ცაცია ადამიანების ზოგადი დახასიათება ასეთია: ჭარბობენ ცაცია მამაკაცები, ვიდრე ქალები. ხშირად, ტყუპიდან ერთ-ერთი ცაციაა, ცაციებს ძლიერი სიყვარული შეუძლიათ და მალე უყვარდებათ. მათთვის საყვარელი საკვები ხორცეულია. არიან მშვიდები, ცდილობენ, კარგად გამოიყურებოდნენ და განსაკუთრებული ჩაცმის სტილი აქვთ, ლიდერობა ახასიათებთ. არიან მშრომელები და ძლიერი ტვინი აქვთ. უყვართ ცხოველები, საუკეთესოები არიან სპორტსა და ხატვაში - ჩოგბურთის ვარსკვლავების 40% ცაციაა; მხატვრობაში კი ყველა ცნობილი და მსოფლიოში სახელგანთქმული მხატვარი რომ ცაციაა, ეს ცნობილი ფაქტია...
მსოფლიოში ცნობილი ცაციების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: არისტოტელე, ფრიდრიხ ნიცშე, ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონ ბონაპარტი, ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, პაბლო პიკასო, რაფაელი, რუბენსი, კამილ პისარო, ალბერტ აინშტაინი, ისააკ ნიუტონი, ივან პავლოვი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, სერგი რახმანინოვი, სერგი პროკოფიევი, ჰანს ქრისტიან ანდერსენი, ალექსანდრე პუშკინი, ლევ ტოლსტოი, მარკ ტვენი, ფრანც კაფკა, უინსტონ ჩერჩილი, ჩარლი ჩაპლინი, მერლინ მონრო, რობერტ დე ნირო, პოლ მაკარტნი, დიეგო არმანდო მარადონა, გარი კასპაროვი, მარტინა ნავრატილოვა, მაია პლისეცკაია, ჩარლი ჩაპლინი, მერლინ მონრო, რობერტ დე ნირო, ჯულია რობერტსი, ანჯელინა ჯოლი, ბრიუს უილისი, ოპრა უინფრი, ბილ გეიტსი, ბარაკ ობამა და კიდევ ბევრი...
ჩვენ თანამედროვეობის ორ ცნობილ ქართველ მხატვარს - გია ბუღაძესა და ზალიკო სულაკაურს ვესაუბრეთ, რომლებიც სწორედ ცაციები არიან.
- ბატონო გია, საბჭოთა კავშირის დროს სკოლებში ცაციები დაჩაგრულები იყვნენ, მათ მარცხენა ხელის გამოყენებას წერისა და ხატვისას უკრძალავდნენ. თქვენც გიზღუდავდნენ ამას?
- მშობლებისგან ასეთი აკრძალვა არასდროს მქონია, სკოლაში კი მაიძულებდნენ, მარჯვენა ხელით მეწერა. მოგეხსენებათ, კომუნისტების დროს ვსწავლობდი. ჩემმა პედაგოგმა, არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო, მაგრამ ასე გადაწყვიტა, რომ მარცხენა ხელს უკან, ზურგზე მადებინებდა და მაიძულებდა, მარჯვენით მეწერა. სკოლაში რომ შემიყვანეს, ხომ გეუბნებით, აწყვეტილი კომუნისტური პერიოდი იყო, მახსოვს, სამელნე და კალამი გვქონდა და იყო საგანი - სუფთა წერა. იმ გაკვეთილზე უფლება არ მქონდა, მარცხენით მეწერა...
მერე დედაჩემსაც დააჯერეს ეს ამბავი, რომ ასე უნდა ემოქმედა, - წერას და ხატვას მარჯვენა ხელით მაიძულებდნენ. დღეს კი, იმ წლების დამსახურებაა, რომ ორივე ხელს ვიყენებ, ფაქტობრივად, ორივე ხელით ვწერ, მაგრამ ის, რაც ჩემთვის ინტიმურია, რაც ჩემს სულში ხდება, ანუ ხატვისას, მარცხენა ხელით ვმუშაობ.
- ნამუშევრები, რაც შექმნილი გაქვთ, ცაციათია შესრულებული?
