"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ოფისთან განუცხადა, სადაც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია და "ქართული ოცნებიდან" დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება.
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პოლიტსაბჭოს წევრებმა პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის შესახებ იმსჯელეს.
როგორც სხდომის დაწყებამდე დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მმართველი პარტიის კანდიდატი უკონკურენტოა. კანდიდატს ოფიციალურად პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი მთაწმინდის პარკში წარადგენს.
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად პარტიის ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს, რომელსაც "ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები მართავენ. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულობენ და თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის კანდიდატურის დაყენებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის ოფიციალურად წარდგენის პარალელურად მთაწმინდის პარკში აქციას გამართავენ.