"აჭარის ფერები" - ასე ქვია ახალ, შთამბეჭდავ ვიდეორგოლს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით აჭარის პოპულარიზაციის მიზნით გადაიღეს. რგოლი სარეკლამო კომპანია JWT METRO-მ გადაიღო.
"თამამად შეიძლება ითქვას, მსგავსი კონცეფციის ვიდეორგოლი ქართული ტურისტული და ასევე სარეკლამო ბიზნესისთვის სრულიად ახალი პროდუქტია. კლიპში გადმოცემულია ტურისტების თვალით დანახული აჭარა. აჭარის ფერები - ეს არის ვიდეორგოლის სათაური. როგორც სათაური, ასევე შინაარსი და ვიზუალიზაცია, ზედმიწევნით ზუსტად ასახავს ჩვენი რეგიონის მრავალფეროვნებას" - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ამ ეტაპისთვის გადაღებულია ოთხი ვიდეორგოლი, რომელსაც 16 სამიზნე ქვეყანაში ნახავენ, როგორც ინტერნეტ და სოციალური მედიის საშუალებით, ასევე საერთაშორისო მედიით.
აღსანიშნავია რომ, დაარსების დღიდან პირველად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 2017 წლიდან მსოფლიოს 16 ქვეყანაში ახორციელებს სხვადასხვა ტიპის სარეკლამო აქტივობას.