- დიახ, ფაქტია, რაც ხატვისას ფაქიზ ჩარევას ითხოვს, მარცხენით არის შესრულებული... მოკლედ, დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა, მთელი ჩემი ინტიმური პროცესი მარცხენა მხარით მიდის. ის კი არა, მაკრატელსაც კი, მარცხენა ხელით ვხმარობ, მარცხენაში ღონეც მეტი მაქვს, მაგალითად, ბავშვობაში ბიჭები რომ ვძიძგილაობდით, რატომღაც მარცხენა ხელს ვზოგავდი ხოლმე.
- ეს ალბათ იმიტომ, რომ ვინმესთვის გამეტებით არ დაგერყათ?
- არ ვიცი, ამდენად დახვეწილი ბავშვი ვიყავი თუ არა, მაგრამ ეს ინტიუტიურად ხდებოდა. ხელით გადაწევაშიც სტუდენტობისას რომ ვთამაშობდით, თან, სუსტი მკლავი არ მქონდა, მარცხენას ვზოგავდი. ახლაც ცოტა ვუფრთხილდები, ალბათ იმიტომ, ამ ხელმა ყველაზე მეტი სიამოვნება, სიხარულიც მომანიჭოს და თუნდაც, სარჩო-საბადებელიც მომიტანოს...
- კედლებზე მუშაობისას რა ხდებოდა?
- კედლებზე ახლაც ვმუშაობ და რა თქმა უნდა, მარცხენა ხელით. ისე შევაჩვიე ჩემი თავი, როცა დიდი ფორმატზე ვიწყებ მუშაობას, ორივე ხელით ვმუშაობ, რომ დავფარო სივრცე, რეალურად კი ყველაფერს მარცხენა ხელით ვაკეთებ. მერე ამ კედლებზე ხატვიდან გამომდინარე, მარცხენა მხრის ნერვიც დამიზიანდა. პროფესიული დაავდება მივიღე. ბოლოს ერთი დიდი ჭერი მოვხატე, მეშინოდა, რომ მუშაობისას ტკივილი არ ყოფილიყო აუტანელი, მაგრამ რაღაც ისე მოხდა, რომ არ შევუწუხებივარ.
ამასთან, ჩემმა მეგობრებმა სადგარი, ხელის ჩამოსაყრდნობი მომიწყვეს და პრაქტიკულად, წამოწოლილი ვხატავდი. ხელზე ნაკლები დატვირთვა მოდიოდა. სხვათა შორის, კაცობრიობის ყველაზე დიდი ხელოვანი მიქელანჯელო ორივე ხელს იყენებდა მაგალითად, ქვის თლისას, ან ფრესკაზე მუშაობისას. ფაქტობრივად, ორივე ხელი მონაწილეობდა, მთელი სხეული, მხრები, კიდურები. ასე რომ, მარცხენა ხელი განსაკუთრებულ შტრიხს ანიჭებს მის ბავშვობისდროინდელ ნახატებს. ეს კარგად ჩანს, იგივე ლეონარდოსთანაც. ბავშვობის პერიოდის ნახატებში, რომ შტრიხი მარცხენა ხელიდან არის გაკეთებული.
- ამას როგორ ხვდებით?
- შტრიხის მიმართულებით, საით მიმართავს თავს, როდესაც პროფილს აკეთებს. მუდმივი მცდელობაა, რომ თავი იყურებოდეს ქაღალდზე მარცხნიდან მარჯვნივ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამას ცაცია ხატავს. გარდა ამისა, თუ მის გრაფიკას ვუყურებთ, ყველა შტრიხი ჩარტყმული აქვს მარცხენა მხრიდან დახრილს. ეს მხოლოდ ჩემი დაკვირვება არ არის, სერიოზული დაკვირვების შედეგია.
- თქვენზე ხომ არ იმოქმედა იმან, რომ მარჯვენაზეც გადმოგრთეს და რაღაც სამუშაოების შესრულება მარჯვენითაც შეგიძლიათ?
