საპატიმროდან გაქცევის ყველა ისტორია სწრაფად ემსგავსება ლეგენდას. რომანებსა და კინოფილმებში პატიმარი ყოველთვის უსამართლოდ ჩაგრულია, გაქცევა კი, აუცილებლად სამართლიანობის აღდგენად ითვლება და მართალია, მხატვრული ნაწარმოები თითქმის არასდროს ემთხვევა რეალობას, მაგრამ ყოფილი პატიმრები მაინც ხშირად იძენენ სახალხო გმირის პოპულარობას. ასე მოხდა ბილი ჰეისის შემთხვევაშიც, რომლის ისტორია ჯერ ავტობიოგრაფიულ რომანად იქცა, მერე კი, ოდნავ შეცვლილი, ალან პარკერის ფილმის სიუჟეტი გახდა.
თავისუფლების უდარდელი ეპოქა
1969 წელი, კალიფორნია. ნარკოტიკული თრობის, თავისუფლების და ბედნიერების ზაფხული ამერიკაში. 22 წლის ბილიმ უნივერსიტეტი ბოლო კურსზე მიატოვა, მამას კი, რომელიც არ ეთანხმებოდა შვილის გადაწყვეტილებას, წერილში აუხსნა, რომ მოგზაურობას, სამყაროს გაცნობას და გამოცდილების შეძენას გეგმავდა.
აღმოსავლური ზღაპრის ძიებაში, ამერიკელი ახალგაზრდები ყოველთვის ერთი მარშრუტით - "ჰიპების აბრეშუმის გზით" - თურქეთის, ირანის და პაკისტანის, ჭრელი ბაზრობებისა და ოპიუმის საიდუმლო კაფეების გავლით მოგზაურობდნენ. თუმცა,ზღაპარს თავისი ბნელი მხარეც ჰქონდა, რადგან ახალგაზრდების უმეტესობა ე.წ. "საგანმანათლებლო" მოგზაურობას აღმოსავლური ჰაშიშის დასავლეთში ტრანსპორტირებისთვის იყენებდა, მითუმეტეს, რომ თურქეთში 150 დოლარად ნაშოვნი ჰაშიში, ამერიკაში 3000 დოლარად იყიდებოდა, გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ლიბერალური სამყარო კი, ჯერ არ იცნობდა ავია-ტერორისტებს, გახმაურებულ ანტინარკოტიკულ ოპერაციებს და კოხტად ჩაცმულ, თვალებგაბრწყინებულ ახალგაზრდებსაც, საკმაოდ მარტივად გადაჰქონდათ ნარკოტიკები საზღვარზე.
პირველი წარმატება
პირველი თურქული ტურნესთვის ბილი საგულდაგულოდ ემზადებოდა, თუმცა სტამბოლში ჩასულს დიდი დრო არ დაუკარგავს. ადგილობრივი ტაქსის მძღოლი სწრაფად მიხვდა რას ეძებდა ახალგაზრდა ამერიკელი და პირველი მოგზაურობიდან ბილი ვითომ მოტეხილი ფეხით და თაბაშირის საფენებში ჩამალული ჰაშიშით დაბრუნდა. "საჩუქრებით" დატვირთულმა ჰეისმა მეგობრები აღაფრთოვანა, რადგან იმ პერიოდში მარიხუანას ხელოვნურ კულტივაციას არავინ მისდევდა, შავ ბაზარზე შეთავაზებული კი, რა თქმა უნდა, ვერ შეედრებოდა მის "აღმოსავლურ ტკბილეულს". პირველი წარმატებით გათამამებულმა ახალგაზრდამ მეორე "საგანმანათლებლო" მოგზაურობა მოაწყო და ჰაშიშის ფირფიტები ახლა უკვე ტანზე შემოიხვია წებოვანი ლენტით, განიერი სვიტერი გადაიცვა და ისევ გაუმართლა.
1970 წლის სექტემბერში ბილი მორიგ ტურნეში გაემგზავრა. სტამბოლში ყველაფერი ძველებურად დახვდა - ნაცნობი ტაქსის მძღოლი და მოგზაურთა დაუჯერებელი ისტორიები "პუდინგ-კაფეში", მსუბუქი ფლირტი შემთხვევით გოგონასთან და ღამის გასეირნება, მზიანი დილა და წებოვანი ლენტი წელზე, მსუბუქი შიში და იღბლიანი სვიტერი, ზერელე შემოწმება აეროპორტში და ბილი უკვე მოსაცდელ დარბაზშია.
