექტში?
- კონკრეტულ სკოლებს შეარჩევენ ის ორგანიზაციები და პირები, რომლებიც შემოიტანენ განაცხადს, ანუ, შესაძლოა ორგანიზაციას უკვე ჰქონდეს რომელიმე სკოლასთან მუშაობის გამოცდილება და შესაბამისად, თავისი ქსელური სკოლები შეარჩიოს. ამ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება საშუალო და დიდი კონტიგენტის მქონე სკოლებზე, რადგან მცირეკონტიგენტიანი სკოლები არ იძლევიან პროექტში დიდი რაოდენობის მოსწავლეთა ჩართვის საშუალებას.