- ვერ ვიმსჯელებ იმაზე, რა იქნებოდა და რა შევძელი და რა ვერა, რადგანაც ყველაფერი მაინც ვარაუდის დონეზე იქნებოდა, ალბათ რაღაც დააზიანა, მაგრამ ვფიქრობ, რომ დიდი ტვირთი მოაკლდა მარცხენა ხელს. ისიც ფაქტია, რომ რაციონალური ბალანსი დავიჭირე. თუმცა არ გამოვრიცხავ, გონების თვალსაზრისით, გარკვეული პრობლემები შექმნა. მარცხენა ხელით მომუშავე ადამიანებს გაძლიერებული აქვთ წარმოსახვები, წარმოდგენების უნარი, განზოგადების მიმართ მიდრეკილები არიან. გაცილებით რაციონალური მიდრეკლილებები აქვთ. ალბათ, მაინც მგონია, რომ ძალიან ცუდი რამ არ იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი ბედი იყო, დავბადებულიყავი საბჭოთა კავშირში...
საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობ თეორიის სფეროში. არ გამოვრიცხავ, რომ ამანაც ჩემში გარკვეული დაბალანსება გამოიწვია. თეორეტიკოსი ვარ, ლექციებს ვკითხულობ და არა მარტო, ჩემს სახელოვნებო ემოციურ მდგომარეობას ხატვით ავსახავ. მოკლედ, შეიძლება ორივე ხელის ამუშავებამ რაღაც დამაკლო, მაგრამ რაღაც სხვაც შემძინა. მაგრამ ჩემი შვილები რომ ყოფილიყვნენ ცაციები, მათ არავითარ შემთხვევაში არ ვაიძულებდი, მარჯვენა ხელის გაქტიურებას.
- ამერიკის ექსპრეზიდენტი ობამა ცაციაა, მაგრამ კალამი ხელში რაღაც სხვანაირად უჭირავს...
- კი, კალამი ცოტა უცნაურად კი უჭირავს, როცა რაღაცას ხელს აწერს, ანუ მისი ხელი ფურცლის ზემოდან მუშაობს, დიაგონალი რომ დაიცვას. ისე, ზოგადად მოუხერხებელია მარცხენით წერა, საპირისპირო მიმართულებით უნდა იმუშავო ფურცელზე, დისკომფორტს ქმნის...
ერთი პერიოდი ვვარჯიშობდი იმაში, ერთდროულად ორივე ხელით მეხატა - ამ შემთხვევაში თვლის საოცარი კონცენტრაციაა საჭირო და შეუძლებელი აღმოჩნდა, თვალი აქეთ-იქით დახტოდა და თავის აქეთ-იქით ტრიალმა დამღალა...
ზალიკო სულაკაური, მხატვარი:
- ზალიკო, სამყაროს მარცხენა ხელით რომ ხატავ, რა არის ეს შენთვის?
- (ჩვეული ენამახვილობით მპასუხობს) არაფერიც, ეს თქვენი ტელევიზორები აჩვენებს უკუღმა... ჩემთვის მარცხენა ხელით მუშაობა ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ, ეს არის ხალხში გამჯდარი აზრი, რომ ცაცია ვიყავი და გადამაჩვიეს, სახაზავი მირტყეს. მინდა, ყველას მივმართო და ვურჩიო, თავიდან ამოიგდოს ყველამ, ცაცია არ უნდა გადააჩვიოს. მიეცით შანსი, იყოს ცაცია და არ დაუმახინჯოთ ცხოვრება. შენ რომ გადაგაჩვიოს ვინმემ მარჯვენით წერას, როგორი იქნება?!
რეპინს დამბლა დაეცა და მარცხენით მოუწია ხატვამ და ისეთი აღარ იყო მისი ტილოები, როგორიც მანამდე, უხეში "მაზოკები" გამოუვიდა. ცნობილ ადამიანებში უამრავი ცაციაა, რომლებიც თავიანთ საქმეს შესანიშნავად უძღვებიან. ამიტომ, არ შეიძლება გადაჩვევა. ლეონარდო და ვინჩი იყო ცაცია და ამით ყველაფერია ნათქვამი. პირიქით, უნდა გიხაროდეთ, თუ შვილი ცაცია გყავთ...
