"კომედი შოუს" მსახიობ გიორგი გოცირიძის ცხოვრება ერთ წლის წინ რადიკალურად შეიცვალა. გასული წლის 27 აპრილს ის ავტოავარიაში მოყვა და სიკვდილს თვალებში ჩახედა. ერთი წლის განმავლობაში 10 ოპერაცია დასჭირდა, აქედან 8 ოპერაცია საქართველოში გაიკეთა, 2 - თურქეთში. თურქმა ქირურგმა კიდურებზე ურთულესი ოპერაციები გაუკეთა, ძვლები აღუდგინა, გაუსწორა და ფეხზე დააყენა.
გიორგიმ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა, სიარული თავიდან ისწავლა, ახლახან კი ეკრანზე ეტლის გარეშე გამოჩნდა.
- გიორგი, გილოცავთ, ასე კარგად რომ ჩაიარა ყველაფერმა. ავარიის შემდეგ პირველად გხედავთ ასეთ კარგ მდგომარეობაში...
- მადლობა! მგონი, როგორც იქნა, ფინალში გავედი. ყველაფერი დავამთავრე. ცუდი უკან დავტოვე, სიარული დავიწყე. მხოლოდ მასაჟების კურსი დამრჩა, რომ კუნთები მოვაძლიერო. ახლა ცალი ჯოხით დავდივარ, მაგრამ მასაჟების შემდეგ ამასაც გადავაგდებ. თურქეთში ჩემს დაბადების დღეს, 28 თებერვალს გავფრინდი. იქ მითხრეს, რომ ოპერაციიდან ზუსტად 3 თვეში სრულყოფილად შევძლებდი სიარულს და ასეც არის. იმ ადამიანს, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა, სასწაულმოქმედი შევარქვი. 2 კვირის წინ იყო აქ ჩამოსული და, რომ მნახა, მითხრა, აღარ დავინახო, ყავარჯნები გეჭიროსო და პირველად მან გამატარა. აქ ისეთი ოპერაცია გააკეთა, რომელიც საქართველოში ჯერ არ გაკეთებულა. გოგონას ფეხი 20 სანტიმეტრით დაუგრძელა.
- ქართველი ექიმების შეცდომის გამო ხომ არ გაგირთულდათ მდგომარეობა, რატომ დაგჭირდათ თურქეთში ოპერაცია. რა გითხრათ თქვენმა ქირურგმა?
- როცა მნახა, შეწუხდა... ოპერაცია არასწორად არის გაკეთებულიო. ფიქსატორები მედგა ფეხში და მკითხა, ამას თუ იცვლიო. 9 თვეა მიკეთია-მეთქი, რომ ვუთხარი, გადაირია. მაქსიმუმი 2 თვეში უნდა შეიცვალოსო. ერთ ფეხზე უკვე ინფექცია იყო წასული, მეორეზე იწყებოდა. ფეხში რა რკინებიც მქონდა, ყველაფერი ამომიღეს, ფეხს დეფორმაცია ჰქონდა მიღებული და გამისწორეს. პირველი ოპერაცია თურქეთში ჩაფრენიდან მეორე დღეს გამიკეთეს, მეორე ფეხზე კი - 10 დღეში. ერთი თვე მომიწია დარჩენა, იქ გავიარე რეაბილიტაცია.
- ეს ოპერაცია რომ არ გაგეკეთებინათ, რისი საშიშროება არსებობდა?
- ყველაზე მთავარი საშიშროება იყო, რომ სულ ეტლში ჩამჯდარი დავრჩებოდი, ვერ გავივლიდი. ძვალი იმდენა იყო დეფორმირებული, ცალი ფეხი დამოკლებული მქონდა, ყველაფერი მილიმეტრებში გაასწორეს.
- ახლა რა მანძილზე გადაადგილდებით დამოუკიდებლად?
- მითხრეს, რაც შეიძლება ბევრი იარეო. ეს კუნთებისთვის, ძვლის შეხორცებისთვის კარგია, ამიტომ საკმაოდ ბევრს დავდივარ, კუს ტბას სიარულით წრეს 3-ჯერ ვურტყამ. ნელ-ნელა მოვუმატებ, ძუნძულსაც დავიწყებ, სარბენ ბილიკზეც გადავალ და უფრო ჯანზე მოვალ. ცოტა ხანში აუზზეც ვივლი.
- როგორც ვიცი, საცხოვრებლად ცალკე გადახვედით. ამ მდგომარეობაში ასე რატომ მოიქეცით?
- მინდოდა, ჩემთვის, დამოუკიდებლად მეცხოვრა. ყველაფერს ვახერხებ, გამომდის, ცოტა ხანი ჩემს თავთანაც მინდოდა განმარტოება. ჩემებთანაც ვარ, სულ მიდი-მოდიან, ასე მერჩივნა.
- მშობლებმა როგორ მიიღექს თქვენი ეს გადაწყვეტილება?
- მტკივნეულად, არაფრით მთანხმდებოდნენ, შანსი არაა, ამ მდგომარეობაში არ გაგიშვებთ, ჩვენთან იყავიო, მაგრამ დავიჟინე და წამოვედი. დედაჩემს ახლაც უჭირს, მაგრამ ეგუება.
- არავინ გეხმარებათ საოჯახო საქმეების კეთებაში?
- ჩემი და მეხმარება, ის ყოველთვის ყველაფერში მეხმარება. ის რომ არ მყავდეს, ახლა როგორც ვარ, ისე ვერ ვიქნებოდი, ანი ჩემთვის ყველაფერია.
ეკა ლემონჯავა
ჟურნალი "სარკე"