საბედისწერო შეცდომა
რამდენიმე დღით ადრე მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა და პალესტინელებმა, რომლებმაც თვითმფრინავები გაიტაცეს და ააფეთქეს, მსოფლიოს აეროპორტებს უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება აიძულეს, თუმცა, ბილიმ არაფერი იცოდა, ავტობუსის ფანჯრიდან მხოლოდ შეიარაღებულ ჯარისკაცებს ხედავდა, რომლებიც მგზავრებს თვითმფრინავში ასვლამდე ჩხრეკდნენ და ნატრობდა, რომ მათ ავტობუსს კორდონის გვერდით ჩაევლო, მაგრამ არ გაუმართლა.
ავტობუსი ნელა მიუახლოვდა თვითმფრინავს, პირდაპირ ჯარისკაცების კორდონთან გაჩერდა და კარიც გაიღო. ჰეისმა ავტობუსში დამალვა გადაწყვიტა იმედით, რომ ვერავინ შეამჩნევდა და ისევ უკან დაბრუნდებოდა, თუმცა, მის გვერდით მოკალათებულმა მოხუცმა ქალბატონმა გამოიჩინა თავი და სკამის ქვეშ შემძვრალ ბილის, რომელიც ვითომ პასპორტს ეძებდა, მის პოვნაში დაეხმარა, "აი, თქვენი პასპორტი, ჯიბეში გქონიათ", - დედობრივი მზრუნველობით უთხრა ქალმა და ჰეისი იძულებული გახდა ავტობუსიდან ჩასულიყო.
ჯარისკაცები ყურედღებით ამოწმებდნენ მგზავრებს, ისინი, ვინც მსგავს თავგადასავლებს შეჩვეული არ იყვნენ უწესრიგოდ ირეოდნენ ერთ ადგილას. ბილიმ საერთო დაბნეულობით ისარგებლა და ჯარისკაცის ზურგს უკან გაძვრა, საქმიანად ჩაალაგა წინასწარ ამოღებული ნივთები ჩანთაში, ისე თითქოს უკვე გაიარა შემოწმება და ის-ის იყო ტრაპზე ასვლა დააპირა, რომ ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მხარში წაავლო ხელი, ზედმეტი ლაპარაკის გარეშე ჩამოართვა ჩანთა, ტანზე ხელის გასმით ზევიდან ქვევით შეამოწმა და თითქოს ვერაფერი შეამჩნია. ბილის მხოლოდ საოცრების იმედი ჰქონდა, თან საკუთარ თავს ჰპირდებოდა, რომ თუ ახლა გადარჩებოდა, მსგავს სიბრიყვეს აღარასდროს ჩაიდენდა. თუმცა, საოცრება არ მოხდა, ჯარისკაცმა ხელით მოსინჯა წელზე მიკრული ფირფიტები და ყვირილით: "ბომბი, ბომბი!" ჰეისს ავტომატი მიუშვირა.
უკანასკნელი საუზმე თავისუფლებაზე
პირველი შოკი სწრაფად შეიცვალა უსასრულო მოლოდინით დახუთულ, თამბაქოს ბოლით გაჟღენთილ ოთახში, სადაც ბილის ჯერ აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ეკითხებოდნენ ერთიდაიმავეს, მერე კი, უცნობი ამერიკელი გამოჩნდა, რომელმაც ხელი მოჰკიდა და გარეთ გაიყვანა. მამაკაცს ტეხასური აქცენტით, არც უცდია ბილის გადარჩენა, მხოლოდ სინანული გამოთქვა და ისევ სტამბოლში წაიყვანა დაკითხვაზე, სადაც ჰეისი პოლიციის აგენტებს ჰაშიშის მიმწოდებელს დაპატიმრებაში დახმარებას დაპირდა.
იხილეთ არაჩვეულებრივი ისტორიის სიუჟეტი "palitranews.ge" -ზე
მომზადებულია ფილმის სიუჟეტის მიხედვით
ნანა ჩხაიძე