- შენ შემთხვევაში ამას არავინ ეცადა?
- იყო შემთხვევა, ხელი ჯიბეში ჩამაყოფინეს და დაფაზე მარჯვენათი დაწერეო, - სკოლაში მასწავლებელმა მითხრა. გავრეკე. მერე მამაჩემი მასწავლებელთან მივიდა და მკაცრად უთხრა, რომ ამ ბავშვზე არ იყოს არანაირი ძალადობაო და ყველამ უკან დაიხია. ჩემი მშობლებისთვის პირიქით, სასიამოვნო მომენტი იყო, რომ ტყუპიდან (მე ხომ ტყუპისცალი ვარ), ერთი ცაცია ვიყავი. თუნდაც, ჩვენს გარჩევაშიც ეხმარებოდათ.
- მარჯვენა ხელს კარიკატურების ხატვისას ვერ იყენებ?
- მარჯვენა ხელს ვიყენებ მხოლოდ ჭიქის აწევის ამბავში, პირჯვრის გადაწერისას და ხელის ჩამორთმევისას. ეს გამოვიმუშავე. ერთხელ მარცხენა ხელი მოვიტეხე და მარჯვენით რაღაცები დავხატე, მაგრამ დავიტანჯე, კიდევ კარგი მომხსნეს თაბაშირი და გადავრჩი.
***
წლების წინ ცაციობა პათოლოგიად, გადახრად, ნაკლად აღიქმებოდა და ასეთი ადამიანების გამოსწორებას ცდილობდნენ, რომ მათ საქმიანობისას უმეტესად მარჯვენა ხელი გამოეყენებინათ. არადა, ცაციობა ადამიანის ნორმალური განვითარების ფორმაა. თუ რომელ ხელს ვიყენებთ უკეთესად, ამას არა ჩვენი სურვილები, არამედ თავის ტვინის მუშაობის თავისებურება განსაზღვრავს.
გენეტიკური თეორიების თანახმად, ხელის უპირატესობა დაკავშირებულია მემკვიდრეობით ფაქტორთან. ბავშვების 50% გვევლინება ცაციად, თუ ორივე მშობელი ცაციაა, ხოლო - 16,7%, თუ ერთი მშობელი მაინც არის ცაცია, 6,3% იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ცაციობა არ გვხვდება.
4-5 წლის ასაკიდან შეიძლება ვილაპარაკოთ, ბავშვი მემარჯვენეა თუ ცაცია. 4 წლამდე ხშირია ხელის უპირატესობის ცვლა ან ორივე ხელის აქტიურად გამოყენება. თუმცა, ასევე შეიძლება ბავშვი ორივე ხელს ერთნაირად იყენებდეს.
ამიტომ სპეციალისტები მშობლებს სწავლებისას ურჩევენ, რომ სწორად ეჭიროს ფანქარი, კალამი, წერის სწავლისას, აუცილებელია ნებისმიერი მოქმედება იმ ხელით განახორციელოს, რომელიც მისთვის წამყვანია.
ღირს თუ არა ცაციების გადაჩვევა? სპეციალისტების, ფსიქოლოგების პასუხი ასეთია, - რომ ეს არასდროს გააკეთონ, რადგანაც ცაციების ძალდატანებით გადაჩვევა, ზემოქმედებას ახდენს ბავშვის განვითარებასა და ჯანმრთელობაზე. ამასთან, ისეთ უარყოფით შედეგებთან მივყავართ, როგორიცაა: აღგზნებადობა და გაღიზიანება, ადვილად დაღლა, შიში, ძილის დარღვევა, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი, მარჯვენა ხელში დაღლის განცდა, მუშაობის უნარის დაქვეითება, ენაბლუობა, აკვიატებული მოძრაობები... ამიტომ ხელი უნდა შეუწყოთ მარცხენა ხელის გამოყენებაში, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ, დარჩნენ ჯანმრთელები და ფსიქიკურად ჯანსაღები.
P.S სხვათა შორის, ცაციების საერთაშორისო დღეც არსებობს და 13 აგვისტოს აღინიშნება.
ლალი ფაცია