20 აპრილიდან დღემდე, 20 აპრილიდან დღემდე, თბილისში გარემოს დაბინძურებისთვის "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორების მიერ 926 პირი დაჯარიმდა, მათგან 384 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" "თბილსერვის ჯგუფიდან" გამოითხოვა.
"თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეითმა ინსპექტორებმა 20 აპრილიდან დღემდე გარემოს დაბინძურებისთვის 926 საჯარიმო ოქმი შეადგინეს, საერთო თანხით - 106 820 ლარი. 926 სამართალდამრღვევი პირიდან 384 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა სახის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის დაჯარიმებულია 882 ფიზიკური და 44 იურიდიული პირი.
ქვეითი ინსპექტორების მიერ საჯარიმო ოქმების ძირითადი ნაწილი საყოფაცხოვრებო ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზეა შედგენილი, ხოლო სამშენებლო ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ქვეითმა ინსპექტორებმა 15 საჯარიმო ოქმი შეადგინეს.
"თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში 2017 წლის 3 აპრილიდან გამოჩნდნენ. პირველი ორი კვირის განმავლობაში მათ გამოჩენას ინფორმაციული სახე ჰქონდა, ხოლო "ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქვეითმა ინსპექტორებმა საჯარიმო ოქმების შედგენა 20 აპრილიდან დაიწყეს.
ამასთან, ქვეითი ინსპექტორების გარდა, "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით პერმანენტულ ინსპექტირებას ეკიპაჟების სახითაც ახორციელებს.
2017 წლის მონაცემებით, მათ მიერ შედგენილია 387 საჯარიმო ოქმი, საერთო თანხით - 274 710 ლარი, აქედან სამშენებლო ნარჩენზე შედგენილია 306 ოქმი (242 300ლარი); მუნიციპალური სახის ნარჩენზე 70 ოქმი (27 510ლარი); სახიფათო ნარჩენზე 3 ოქმი (2 400ლარი); ნარჩენის ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვისთვის კი 8 ოქმი ( 2 500ლ).
ქვეითი ინსპექტორების მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირები ძირითადად, ხალხმრავალ და ტურისტულ ზონებში, ასევე ბაღებსა და სკვერებში ვლინდება; სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურების ფაქტები კი, მთელი თბილისის მასშტაბით ფიქსირდება.