"გზის" #24-ში შემოგთავაზეთ მარიამ ქუთელიას დის, ლიკას გულის ამაჩუყებელი მოგონებები დაზე, სადაც ისიც აღვნიშნეთ, რომ მარიამი ჩანახატებს აკეთებდა, ლექსებს წერდა... სტატიის ბოლოს კი დაგპირდით, რომ მის რამდენიმე ჩანახატს გამოვაქვეყნებდით...
თვითმკვლელი ბუშტები
"იმ დღეს ვცადე შენგან ცარიელი ოთახი ფერადი ბუშტებით ამევსო... ბოლოს ისე იყო, ჩემი სასუნთქი ჰაერი აღარ დარჩა. მე და ფერადი ბუშტები მთლიანად ვავსებდით სივრცის იმ პატარა ნაწილს, რომელსაც სამართლიანად ჰქვია "ჩემი ოთახი". ოთახში ვეტეოდით მხოლოდ ჩვენ, ჰაერი კი იყო იმდენად ცოტა, რომ მე უკვე მიჭირდა სუნთქვა.
ამბოხი დაიწყო სადღაც მარჯვენა ზედა კუთხიდან. ბუშტები ერთმანეთის მიყოლებით სწირავდნენ თავს და მითმობდნენ ჩემს წილ სასუნთქს.
არ მახსოვს, როდის დავხუჭე თვალები და ორივე ხელისგულით როგორ დავიგმანე ყურები, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, როგორ გავახილე თვალები, ძალიან ფრთხილად და როგორ მოვაშორე მიჭყლეტილ ყურებს ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა ხელისგული, როგორ დავტრიალდი და რა სიფრთხილით შევათვალიერე მთელი ოთახი. უფრო მეტიც, ჩემი კედლის გახუნებული ორნამენტიც კი მახსოვს, ბუშტის ნაცვლად რომ დავინახე, თვალების გახელისთანავე.
ოთახში ვსუნთქავდით მხოლოდ ორნი: მე და ერთიც, მწვანე ბუშტი და ჰაერიც საკმარისზე მეტი გვქონდა. ბუშტი ეგდო ახლოს. მახსოვს, როგორ დავეშვი იატაკზე, რომელიც თვითმკვლელი ბუშტებით მოფენილი, ძალიან ჰგავდა ფოვიზმის შედევრს. მახსოვს, მწვანე ბუშტი ორივე ხელით ფრთხილად დავიდე მუხლზე და თავი დავაბჯინე. ოთახში ვსუნთქავდით ჩვენ ორნი... ბოლოს - მარტო მე. ბუშტი ამჯერად უფრო ეფინა მუხლზე, ვიდრე იდო... ის იყო ოდნავ მუქი და აღარ სუნთქავდა.
სივრცის ამ პატარა ადგილს ჰქვია "ჩემი ოთახი" და მისი შუაგულიდან ყველა ნივთამდე მანძილი ორი-სამი ნაბიჯით იზომება. პირველი ორი ნაბიჯით ვცადე თვითმკვლელების შებრალება და ბილიკის გაკვალვა მოვინდომე. დანარჩენი ორით - დაუდევრად გადავთელე. უჯრაში ვიპოვე ძაფი, ძაფი იყო თეთრი. მწვანე ბუშტი მარცხენა ხელისგულში მყავდა მომწყვდეული. ძაფი ყულფად გამოვდე.
ცოტაც და ბუშტი ჭაღზე კონწიალობდა, ოთახი ჰგავდა ნაომარს. ერთი... ორი... სამი... მივაღწიე კარამდე, გავედი, გადავრაზე".
2010 წელი
ახლა მოდაშია ჟალუზები
"ახლა მოდაშია ჟალუზები - ყველამ მოვირგეთ. გარედან ჩვენივე სახლებს ვგავართ - დიდი მონდომებით, დილაობით, ზოგჯერ საღამოსაც ვაპრიალებთ მინებს, რაფებს ვაწესრიგებთ. მე შავ ფანქარს ვხმარობ, თქვენ - ცისფერი ტენიც გიხდებათ ალბათ, ზოგჯერ იმდენადაც კი, შეიძლება, ვიღაცის სახლი აგეკიდოთ ავტობუსით მგზავრობისას ან ბოლო გაჩერებაზე ჩასულმა, თქვენზე ფიქრი ჩაიყოლოს თან.
