პარლამენტში რამდენიმე თვის განმავლობაში მსჯელობდნენ კანონპროექტზე, რომელიც ხმაურის შეზღუდვას ეხება.
საკანონმდებლო ორგანოში ამბობენ, რომ კანონპროექტი ძალაში 15 აგვისტოდან შევა და დაჯარიმების მექანიზმიც ამ დროიდან ამოქმედდება. პროექტის მიხედვით, მოქალაქეებს ხმაურისთვის თავდაპირველად გააფრთხილებენ, ხოლო მისი განმეორების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს 150 ლარით დააჯარიმებენ, ხოლო იურიდიულ პირებს - 500 ლარით. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი - 300 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 1000 ლარით. კანონპროექტში არ არის განსაზღვრული ხმაურის დონეები, მაგრამ აღნიშნულია, რომ მთავრობამ 1 ივლისამდე უნდა მიიღოს რეგლამენტი ხმაურის დონის შესახებ.
ევროკავშირის ქვეყნებში ხმაურის ზღვრული დონე ასეა განსაზღვრული: საფრანგეთი - 62 დეციბალი, გერმანია - 49 დეციბალი, ნიდერლანდები - 40 დეციბალი, ფინეთი - 46 დეციბალი, შვედეთი - 51 დეციბალი, ლატვია - 40 დეციბალი.
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის თქმით, კანონპროექტი ძალაში აუცილებლად უნდა შევიდეს, მაგრამ მთავრობამ გარკვეული ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინოს.
"ზედმეტი ხმაურის აკრძალვა ყველა ქვეყანაშია მიღებული და ამის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ უნდა გამოიყოს ტურისტული ზონები, სადაც დამსვენებელებს გართობისთვის უფრო მეტი დრო ექნებათ. მაგალითად, ავიღოთ შარდენის ქუჩა, სადაც ღამის საათებში ყოველთვის ხალხმრავლობაა. ასეთ ადგილებში მუსიკა და ხმაური რამდენიმე საათით მეტ ხანს უნდა იყოს დაშვებული, ვიდრე სხვაგან. ბუნებრივია, ხმაურის შეზღუდვა ტურისტულ წერტილებს ხელს შეუშლის, რადგან იქ ხალხი საღამოს 8-9 საათის შემდეგ იკრიბება და მათთვის სასიამოვნო სულაც არ იქნება მუსიკის აკრძალვა. უნდა გავითვალისწინოთ ასეთ ადგილას მცხოვრები ხალხის ინტერესებიც და ისიც, რომ მოსახლეობის 80% იქვეა დასაქმებული და ამ ბიზნესის წყალობით შოულობს საარსებო წყაროს", - აღნიშნავს შალვა ალავერდაშვილი.