ჩვენ, უნივერსალურ და მაინც ერთნაირ სახლებს, ფიქრიც კი შეგვიძლია. ახლა მოდაშია ჟალუზები. თუ ჩვენს ოთახებში ბუხარი გიზგიზებს, გვეშინია, სხვამ არ იგრძნოს და სასწრაფოდ ვკეტავთ მათ, დახელოვნებულები - ერთი ჩაფიქრებით, უმოძრაოდ. ის სხვაც, არ გეგონოთ, თქვენს ფანჯარასთან იყოს ატუზული: მისი ჟალუზებიც წესრიგშია, თვითონ კი რაღაცნაირად დაწრიალებს შიგნით...
დღეს მეტროთი ვიმგზავრეთ ჩვენ, სახლებმა, ერთად. მოხუცმა ქალმა მინდვრის ყვავილები ჩამოატარა... თქვენ ჟალუზებით მგზავრობთ, მე კი ამ დილით, მზემ რომ სხივი შემოჰყო, გასანიავებლად გადავწიე და გადამავიწყდა.
თქვენ ჟალუზებით მგზავრობთ. თქვენმა შავ-ცისფერტენიანმა ფანჯრებმა აირეკლეს მინდვრის ფერები. მე ვერ შევძელი, - ღია დამრჩა-მეთქი! სახიფათოა! ყვავილებმა თვითონ იპოვეს ადგილი სახლის შუაგულში, თავები წაიგრძელეს, სადღაც მზე დალანდეს ფანჯრებს მიღმა და გამოჰყვეს თავები.
ახლა მოდაშია ჟალუზები და თქვენ, როცა ვაგონები დაიცალა, გაჰყევით დაგმანულ სახლებს. მე, ჩემი ფანჯრებდაღებული, ყვავილებით სავსე ოთახით მოვდიოდი თქვენ გვერდით და ვერ ამჩნევდით... ახლა ხომ მოდაშია ჟალუზები და არც მის მიღმა და არც გამოღმა არაფერი ჩანს, თუ უეცრად ფიქრი არ აგისხლტათ ღილაკზე და ღია ფანჯრებიდან არ გამოიხედეთ..."
2010 წელი
და გაფრინდა...
"ერთ პატარა გალერეაში იმ დღეს სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. ფანქრით შესრულებული ნამუშევრების ჩათვალიერებით ბოლო კედელსაც რომ მივაღწიე, აღმოვაჩინე, რომ ჩემი თანმხლები, სულითადი მეგობარი მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთი პატარა ნახატის წინ იდგა. როგორც ჩანს, მას უკვე გასვლოდა პირველად ნახვის აღტაცება და ჩასაფრებული ელოდა ჩემს რეაქციას. სულითადები ერთმანეთს შიგნიდან გარეთაც ცნობენ, თორემ სხვისთვის რომ გეკითხათ, აქ გამოსახული ფრთიანი არსება უმცროსკლასელის მცდელობის შედეგს უფრო ჰგავდა, გადმოეხატა ფერია ბოლოს წაკითხული ზღაპრიდან... მარტივად და გენიალურად შესრულებულ, თამამად შემიძლია ვთქვა - შედევრს, რაც მთავარია, ახლდა წარწერა. ნახატს ერქვა: "და გაფრინდა".
არ გამოგეპაროთ, არა უბრალოდ "გაფრინდა", არამედ, ზუუსტად ასე: "და გაფრინდა".
ჩემი აღტაცების აქ გადმოცემას არ შევეცდები, მით უმეტეს, რომ ის ნახატი ჩემამდე და ჩემ შემდეგაც ბევრმა ნახა და მოიწონა. თუმცა, უმეტესობამ ალბათ, უკვე დაივიწყა კიდეც, მე და ჩემს სულითადს კი დიდხანს გვემახსოვრება!.. განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე